დიახ ეს თბილისში, ჩვენს გვერდით ხდება. ამ საქმეზე ბევრი არავინ საუბრობს და არც დეტალები იციან. პლეხანოვზე წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის ტაძრთან უკვე წლებია „საქველმოქმედო სახლი“ ფუნქციონირებს. მართალია ის არ არის ცნობილი როგორც “კათარზისი” თუ სხვა საქველმოქმედო ორგანიზაციები, არ ჰყავს პარტნიორად მსხვილი ბიზნეს ბრენდები და მდიდარი ადამიანები, თუმცა ფაქტია წლებია სამადლო საქმეს ეწევიან. დეკანოზი ალექსანდრე გალდავა და მის გარშემო შემოკრებილი საერო თუ სასულიერო პირები სხვადასხვა პრობლემების მქონე ადამიანებს სთავაზობენ სოცილაურ, საგანმანათლებლო თუ სამედიცინო კუთხით დახმარებას. ამ ამბის თაობაზე, შემთხვევით, მეგობრისგან გავიგე. საუბრის თემა იყო ერთ-ერთი სასულიერო პირი, რომელიც ყოველ დღე 200-300 ადამიანს უსასყიდლოდ აპურებს და რომ ამას ვალებით აკეთებენ და საქმიანობას მაინც არ წყვეტენ. შესაბამისად დავინტერესდი და მინდოდა საზოგადოებისთვის დეტალურად გამეცნო ამ საქმიანობის შესახებ და გადამემოწმებინა რა ხდება. მივაკითხე ტაძარს, გავეცანი, რომ ვარ ჟურნალისტი და რომ მინდა ამ საქმეზე დავწერო. თუმცა, ძალიან გამიჭირდა ამ საქმით დაკავებული ადამიანები დამეყოლიებინა ინფორმაციის მოწოდებაზე და ინტერვიუზეც შესაბამისად. შემდგომ ტაძრის წინამძღვართან მამა ალექსანდრე გალდავასთან ვითხოვე შეხვედრა. ბევრი რომ არ ვისაუბროთ, არ სურდათ ამ საქმეზე ღია საუბარი და თვითონ იმ ადამიანებთან გვამისამართებდნენ, ვინც ამ დახმარებას ღებულობდნენ. აქ გულწრფელად დავინახე ის გარემო, სადაც სიკეთეს აკეთებენ და არ სურთ საუბარი. დღევანდელ რეალობაში, მართალი რომ ვთქვა, ეს ძალიან გამიკვირდა. თუმცა სწორედ ამიტომ, კიდევ უფრო მეტად მოვინდომე, რომ ამ ამბის შესახებ მკითხველისთვის მომეთხო.
უხერხულ სიტუაციაში აღმოვჩნდი და ძალიან გავნაწყენდი. ეს რომ დაინახეს მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის ტაძრის წინამძღვარმა დეკანოზ ალექსანდრე გალდავამ თავად გადაწყვიტა მოეწოდებინა ჩემთვის ინფორმაცია და დაგვთანხმდა დიალოგზე. თუ რის ხარჯზე აკეთებენ ამ სიკეთეს, რა სტატუსის მქონე ადამიანები სტუმრობენ მათ და რა სახის დახმარებას უწევენ აქ მოსულ ადამიანებს „თბილისი თაიმსთან“ მამა ალექსანდრემ დაწვრილებით ისაუბრა:
მამა ალექსანდრე მოკლედ მოგვიყევით ტაძარის ისტორია?
– მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში აშენდა ეს ტაძარი კავკასიის მეფისნაცვლის მიხეილ ნიკოლოზის ძე რომანოვის მიერ და მის ძირითად დანიშნულებას წარმოადგენდა საავადმყოფოში მიცვალებულთა წესის აგება.
წმიდა მთავარანგელოზ მიქაელის ტაძარი იმით გამოირჩევა, რომ აქ მოღვაწეობდა, უკვე წმინდანად შერაცხილი, დიდი ქართველი მგალობელი, პატრიოტი, ავტოკეფალისტი ვასილ კარბელაშვილი, რომელიც თხუთმეტი წლის განმავლობაში ტაძრის წინამძღვარი იყო. აქ ჰქონდა დაწყებითი სკოლა, რისი გაკეთებაც მაშინ ადვილი არ იყო. ავტოკეფალიის მოძრაობის დროს ის გადაასახლეს საქართველოდან. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, ხდება ეპისკოპოსი. არსებობს წმ.ვასილის ცნობილი სტალინისადმი წერილი, სადაც ამხელს მის სიჯალათეს, იმ ვანდალიზმს რასაც ის ეკლესიას, ერს უკეთებდა, ვინაიდან სტალინი იყო მისი მოწაფე.
