სულ ცოტა დრო რჩება ახალი წლის დადგომამდე. ბევრი ადამიანის ცხოვრებაში წელიწადის ამ დღეს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. გრიგორიანული კალენდრის მიხედვით ახალი წელი პირველ იანვარს აღინიშნება. საქართველოში ოდითგანვე ჩამოყალიბდა ტრადიციები, რომლებსაც დღემდე ინარჩუნებენ. აღსანიშნავია, რომ ახალ წელს საქართველოს რეგიონებში განსხვავებული სახელწოდებაც აქვს. ჩვენ დღეს გესაუბრებით, იმ მახასიათებლებზე, რომლებსაც საქართველოს სხვადასხვა კუთხის მაცხოვრებლები ასრულებენ ახალი წლის დადგომისას.
იმერეთი – ეს კუთხე გამორჩეული თავისი განსაკუთრებული კერძებით, რომლებსაც ოჯახები ახალი წლისთვის ამზადებენ. იმერული სუფრისთვის დამახასიათებელია ორიგინალურად დამუშავებული ხორცი. მეკვლის მოსვლამდე ოჯახის უფროსი ხორაგით სავსე ხონჩით სამჯერ წაღმა შემოუვლის სახლს და უფალს გამრავლებას, ჯანმრთელობას, ხვავს და ბარაქა შესთხოვს. ხონჩაზე ღორის თავი, მწვადი, მოხარშული დედალი, ხაჭაპური, ლობიანი, ღერღილის პური და ტკბილი კვერები ულაგიათ.
სამეგრელო – ამ კუთხეში ახალ წელს ,,კალანდობას’’ უწოდებენ და თოფების სროლით ეგებებიან. დამახასიათებელი ატრიბუტია ჩიჩილაკი, რომელსაც სათამაშოებით რთავენ. მის სიახლოვეს აუცილებლად ალაგებენ ხილს, ტკბილეულს, მოხარშულ გოგრას. ახალი წლის აღნიშვნის რიტუალს რაც შეეხება, ოჯახის უხუცესი დილაადრიან გარეთ გადის ღომის მარცვლიანი ჯამით, რომელზეც კვერცხი დევს და ახალ წელს ულოცავს ადამიანებს. აღსანიშნავია, რომ სამეგრელოში მეკვლეს წინასწარ დიდი დაკვირვების შედეგად ირჩევენ.
გურია – სამეგრელოს მსაგვსად ამ კუთხეშიც ახალი წელი კალანდობის სახელით მოიხსენიება. გურიაში ახალი წლისთვის აუცილებლად იკვლება ღორი და ცხვება კვერები ყველითა და კვერცხით. ჩიჩილაკი აქაც ერთ – ერთი მნიშნველოვანი სიმბოლოა. ხშირად ჩიჩილაკს „ბასილას წვერსაც“ უწოდებენ. ჩიჩილაკს ნათლისღების დღესასწაულამდე წვავდნენ და გასული წლის უსიამოვნებებს ატანდნენ. ახალი წლის დილას მამაკაცები მარანში ჩადიან, სადაც ღორის თავი და სანოვაგე ჩააქვთ. შემდეგ შედიან სახლში, სადაც ქვეყანას და ოჯახს ლოცავენ. გურიაში ახალი წლის პერიოდში მეალილოეები დადიან, რომლებიც ტკბილეულს აგროვებენ.
რაჭა – ახალ წელს განსაკუთრებულად აღნიშნავენ რაჭაში. საახალწლოდ აქ ორ ბაჭულს აცხობენ, ერთს ახალი წლისთვის, მეორეს კი ძველი წლისთვის. დიასახლისები აუცილებლად აცხობენ ადამიანის სახის „კაც-ბასილას“ და ერთ დიდ პურს „კერია-ბერია“-ს, რომელსაც სხვადასხვა სახეებით აჭრელებენ.
მეკვლე ოჯახს პირველი მიულოცავს ახალი წლის დადგომას ღვინის დოქით, მოხარშული ლორით, შემწვარი წიწილით, ვაშლში ჩამაგრებული ხურდა ფულით, ჩიჩილაკითა და სანთლით ხელში. დალოცავს ოჯახს, საბძელს, ნალიას, მერე კი იწყება ლხინი.
ხევსურეთი – ხევსურები ახალ წელს „წელწადს“ უწოდებენ და მას დიდი სამზადისით ეგებებიან. ოჯახებში საახალწლო არაყს ხდიან, ხატში დასტურები (ხატის მზარეული) ლუდს ხარშავენ. დიასახლისი საახალწლო კვერებს აცხობს. ყველაზე დიდი სამეკვლეო კვერია, რომელზედაც გამოსახულია ჯვარი, კაცი, სახნისი, ხარი, ძროხა, ცხენი, ქერის თავთავი და სხვა. სამეკვლეო კვერს გამოცხობის დროს უცქერიან და, რომელი გამოსახულებაც აიწევს, იმ წელიწადს ის იქნება მრავალი და დოვლათიანი. შემდეგ დიასახლისი ოჯახის ყველა წევრისათვის აცხობს ბედის კვერებს, თითოეულს თავისი ნიშანი აზის და გამოცხობის დროს, ვისიც აფუვდება, ის ბედიანი და ყისმათიანი იქნება. ახალ წელს მამაკაცები ხატში იკრიბებიან და აქ ხატის დარბაზში დროს სმასა და მოლხენაში ატარებენ.
სვანეთი – სვანეთში ახალი წლის ღამეს მაცხოვრებლები სხვადასხვა სანოვაგეს გიდელში (წნელისა და ტკეჩისაგან მოწნული უყურო, მოგრძო ჭურჭელი) ალაგებენ და სახლის გასავალ კარებზე კიდებენ, რომ მეკვლეს მზად დახვდეს. მეკვლე სახლში შესვლისას კერას სამჯერ შემოუვლის, დიდ ჯვარიან პურზე დააწყობს ტკბილეულს და ვერცხლის ფულებს, უფროს-უმცროსობით ყველას დაუვლის და დღესასწაულს ულოცავს.
ქართლ – კახეთი – ამ კუთხეებში ახალი წლისთვის ჩამიჩიან პურებს, იგივე ნაზუქებს აცხობენ. ოჯახის ყოველს წევრს თითო ჩამიჩიანი პური უნდა შეხვდეს. ახალი წლის ღამეს ყველა თავის ჩამიჩიან პურს ტეხავს. ახალი წლის ღამეს ჩურჩხელებს, ჩირს, ღორის თავს ჩამიჩიან პურებთან ერთად ხახალაზე აწყობენ და თან არაყსა და ღვინოსაც მიუდგამენ გვერდით. გამთენიისას ოჯახის უფროსი გარეთ გადის და სახლს სამჯერ შემოუვლის. შინ შემობრუნებისას კი ოჯახის წევრებს ახალ წელს ულოცავს და საგანგებოდ მომზადებული ჯამიდან ყველას თითო ლუკმა პურს უდებს პირში.
აჭარა – აჭარაში საახალწლო სუფრის აუცილებელი ატრიბუტია აჩმა და ბაქლავა. მარცვლეული და განსაკუთრებით ხორბალი მთელ საქართველოში ნაყოფიერებისა და ბარაქის სიმბოლოდ ითვლება, ამიტომ აჭარაშიც ბარაქის მოსატანად ოთახის ყველა კუთხეში მარცვლეულს ყრიან და თან ილოცებიან.
ავტორი: თაკო ღლონტი