ამქვეყნად ერთ-ერთი ყველაზე სასიამოვნო და სასარგებლო რამ, ალბათ საინტერესო ადამიანებთან ურთიერთობაა. ადამიანს უსმენ და ხვდები, რომ მისგან ისეთ აზრს მოისმენ, რომელიც არასოდეს გაგიგია. ეს აზრი კი ნამდვილად არ იქნება უსაფუძვლო, რადგან იცი, რომ მის უკან გამოცდილება, განათელბა, ინტელექტი იმალება… ყოველთვის ცდილობ საინტერესო ადამინთან საუბრისას მისი ნათქვამი ყოველი სიტყვა „დაიჭირო,“ გაიაზრო და შენთიისვე სასარგებლოდ გამოიყენო. ერთ-ერთი გზა ჩვენი განვითარებისა, სწორედ ასეთ ადამიანებთან ურთიერთობაა. სწორედ მათთან შეხვედრის შემდეგ ვიწყებთ განსხვავებულად ფიქრს, ვუყურებთ საგნებსა და მოვლენებს ისე, როგორც მანამდე არასოდეს შეგვიხედავს. მუდამ მაკვირვებს ასეთი ადამიანების აზრებისა და შეხედულებების სიღრმავე. მე ბედნიერ ვარ, რომ ჩემს არც თუ ისე ხანგრძლივ ცხოვრებაში, ასეთ ადამიანებთან ურთიერთობის საშუალება მქონდა, მაქვს და კიდევ მექნება. მათთან ურთიერთობის შემდეგ ძალიან ბევრი რამ მისწავლია და გამომისწორებია. „თბილისი თაიმსი“ ამჯერად სწორედ ერთ-ერთი ასეთ ადამიანს – ალექსანდრე ჯეჯელავას ესაუბრა. თქვენ ინტერვიუდან გარდა მისი ბიოგრაფიული მონაცემებისა, გაიგებთ მის მოსაზრებას სხვადასხვა თემაზე, რაც ცხოვრებაში ძალიან გამოგადგებათ.
მოგვიყევით თქვენი ბიოგრაფია მოკლედ?
– დავიბადე 1973 წელს. ვსწავლობდი პირველ ექსპერიმენტულ სკოლაში, შემდეგ – კომაროვში, რომელიც 1990 წელს წარჩინების ოქროს მედლით დავამთავრე. იმავე წელს ჩავაბარე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამოყენებითი მათემატიკის ფაკულტეტზე, რომელიც დავამთვარე 1995 წელს. 1991 წელს მუშაობა დავიწყე კომპიუტერულ კომპანია „კომპი–ში“, 1993 წელს გადავედი საქართველოს ეროვნულ ბანკში, სადაც 2000 წლამდე ვიმუშავე საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებით. ეროვნული ბანკის შემდეგ „ინტელექტ ბანკში“ ვიმუშავე ორი წელი ჯერ IT-ს უფროსად, შემდეგ გენერალური დირექტორის მოადგილედ. ამ ბანკში პირველად ჩამბარდა მარკეტინგი, PR და კიდევ რამდენიმე სტრატეგიული პროექტი. 2002 წელს შევუერთდი კომპიუტერული კომპანია „UGT“-ს გუნდს ტექნიკური დირექტორის როლში და შემდგომ წლებში რამდენიმეჯერ შევიცვალე საქმიანობის მიმართულება. 2007 წელს გადავწყვიტე, რომ თავისუფალი (freelance) პროექტის მენეჯერობისკენ წავსულიყავი და ერთი დამსაქმებლისთვის აღარ მემუშავა. მქონდა რამოდენიმე პროექტი ყირგიზეთში, სასომხეთში, საქართველოში. ერთ–ერთი ყველაზე მსხვილი პროექტი „თიბისი“ ბანკში იყო. 2008 წელს შემომთავაზეს „თიბისი“ ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილის თანამდებობამ ჯერ IT მიმართულებით, ხოლო 2010 წლიდან, დამატებით, HR მიმართულებით. 2010 წლის ბოლოს მე და ჩემმა პარტნიორებმა დავაფუძნეთ „მართვის აკადემია,“ რომელიც დღემდე ჩემი ძირითადი სამსახურია.
რას ემსახურება „მართვის აკდემია“?