შემდეგ, საქართველოში პათანატომიის ცენტრის დამაარსებელმა ვლადიმერ ჟღენტმა, ტაძარს სპეციალური ლაბორატორია მიაშენა. ეს ის შენობაა, სადაც ჩვენ საქველმოქმედო საქმიანობას ვეწევით. კომუნისტების დროს ეკლესიამ ფუნქცია დაკარგა. გამოიყენეს აუდიტორიად, სადაც სამედიცინო ინსტიტუტის სტუდენტები ლექციებს ისმენდნენ. რამოდენიმე წლის წინ მიხაილოვის საავადმყოფო გადაიტანეს. დადგა საკითხი ამ შენობის გაყიდვის. ვინაიდან ის პირდაპირაა საკურთხეველზე მიმდგარი, მისი დანგრევა გამოიწვევდა ეკლესიის დაზიანებას. ამავე დროს, ტაძარი ისტორიული მემკვიდრეობის ძეგლია. საპატრიარქომ სთხოვა სახელმწიფოს შენობა გადმოეცა ეკლესიისათვის.
კიდევ ტაძარი მნიშვნელოვანია იმითაც, რომ ერთ-ერთი ცნობით ნიკო ფიროსმანს, რომელიც გარდაიცვალა მიხაილოვის საავადმყოფოში, სწორედ ამ ეკლესიაში აუგეს წესი და დაასაფლავეს კუკიის სასაფლაოზე.
რამდენი ხანია რაც აქ მოღვაწეობთ და რამდენად აქტიური მრევლი ჰყავს ტაძარს?
– 1997 წლიდან აქ ვმოღვაწეობ. ჩემთან ერთად მსახურობენ: მამა ზაქარია გოჩიტაშვილი და მამა გიორგი ზაქარიაძე.
მრევლი ძალიან კარგი, საყვარელი, თბილი ხალხია. გვიძლებენ ჯერ-ჯერობით. აქტიურები არიან, უყვართ ეკლესია, იზრდებიან და ვიზრდებით ჩვენც მათთან ერთად.
მამაო, გვიამბეთ იმ „საქველმოქმედო სახლი“ შესახებ, რომელიც ტაძრის ტერიტორიაზეა, რამდენი ხანია რაც ამ საქმიანობას ეწევით და რა სახის დახმარებას უწევთ აქ მოსულ ადამიანებს?
– ტაძრის გახსნიდან, 1997 წლიდან, რამდენიმე წელიწადში დავიწყეთ სულ მცირედიდან. გავაკეთეთ თონე და რაც მოგება იყო მთლიანად ხალხს ვაძლევდით. ისინი მოდიოდნენ და უფასოდ იღებდენ თითო პურს. შემდეგ, როცა ჩვენთნ დედა ნისიმე გადმოვიდა, გაგვიჩნდა საშუალება იმისა, რომ საჭმლითაც დავხმარებოდით აქ მოსულ ადამიანებს. დავიწყეთ 30 კაცით. ყოველ დღე, შაბათ-კვირის გარდა სამ თავ საჭმელს ვაძლევთ გატანებით. დღეს უკვე 200 კაცია სიაში და 150 მოდის ყოველდღე.
ასევე, მათ აქვთ სამედიცინო დახმარება. მემორანდუმი გვაქვს გაფორმებული „პრივატ კლინიკასთან“. თითოეულ მათგანს აქვს პირადი ისტორია. ექიმები მოდიან პერიოდულად და უტარებენ გამოკვლევებს. მედიკამენტებითაც შეძლებისდაგვარად ვეხმარებით.
გვაქვს უფასო ფსიქოლოგიური დახმარება, რომელიც გულისხმობს კონსულტაციისა და თერაპიის გაწევას მოზარდების, ბავშვების, მშობლებისა თუ ოჯახებისთვის მთლიანად.