– „მართვის აკადემია“ არის ტრენინგ-ცენტრი მოქმედი მენეჯერეთათვის. ჩვენ არ ვასწავლით სტუდენტებს, სამსახურის მაძიებლებს, რიგითებს არამედ მხოლოდ მოქმედ მენეჯერებს ვამზადებთ. ამიტომ, ტრენინგები ეხება მოქმედი მენეჯერებისთვის აქტუალურ თემებს, როგორიცაა: ზოგადი მენეჯმენტი, პროექტების მართვა, IT მენეჯმენტი, ადამიანური რესურსის მართვა, მოლაპარაკება, გაყიდვების და სერვისის მართვა და ა.შ. მე და ჩემმა პარტნიორებმა „მართვის აკადემია„ შევქმენით არა როგორც ბიზნესი, არამედ როგორც იდეის (მისიის) მომსახურე დაწესებულება. იდეა კი ძალიან მარტივია, მაგრამ მნიშვნელოვანია – ჩვენ გვინდა, რომ საქართველოში კომერციულ, სახელმწიფო, არასამთავრობო და მედია სექტორებში მენეჯმენტის ხარისხი გაუმჯობესდეს. ჩვენ გვჯერა, რომ, თუ მენეჯმენტის ხარისხი გაუმჯობესდება, სხვა ყველაფერიც უკეთესობისაკენ წავა. მართვის აკადემიის 5 წლიანი მუშაობის განმავლობაში 3000–მდე მენეჯერი უკვე დაესწრო ჩვენ ტრენინგებს, რაც ძალიან კარგი დასაწყისია. რაც შეეხება ვიდეო ტრეინინგებსა და სტატიებს, მათ ყოველთვიურად ათობით ათასი ადამიანი იყენებს. ჩვენ ვფიქრობთ, რომ, მომდევნო 20 წლის განმავლობაში, ქართული მენეჯმენტის განვითარებაში მნიშვნელოვან წვლილს შევიტანთ.
გვიამბეეთ თქვენი ოჯახის შესახებ. რამდენად დიდი ადგილი უჭირავს მას თქვენს ცხოვრებაში?
– ოჯახს, რა თქმა უნდა, ცენტრალური ადგილი უჭირავს ჩემს ცხოვრებაში. მინდა დავიწყო ჩემი მშობლებით, რომლებიც პროფესიონალი მასწავლებლები და მკვლევარები იყვნენ. მეც ბევრი ძიების შემდეგ, საბოლოოდ, მასწავლებლად და მკლევარად ჩამოვყალიბდი. ვფიქრობ, რომ ამის ერთ–ერთი მიზეზი მათი გავლენაა. მშობლები ჩემთვის ძალიან საპავტივცემულო და საინტერესო საქმეს ღირსეულად აკეთებდნენ და, ალბათ, ეს ჩაიბეჭდა ჩემს მეხსიერებაში. ჩემი და – მაია მიქაშავიძე – მასობრივი კომუნიკაციების დოქტორი და პროფესორია. აშშ-ში დაიცვა სადოქტორო დისერტაცია და ახლახანს დაბრუნდა საქართველოში. მოკლედ, ისე მოხდა, რომ ორივენი მშობლების კვალს გავყევით.
რაც შეეხება ჩემს საკუთარ ოჯახს, წელს გახდება 22 წელი, რაც მე და ნატო შევუღლდით. ისიც მართვის აკადემიაში მუშაობს. გვყავს ორი გოგონა, 20 და 12 წლის. უფროსი – მაკო თავისუფალ უნივერსიტეტის სამართლის სკოლაში სწავლობს. მანაც კომაროვის სკოლა დაამთავრა, ახლა წარმატებულია და მოსწონს, რასაც აკეთებს, ცალკე ცხოვრობს და ჩვენგან დამოუკიდებლად, ძალიან კარგად მიჰყავს თავისი საქმეები. ჩვენი ელენე შარშან გადავიდა კომაროვში და ძალიან კარგად სწავლობს. ვნანობ, რომ საკმარის დროს ვერ ვუთმობ ჩემს შვილებსა და ოჯახს, მაგრამ, ამის მიუხედავად, ცენტრალური, ნათელი წერტილი ჩემს ცხოვრებაში სწორედ ჩემი ოჯახია. მოტივაციას მიმაღლებს ის, რომ მათთვის მე უნდა ვიყო მაგალითი (და ასეთი კარგი ხალხისთვის რთულია უკეთესი მაგალითის ჩვენება). ვფიქრობ მშობლების მთავარი მოვალეობა შვილების აღზრდასთან ერთად, მათთვის კარგი მაგალითის ჩვენებაა. ჩვენ მშობლებსაც არ ჰქონდათ, ხშირად, საკმარისი დრო, მაგრამ პატიოსანი, წესიერი, განვითარებაზე ორიენტირებული ცხოვრების მაგალითი გვიჩვენეს. ძალიან მინდა, რომ ჩემს შვილებიც ასე გვხედავდნენ ჩვენ.
როგორ არჩევთ და აანალიზებთ ტრენინგების თემებს, რომელზეც აპირებთ მუშაობას?
– თემატიკას ვარჩევთ ბაზრის მოთხოვნიდან გამომდინარე, თავად არაფერს ვიგონებთ. მეც და ჩემს კოლეგებსაც, ძალიან ბევრი რამ გვაინტერესებს. სულ ვკითხულობთ წიგნებს და ვეცნობით სიახლეებს ფსიქოლოგიის, მენეჯმენტის, გაყიდვების, სერვისის და სხვა მიმართულებით. ტრენინგების ქართული ბაზარი მცირე ზომისაა. ამიტომ გვიწევს ისეთი თემატიკის შერჩევა, რომელსაც, ჩვენს ბაზარზე, საკმარისი მომხმარებელი გამოუჩნდება. ვგეგმავთ სიახლეებს, ვესაუბრებით ჩვენს დამკვეთებს, ვიკვლევთ ბაზარს და ვიგებთ რომელი თემები იქნება საინტერესო მომავალში. თუ ბაზრის მოთხოვნაზე დაყრდნობით ქმნი პროდუქტს, შემდეგ მისი პოპულარიზაცია ძალიან ადვილია. რაც შეეხება თავად სატრენინგო კურსის მომზადებას, აქ საკმაოდ ბევრ შრომას ვდებთ. დაახლოებით 6 თვიდან 1 წლამდე სჭირდება ერთი ტრეინინგის კარგად მომზადებას. რაც გულისმობს ლიტერატურის გაცნობას, პარტნიორებთან კონსულტაციებს და სხვა სამუშაოებს. თუმცა, ჩემი აზრით, მთავარი განვითარება ის არის, რაც შემდეგ ხდება. ტრეინინგის ჩატარების პროცესში ყველაზე კარგად ჩანს ჩვენი მსმენელის რეაქცია, რომელი საკითხებია მეტად დასამუშავებელი, გასაფართოებელი ან შესავიწროებელი. ამიტომ ვფიქრობთ, რომ, გარემოს ცვლილებასთან ერთად, ჩვენი ტრეინინგების შინაარსიც და ფორმაც აუცილებლად უნდა შეიცვალოს და დაიხვეწოს.
როგორია ალექსანდრე ჯეჯელავა მეგობრებთან, ახლობელ ადამიანებთან?
– ალექსანდრე ჯეჯელავა მეგობრებთან და ახლობელ ადამიანებთან არის ძალიან მხიარული. მე ჰოროსკოპით ტყუპები ვარ. მიუხედავად იმისა, რომ ჰოროსკოპს დიდად არ ვაქცევ ყურადღებას, სულ მეჩვენება, რომ ჩემში ორი ადამიანი ცხოვრობს. ერთი ძალიან მხიარული და მეგობრული, ხოლო მეორე – მარტო ყოფნისა და ფიქრის მოყვარული.
გაქვთ თუ არა გატაცება? რას აკეთებთ თავისუფალ დროს?