ასევე, გვაქვს საგანმანათლებლო სფერო, სადაც უფასოდ ვასწავლით ხატწერას, კლასიკურ გიტარას. საკვირაო სკოლაში ბავშვებს ვასწავლით ძველ და ახალ აღთქმას, კატეხიზმოს. არის ლიტერატურული წრე, სადაც საერო წიგნებს, მნიშვნელოვან ლიტერატურას ეცნობიან ჯგუფის წევრები და შესაბამისად ხდება მათი განხილვა. ტარდება თავისუფალი ლექციები. ვიწვევთ საინტერესო სტუმრებს, უცხოეთიდან სტუმრად ჩამოსულ, თუ აქ მყოფ სასულიერო პირებს და არა მარტო მათ, არამედ ერის ხალხსაც.
ყველანაირად ვეხმარებით აქ მოსულ ადამიანებს ფულით, საკვებით. ვცდილობთ არავინ გავუშვათ ისე. ზოგიერთს ღვინითაც ვეხმარებით. დღესასწაულებზე კიდევ უფრო მეტად ვეხმარებით. ვუკეთებთ ტორტებს. ახალ წელს ყველანი ერთად ვხვდებით. ვუწყობთ დიდ ტრაპეზს და გახარებულები არიან.
ეს ხომ დიდ ფინანსებს მოითხოვს? რის ხარჯზე ეწევით ამ ქველმოქმედებას?
– კერძო შემოწირულობებით. ძირითადად მეგობრების, ახლობლების, მრევლის თანადგომით, რომელთაც გული შეტკივა და იციან, რომ კარგი საქმე კეთდება და უნდათ დაგვეხმარონ. მსურველები ძალიან ბევრი არიან, მაგრამ იმის გამო, რომ დღეს დუხჭირი ცხოვრება წამოვიდა, ბევრი ვერ ახერხებს ხელგაშრილად დახმარებას. უჭირს ხალხს და ჩვენც გვიჭირს, ამიტომაც სულ ყველგან გვაქვს ვალი: მაღაზიაში, დისტრიბუტორთან პურის, ბაზარშიც. იციან, რომ ჩვენ მაინც გადავუხდით, ამიტომ გვაცლიან და ამით გვეხმარებიან. მერე, როცა ეს ვალები დაგვიგროვდება და სპონსორები აღარ ჩანს, მივდივარ ჩემ მეგობრებთან და ვეხვეწები, ხან პურის ვალი გაგვისტუმროს, ხან მაღაზიის ფული. ისინიც გულიანად აკეთებენ ამას.
ზოგჯერ, როცა ადამიანი გარდაიცვლება და ოჯახის წევრებს უნდათ რაიმე სიკეთე გააკეთონ, პირდაპირ გადავამისამართებთ, ხოლმე ამ საქველმოქმედო სახლზე და ისინი ყიდულობენ ტკბილეულს, მთლიანი დღის ან ორი დღის საუზმის მომზადების ფულს იხდიან.
მამაო, ვალი დაახლოებით რამდენი გიგროვდებათ ხოლმე?
– ეხლა 3000 ლარი იყო, რომ გაგვისტუმრეს.
ძირითადად რა სტატუსის მქონე ადამიანები მოდიან თქვენთან?
– ჩვენ არც რელიგიური, არც ეთნიკური და არც გენდერული ნიშნით არ ვანსხვავებთ ადამიანებს. ჩვეულებრივ მოდიან გაჭირვებულები, უფრო მეტად ეთნიკურად არაქართველები: რუსები, სომხები, ქურთები, რომლებიც მიტოვებულნი არიან. ერთი ერაყელი ლტოლვილი ცოლ-ქმარიც გვყავდა.
აქ არიან პენსიონრები, ძველი პედაგოგები, ჟურნალისტები. არიან ჩვეულებრივი უბრალო ადამიანებიც, არიან დამსახურებული, მართლაც ნიჭიერი ხალხი: მუსიკოსი, ბალერინა, მეცნიერი, სახალხო მთქმელი. მოკლედ ყველა ტიპის ადამიანი, რომელთაც შეეძლოთ, სხვა დრო რომ ყოფილიყო, რაღაც სარგებლობა თვისი პროფესიით კიდევ მოეტანათ ხალხისთვის მაგრამ, ასე მარტო დარჩნენ და ვეღარ შეძლეს. ზოგი ლტოლვილია, ზოგი ამ სიდუხჭირის გამო უბინაოთ დარჩა, მოტყუებული აღმოჩნდა. ისინი ბევრნი არიან, მაგრამ ქართველებს, ჩემდა გასაოცრად, გვიჭირს ქველმოქმედების გაკეთება.