– ვისაც უნდა, მკვლევარი იყოს და საკუთარ პროფესიაში განვითარდეს, უნდა ჰქონდეს თავისუფალი დრო, სხვანაირად არ გამოვა. მართვის აკადემიაში ლექციები, ძირითადად, საღამოობით გვაქვს. ამიტომ, დღის განმავლობაში, მაქვს საშუალება წყნარად დავჯდე და წიგნი წავიკითხო. ამგვარად, ჩემი გატაცება ჩემს საქმიანობას ემთხვევა – თან ძალიან მიყვარს კითხვა და თან ამაში “მიხდიან ფულს”. ვცდილობ, თვეში 10–15 პროფესიული წიგნი წავიკითხო მაგრამ მხატვრულ ლიტერატურასაც არ გამოვრჩე. ჩვენს საქმიანობაში ხალხთან ურთიერთობაც ძალიან მნიშვნელოვანია, და ჩემი მეორე “ჰობი” სწორედ ახალი ადამიანების გაცნობა და არსებულ ნაცნობებთან ურთიერთობაა. საქართველოს ფარგლებს გარეთაც ბევრი მეგობარი მყავს, რომლებიც ხშირად ჩამოდიან ჩემთან და მეც ვცდილობ, რომ, პერიოდულად, ვესტუმრო. ამ ყველაფერთან ერთად ძალიან აქტიურად ვარ ჩართული საზოგადოებრივ საქმიანობაში, ხშირად ვსტუმრობ უნივერსიტეტებს, სკოლებს და ვკითხულობ საჯარო ლექციებს. ასევე, დაკავებული ვარ საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით. ყოველწლიურად ვცდილობ, რაიმე წვლილი შევიტანო საქართველოს საზოგადოებრივი ცხოვრების განვითარებაში.
“ამძიმებენ თუ არა ადამიანები დედამიწას”?
– კარგი შეკითხვაა. თითოეული ადამიანი, ჩემი აზრით, უნდა დაფიქრდეს იმაზე, რასაც გარემოსგან იღებს. ჩვენი ყოფის უზრუნველსაყოფად იხარჯება ჟანგბადი და ბუნებრივი რესურსები, იჩეხება ტყეები, მზადდება საკვები და ა.შ. ეს ყველაფერი კი იმას ნიშნავს, რომ თითოეული ადამიანი დედამიწას “ამძიმებს”. ყველანი “ნისიად” ვცხვრობთ, ჩვენს გაჩენას, აღზრდას წინასწარ ხმარდება ადამიანური და ბუნებრივი რესურსები.
თითოეულმა ჩვენგანმა უნდა მოახერხოს საკუთარი ადგილის პოვნა და რაიმე სარგებლის “დაბრუნება” გარემოსთვის. ძალიან ბევრს ჰგონია, რომ ეს ცხოვრება საჩუქრად ერგო და რასაც უნდა იმას გააკეთებს. ჩემი აზრით, ეს ასე არ არის. ვფიქრობ, ჩვენ “კრედიტი” გვაქვს აღებული მშობლებისაგან, სამყაროსგან და ა.შ. და ეს კრედიტი აუცილებლად გადასახდელია.
გაქვთ თუ არა “კომპლექსები” და როგორ უნდა სძლიონ ადამიანებმა კომპლექსებს?
– “კომპლექსს” შეგვიძლია ადამიანის თავისებურებაც ვუწოდოთ. ყველა ადამიანი განსხვავდება, მაგრამ, ყველას რაღაცის ეშინია, ყველას რაღაც უყვარს, ყველას რაღაც მისწრაფება აქვს… ჩემს ცხოვრებას თუ გადავხედავთ, შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან კონკურენტული ადამიანი აღმოვჩნდი. ვისაც, იქაც შეჯიბრი ელანდება სადაც, სინამდვილეში, არ არის. ამ თავისებურებამ, ერთი მხრივ, კარგი საქმე გამიკეთა, რადგან სულ განვითარებას ვცდილობდი, მეორე მხრივ, ეს შეჯიბრითობა ყოველთვის კარგი არ არის. გულწრფელად ვთვლი, რომ ყველა ადამიანი კარგია და ესეც შეიძლება ჩემს “კომპლექსად” ჩავთვალოთ. ადამიანებს ცხოვრებაში ხან კარგი პერიოდი აქვთ და ხან ცუდი. შეიძლება ადამიანი გაიცნო სხვადასვა გარემოებაში და მან სხვდასხვაგვარად გამოავლინოს თავი. მე ჩემი გარემოცვიდან გამომდინარე ჩამომიყალიბდა აზრი, რომ ყველა ადამიანი კარგია. ხანდახან ეს დისკომფორტს მიქმნის, რადგან შეიძლება ვიღაცას იმაზე მეტად ვენდო, ვიდრე იმსახურებს. მიუხედავად ამისა, ახლა თავიდან, რომ ვიწყებდე ცხოვრებას, მაინც ნდობით მოვეკიდებოდი ყველა ადამიანს. რაც შეეხება კომპლექსების დაძლევას ამისათვის განვითარებაა საჭირო. უნდა მოახერხო, რომ შენი ხასიათი, ქცევა, შეხედულებები, დროთა განმავლობაში, შეცვალო უკეთესობისაკენ. ყველა ადამიანი თვითკრიტიკული უნდა იყოს, საკუთარი ნაკლის აღმოსაჩენად. მთავარია, ხედავდე პრობლემას და მის მოსაგვარებლად ყოველდღიურად დგამდე ნაბიჯებს.
თქვენ ერთ–ერთ ლექციაზე თქვით, რომ ადამიანებმა უფრო მეტი უნდა გასცენ, ვიდრე მოვიხმართ. რამდენად მარტივია ამ ყველაფრის დაბალანსება?
– ეს მოსაზრება, მგონი, სამყაროს ხნისაა. ჩემი აზრით, უფრო მართებული იქნება ვთქვათ: “გაეცი, ყოველთვის, როდესაც შესაძლებლობა და საშუალება გექნება“. არსებობენ “გაცემისა და დახმარების პროფესიონალები”, ვისაც საზოგადო მოღვაწეებს თამამად ვუწოდებთ. აქვე უნდა ვთქვათ, რომ ყველას თავისი გზა აქვს. ვისაც რამდენი შეუძლია, როგორც შეუძლია, რითიც შეუძლია უნდა დაეხმარის სხვებს (აქ, ცხადია, მხოლოდ მატერიალური დახმარება არ იგულისხმება). ამბობენ, რომ გაჭირვებულისთვის თევზის მიცემას სჯობს თევზის ჭერა ასწავლო. მე სრულად ვიზიარებ ამ მოსაზრებას. ყველა გაცემული ცოდნა, მადლი, რჩევა, ინვესტიცია აუცილებლად დაგიბრუნდება.
რაც უფრო მეტ ადამიანს გამოადგები, უფრო წარმატებული და ბედნიერი იქნები. საშულებას, რომ ერთი ადამიანი მეორე ადამიანს გამოადგეს ზოგი მხოლოდ მატერიალურ სიმდიდრეში ხედავს. შეგიძლიათ განუსაზღვროთ ადამიანებს, როგორ შეიძლება ისინი სხვებს დაეხმარონ?
– ჩვენ გამოვიარეთ მატერიალურად ძალიან მძიმე პერიოდი. ყველა დროში რაც იშვიათია და “ჭირს”, იმას ედება ფასი. მატერიალურ სიდუხჭირეს როგორც კი გავცდებით, ადამიანური ურთიერთობების სერიოზული დეფიციტი გაჩნდება. შეგიმჩნევიათ, ალბათ, მეგობრები კაფეში სხედან და მობილურებში “იქექებიან”. ერთი მხრივ, ვფიქრობ, მატერიალური დახმარება ძალიან მნიშვნელოვანია და ყველა ჩვენგანი უნდა შეეცადოს, ის მცირედი გაიღოს, რის საშუალებაც აქვს. ამავე დროს, ადამიანური გვერდში დგომაც ძალიან მნიშვნელოანია. ჩვენი მიზანია, ადამიანები კი არ გავაფუჭოთ მატერიალური დახმარებით, არამედ მივცეთ მათ საშუალება, თავად მიაღწიონ მატერიალურ კეთილდღეობას.
„გამოიყენე შენი უნიკალურობა, რომ გამოადგე სხვებს“ როგორ უნდა განსაზღვროს ადამიანმა საკუთარი უნიკალურობა და საერთოდ რაში შეიძლება ჰპოვოს მან გამოვლინება?
– ადამიანის ცხოვრების ცენტრალური პრობლემა, საკუთარი ადგილის პოვნაა. ახლახანს ვთარგმეთ და გამოვაქვეყნეთ მართვის აკადემიის ბლოგზე სტატია „შვიდი შეკითხვა, რომელიც ცხოვრების მიზნის აღმოჩენაში დაგეხმარებათ“ სტატიაში აქცენტები გაკეთებულია, იმაზე თუ რისი კეთება გვიხარია, ბავშვობაში რაზე ვოცნებობდით, რაში გთვლიან ექსპერტად მეგობრები და სხვა. ასევე, მნიშვნელოვანია გვიხარია, თუ არა სამსახურში წასვლა და საქმის კეთება. საკუთარი ადგილის პოვნა ძნელია, მაგრამ, იმის მიხვედრა, რომ იპოვნე ძალიან ადვილია.