მათი მდგომარეობა იმდენად მძიმე იყო, რომ ფაქტიურად ეს ხალხი გადარჩა. ახლა აღარ უწევთ საკვებზე ზრუნვა, იმიტომ რომ იმდენს ვაძლევთ მთელი დღე ყოფნით. ამ ადმიანებმა თვალი გაახილეს, ადამიანად იგრძნეს თავი. ახლა ისინი ცოტა ადრეც მოდიან, ერთმანეთს ესაუბრებიან, უფრო სოციალურები გახდნენ, ზოგმა ცოლიც მოიყვანა, ზოგმა ტაქსიც იყიდა და უკვე შეუძლია გამოკვებოს თავისი თავი.
მუდმივი სპონსორები თუ გყავთ? საპქტრიარქოსა და სახელმწიფოსგან გაქვთ რაიმე დახმარება?
– კი, ხუთი ექვსი ადამიანი არის ვინც მუდმივად გვეხმარება.
საპატრიარქოს დახმარება ის არის, რომ მოგცა ტაძარი, გაკურთხა მღვდლად. დანარჩენი შენ უნდა გააკეთო.
სახელმწიფოს ვალდებულებაა ყველა რაიონის ეკლესიებს სახვადახვა ოდენობით დაეხმაროს და ჩვენც, ყველა სხვა დენომინაციების მსგავსად, გვაქვს ყოველწლიური დახმარება.
დიდი ხანია, რაც დედა ნისიმე აქ მოღვაწეობს?
– ორ წელზე მეტია. დედა ნისიმე უდგას ამ საქმეს სათავეში. მისი დიდი თავდადებაა, რომ ეს საქმე აერ შეჩერებულა. საერთოდ, ქართველებს გვიჭირს მუდმივობა, რაღაცა შეიძლება დაიწყო, მაგრამ მერე ვეღარ აგრძელებ, ან აგრძელებ შენ ფიქრებში და იდეებში და ამ იდეებით ისე ტკბები, რომ საქმის გაკეთება ფაქტიურად აღარ გინდა. აი, სტაბილურობა არის ძალიან მნიშვნელოვანი და ჯერ-ჯერობით დედა ნისიმე სტაბილურად აკეთბს ამ საქმეს.
მამაო, თქვენი წვლილი რა არის ამ საქმიანობაში?
– ჩემი წვლილი არაფერი არ არის. ასეთი ლოცვა არსებობს: „ღმერთო მილხინე მე, რამეთუ არა მიქნიეს კეთილი წინაშე შენსა, არამედ იყავ ჩემს შირის ნება შენი“. თან მაცხოვარი გვეუბნება ასეთ რამეს, თუ რამეს შექმნი თქვი, რომ უხმარი მონა ვარ და რაც გასაკეთებელი იყო იმის მეათედი ვერ გავაკეთეო.
რაიმე მნიშვნელოვანი პრობლემის წინაშე ხომ არ დგას დღეს თქვენი „საქველმოქმედო სახლი“, რა სახის დახმარებაა საჭირო, რომ მომავალშიც შეძლოთ ამ დიდი საქმის კეთება?
– არა უბრალოდ ბევრი ხალხია. მარჯანიშვილის გამზირზე არსებული კათარზისი დაიკეტა და ეს მთელი ხალხი მოგვაწვა ჩვენ. ძალიან ბევრი მოდის, ვინაიდან ჩვენ კარგად ვაჭმევთ. თავს არ ვიწონებ და ცრუ თავმდაბლობას არ დავიწყებ. ეს ხალხი მოდის სხვადასხვა სასადილოებიდან, მაგრამ ვეღარ ვზრდით კონტიგენტს, არადა ამ ხალხს ვუშვებთ უკან და გული გვიკვდება. სახსრები არ გვაქვს. თუ ვინმე გამოგვიჩნდება კერძო სპონსორი, რომელიც შეძლებს, კიდევ უფრო მეტად დაგვეხმაროს. აქ ყველაფერი გამჭირვალეა, შეუძლია თავად ნახოს, მოვიდეს თავისი ბუღალტერით და შეამოწმოს. ოღონდ მოვიდეს და დაეხმაროს გაჭირვებულებს.