რა უნდა გააკეთოს ადამიანმა იმისათვის, რომ ბედნიერი იყოს? თქვენთვის რაშია ბედნიერება?
– ერთი ნაწილი ბედნიერების არის, რომ ვითარდებოდე, სწავლობდე... საკუთარ დაბადების დღეზე ყოველთვის ვფიქრობ, შარშანდელი ჩემი დაბადების დღის შემდეგ განვვითარდი თუ არა და რა ცოდნა/უნარები შევიძინე. მეორე საკითხია, ვის რაში ადგება ეს ჩემი განვითარება. მე მგონია, რომ ადამიანს რომელსაც ბევრი მიეცა, ბევრი მოეთხოვება.
ცხოვრებში ძალიან ბევრი სირთულე ხვდება ადამიანს და ისინი ხშირად ამის გამო აპათეაში ვარდებიან, არსებობს რაიმე სააშუალება, რომ ადამიანებმა ეს სირთულეები ნაწილობრივ მაინც გაიმარტივონ?
– სირთულეების დაძლევა თავისთავად არის უნარი. სამწუხაროდ ბევრი ქართული ოჯახი შვილებს სირთულეების დამოუკიდებლად დაძლევას არ ასწავლის. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი განსხვავება დასავლურ და ქართულ აღზრდას შორის სწორედ ესაა. ჩვენი წინაპრებისათვის ბავშვის აღზრდის ერთ–ერთი მთავარი ამოცანა იყო, რომ ის აღზრდილიყო დამოუკიდებელი მოქალაქე. რაც შეეხება ზრდასრულ ადამიანებს, არსებობს დეილ კარნეგის ძალიან კარგი წიგნი „როგორ შევწყვიტოთ ღელვა და დავიწყოთ ცხოვრება.“ მასში აღწერილია ძალიან ბევრი მეთოდი იმისათვის, თუ როგორ შეიძლება პრობლემებს ფილოსოფიურად შევხედოთ. მე ამ წიგნიდან ძალიან მეხმარება ერთი მეთოდი: როდესაც რაიმეზე ვნერვიულობ, ვფიქრობ 5 წლის შემდეგ ექნება თუ არა მნიშვნელობა ამ “სანერვიულოს”. ხშირად აღმოვაჩენ ხოლმე, რომ ახლანდელ “დიდ პრობლემას”, 5 წლის შემდეგ საერთოდ აღარ ექნება აზრი.
ერთ–ერთ გამოსვლისას აღნიშნეთ, რომ „მუღამი“ არის ბედნიერების “ელექსირი”. თქვენ როდის და როგორ „დაამუღამეთ“ ცხოვრება და როგორ ახერხებთ დღემდე, რომ ეს „მუღამი“ არ დაკარგოთ?
– არსებობს ასეთი ცნობილი მეცნიერი – მიჰაი ჩიკსენმიჰაი, რომელიც მოღვაწეობს ფსიქოლოგიის სფეროში და მისი ერთ-ერთი “პროგრამული” წიგნი არის “The Flow” – „დინება“. სწორედ დინების თავისუფალი თარგმანია „მუღამი“. დინება (ანუ “მუღამი”) არის ისეთი მგდომარეობა, როდესაც ცხოვრება მიდის თავისით, მიედინება. ერთ–ერთ ცნობილ ადამიანს აქვს ნათქვამი – „ბედნიერება, დასახული მიზნების მიაღწებაში კი არა, რაც გაქვს, იმის დაფასებაშიაო“.
ბედნიერება ძალიან სუბიექტურია. თითოეული ჩვენგანის გარშემო ყოველთვის საკმარისი სასიხარულო და “საპრობლემოა”, რასაც გნებავთ, იმას დაინახავთ.
რამდენად მნიშვნელოვანია ადამიანმა ცხოვრებაში დაისახოს მიზანი და მისი განხორცილებისათვის იბრძოლოს, მისაღებია თუ არა თქვეთვის ფრაზა „მიზანი ამართლებს საშუალებას“?