„ავერსმა“ მოგვცა მედიკამენტები, მაგრამ კიდევ გვჭირდება. სხვა კომპანიებიც თუ მოგვცმენ დავურიგებთ ხალხს. ცოდონი არიან, ძალიან უჭირთ, ძალიან. ახლა თუ გვერდით არ დავუდექით მათ, მერე თუ კარგი ცხოვრება წავა ვიღას ჭირდება შენი დახმარება.
ადამიანს სწორად, რომ ესმოდეს ამ ცხოვრების არსი მიხვდებოდა, იმაზე კარგს ვერაფერს გააკეთებს თუ ერთ მშიერს მაინც დაეხმარება. მაცხოვარი სახარებაში ამბობს, ასე განგიკითხავთ თქვენ: „მშიოდა და მომეცით მე საჭმელი, მწყუროდა და მასვით მე, უცხო ვიყავი და შემიწყნარეთ მე, შიშველი ვიყავი და შემმოსეთ მე, უძლური ვიყავი და მომხედეთ მე, საპყრობილეში ვიყავი და მოხვედით ჩემთან“. თუ ეს არ გაქვს გაკეთებული, ვინც გინდა ის იყავი, გინდა სასულიერო პირი, გინდა ერის კაცი და გინდა მილიონები გქონდეს ბანკში.
გვერდზე ხალხი გიკვდება, უყურებ გაჭირვებულები არიან და გამოდის ვიღაც მატერიალურად უზრუნველყოფილი ბიზნესმენი და ამბობს, რომ გული ტკივა ეთიოპიაში გზა გაიყვანეს თუ არა.
სხვათაშორის ისიც უნდა ვიცოდეთ, რომ როცა გიჭირს მაშინ უნდა მოახდინო სხვების დახმარება. ხოლო როცა გილხინს, მაშინ ვეღარ გასცემ. აი, მაგალითად: ერთ-ერთმა სპონსორმა, რომლიც 500 ლარს გვაძლევდა მითხრა, რომ ვეღარ დაგეხმარებით იმიტომ, რომ 600 კაცი მყავს თანამშრომელიო. წარმოიდგნეთ ხომ აფსურდია, ნოუსენსია. 601-ე თანამშრომელი აგეყვანა, მაგარამ არა… იმდენად უჭირს ქართველს გადახდა. ცოტა სარკაზმულად გამომდის, მაგრამ გული მტკივა იმიტომ, რომ უნდა გააკეთო კეთილი საქმე. რა გამოდის? ქრისტიანიც ვარ, თან სხვასაც არ ვეხმარები და მგონია, რომ ეს სწორია. ესაა ყველაზე დიდი უბედურება. ვერცერთი ეკლესიის აშენება ვერ შეედრება ერთი ადამინაის დაპურებას. ასე, რომ ამ მხრივ, ჩვენ ქართველებს გვქონია პრობლემა და რაც დრო გადის, კიდევ უფრო მეტად ვრწმუნდები ამაში.
მამა ალექსანდრესთან საუბრის შემდეგ, გადავწყვიტე ეკლესიასთან მდებარე სასადილოსთან მივსულიყავი და აქ მოსულებს გავსაუბრებოდი. გაოცებული დავრჩი, ხალხის ნაკადი არ წყდებოდა. ისინი მოთბინებით იდგნენ რიგში და წყნარად საუბრობდენ. ერთმანეთს ეხმარებოდნენ, თავიანთ წილ პურს უთმობდნენ, ამხნევებდნენ. კომენტარზე მხოლოდ ქალბატონი მადლენა დამთანხმდა, თუმცა ჩემთან საუბრისას ყველა მადლიერებას გამოთქვამდა.
მადლენა კუზნეცოვა: თითქმის ერთი წელია, რაც აქ დავდივარ შვილთან ერთად. უსახლკაროდ დავრჩით. ძალიან დიდი მადლობელი ვარ დედაოსი, რომ საჭმლით მაინც ვართ უზრუნველყოფილი. აქ მოსული ყველა ადამიანი კმაყოფილია. კარგი და გემრიელი კერძებია, რაც მთავარია სუფთად ამზადებენ. მადლიერები ვართ, რომ გვერდში გვიდგანან და გვეხმარებიან.
ესაუბრა
სოფიკო ნინიკაშვილი