– ადამიანს აუცილებლად უნდა გააჩნდეს მიზანი. თუ არ იცი, სად გინდა მიხვიდე, ვერ მიხვდები, სწორად მიდიხარ, თუ არა. გუშინ ვიყავი სტუმრად ერთ–ერთ უნივერსიტეტში. ლექციას 100–მდე სტუდენტი ესწრებოდა. კითხვაზე, “რატომ მოვიდნენ”, ნაწილმა თქვა, რომ ჩემზე სმენიათ, ნაწილმა თქვა, რომ ეცალათ და შემოიარეს და ა.შ. მნიშვნელოვანია, რომ ლექციას დაესწრებით, თუ სხვა რამეს დაგეგმავთ, რაიმე მიზანი უნდა გამოძრავებდეთ, სხვა შემთხვევაში ვერ მიხვდებით ეს დრო სწორად დახარჯეთ, თუ არა.
რაც შეეხება „მიზანი ამართლებს თუ არა საშუალებას“ ამ ფრაზაში, რომ დავამატოთ სიტყვები “მორალისა და ეთიკის ფარგლებში”, დავეთანხმებოდი. მიზანი იმ შემთხვევაში ამართლებს საშუალებას, თუ ეს საშუალება ეწერება მორალისა და ეთიკის ფარგლებში. თუ ვიგულოსხმებთ არაეთიკურობასა და ამორალურობას, ასეთ რამეს არცერთი მიზანი არ ამართლებს.
რა არის დღეს ჩვენი საზოგადოების ყველზე დიდი პრობლემა?
– დღეს ჩვენი საზოგადოების ყველაზე დიდი პრობლემა არის თვითკრიტიკის და მადლიერების ნაკლებობა. მაშინ როდესაც რაღაც არ გამოდის, ჩვენ ბრალს უნდა ვეძებდეთ. ძალიან ხშირად ქართველები (და არამარტო) საკუთარ უბედურებას მხოლოდ სხვებს აბრალებენ. პირველი ნაკლი სწორედ თვითკრიტიკის ნაკლებობაა, მეორე კი არის მადლიერების ნაკლებობა. ადამიანებს, ვინც რაღაცას მიაღწიეს, ეჩვენებათ, რომ ეს სულ თავიანთი დამსახურებაა. „ჩემით ვისწავლე,“ ჩემით მივაღწიე.“ „არავინ დამხმარებია…“. შეგვიძლია მათ ვუთხრათ: “ცოცხალი, რომ ხარ ეს შენი მშობლების დამსახურებაა”, “ცოდნა მასწავლებლებისგან გაქვს მიღებული”, “ადამიანური ურთიერთობა მეგობრებისგან ისწავლე” და ა.შ. “დიახ, შენი წვლილიც მნიშვნელოვანია, მაგრამ მარტო შენ არ ხარ”. როგორც კი ადამიანი ამას გაიაზრებს, მასში, წესით, მადლიერების გრძნობა უნდა გაძლიერდეს. ჩემი აზრით, მადლიერი და თვითკრიტიკული ადამიანი ცხოვრებაში ყველაფერს მიაღწევს.
თქვენი აზრით რა არის მსოფლიოს მამოძრავებელი ძალა?
– მთავარი მამოძრავებელი ძალა არის თვითრეალიზაციის სურვილი. ყველა ადამიანში არის ჩადებული საკუთარი თავის გამოვლენის ფარული, მაგიური, ღვთიური ძალა. თითოეული ადამიანი არის დამუხტული ენერგიით და ყველა უნდა შეეცადოს, რომ ეს ენერგია მაქსიმალურად სასარგებლოდ დახარჯოს, ვფიქრობ სწორედ ეს ამოძრავებს მსოფლიოს.
რა თვისებებია საჭირო XXI საუკუნის ლიდერისათვის?
– ლიდერობის შესახებ ძალიან ბევრი, განსხვავებული და საინტერესო თეორია არსებობს. რამდენიმე მოსაზრებას გაგიზიარებთ. თანამედროვე ლიდერობის კონცეფცია მოკლედ შეიძლება ასე გამოვთქვათ – “შენ მიხედე ხალხს და ხალხი მიხედავს საქმეს”. ასეთი ლიდერები საკუთარ თავზე კი არ საუბრობენ, არამედ გარშემო მყოფ ადამიანებზე.
მეორე საინტერესო მოსაზრების მიხედვით, ლიდერებად ითვლებიან ადამიანები, ვისთან ურთიერთობაც სხვებს აუმჯობესებს. თუ შენთან ურთიერთობის შემდეგ ადამიანი გახდა უფრო მცოდნე, მოტივირებული, უკეთესი, ვიდრე მანამდე იყო, ესე იგი ლიდერი ყოფილხარ.
სხვა მოსაზრების მიხედვით ლიდერი არის ადამიანი, რომელიც თავისმა ხალხმა ნებაყოფლობით აირჩია.
თქვენ შეხება გაქვთ ახლაგაზრდებთან, დღეს კი ხშირად აკრიტიკებენ მომავალ თაობას. რა პრობლემები აქვს დღეს ქართველ ახალგაზრდობას?
– იმ ურთიერთობიდან გამომდინარე, რაც ახალგაზრდებთან მაქვს, ვფიქრობ, დღევანდელი ახალგაზრდები არიან არაჩვეულებრივი და იმაზე გაცილებით უკეთესები, ვიდრე ჩვენ – წინა თაობა. მე როდესაც ვცდილობ ჩემი შეგნება, ცოდნა განწყობა და სხვა შეხედულებები 20 წლის ასაკში შევადარო დღევანდელ 20 წლისებს, ყოველ ჯერზე ვმარცხდები. დღევანდელი ახალგაზრდების ნაკლად შეიძლება ჩაითვალოს დეზორიენტაცია, მიზნის ჩამოუყალიბლებობა. იმდენი შესაძლებლობისა და არჩევანის წინაშე დგანან, ხანდახან ვერ ხვდებიან რა უნდათ. მე, რომ ჯადოსნური ჯოხი მქონდეს, შევეცდებოდი მათ მიზნის ჩამოყალებებაში დავხმარებოდი.
განათლება და განათლების როლი XXI საუკუნის მსოფლიოში
– განათლების როლი XXI საუკუნის მსოფლიოში ისეთივეა, როგორც ყველა სხვა საუკუნეში. განათლება არის მეთოდი, რომ ადამიანი მოვამზადოთ ცხოვრებისათვის. სამწუხაროდ, დღევანდელი განათლების სისტემის ყველა ინსტრუმენტი არ ამზადებს ადამიანს ღირსეული ცხოვრებისათვის. ქართული სკოლა, სამწუხაროდ, კრიტიკულ აზროვნებას არასაკმარისად ასწავლის (იშვიათი ბედნიერი გამონაკლისების გარდა). წარმოიდგინეთ მოსწავლე, რომელიც არ დაეთანხმება თამარ მეფის სიდიადეს, ან შაჰ აბასის ბოროტებას. ასეთი განსხვავებული აზრებს ჩვენი სკოლა კი არ მიესალმება და წაახალისებს, არამედ “გააფთრებით ებრძვის”. სკოლა იმისთვის უნდა იყოს, რომ ბავშვის განვითარება უზრუნველყოს და მისი განსხვავებული აზრები მიიღოს. სკოლამ უნდა მოამზადოს ბავშვი არჩევანის გასაკეთებლად, ასწავლოს საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღება და ა.შ. განათლების როლი ყოველთვის ეს იყო და ეს იქნება.
XXI საუკუნეშიც სწავლების ტექნიკა და მეთოდოლოგია იცვლება, მაგრამ როლი უცვლელია.
თქვენი აზრით რა თვისებებია საჭირო, რომ ადამიანმა წარმატებას მიაღწიოს?
– წარმატების მისაღწევად ძალიან მნიშვნელოვანია: მიზანდასახულობა, თვითკრიტიკულობა, ცნობისმოყვარეობა. ასევე, გლობალიზაციის პირობებში, ძალიან მნიშვნელოვანი გახდა ადამიანურ ურთერთობასთან დაკავშირებული უნარები. ამაში ვგულისმობ საკუთარი თავის პრეზენტაციის უნარს, ენების ცოდნას, კარგად საუბარს, კარგი შეკითხვების დასმის უნარს და ა.შ.
თქვენს სამომავლო გეგგმებზე მოგვიყევით, რის გაკეთებას აპირებთ ახლო მომავალში?
– „მართვის აკადემია“ ქართულ ენაზე წიგნების გამოცემისთვის ემზადება. ასევე ვმუშაობთ ვიდეო ლექციებზე, online-ტრეინინგებზე, გვინდა, რომ მოვსინჯოთ სხვადახსვა ფორმარტი. ამ ყველაფერთან ერთად, რეგიონის ქვეყნებიდან პარტნიორები გვეპატიჟებიან ტრეინინგების ჩასატარებლად. ეს არის ის ძირითადი მიმართულებები რაზეც ამ ეტაპზე ვფიქრობთ.
ესაუბრა
ანო მუქათარიძე