საქართველოს ერთ-ერთი მთავარი ტურისტული ღირსება ოდითგანვე სამედიცინო-ბალნეოლოგიური კურორტები იყო. აღნიშნული ცნტრები განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობდა საბჭოთა პერიოდის დამსვენებლებში – რუსეთიდან, უკრაინიდან, სომხეთიდან და ა.შ. თუმცა, შემდეგაც არ შეწყვეტილა მათზე მოთხოვნა. მსოფლიოს განვითარებამ უამრავ ქვეყანას საშუალება მისცა ხელოვნურად შეექმნათ უამრავი სამედიცინო კურორტი, რამაც, რა თქმა უნდა, გაზარდა კონკურენცია.
თუ რა პოტენციალი გააჩნია დღეს საქართველოს სამედიცინო კურორტების თვალსაზრისით, არის თუ არა მათზე მოთხოვნა და რა იგეგმება ამ პოტენციალის გასავითარებლად და დასახვეწად, ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე „თბილისი თაიმსს“ ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, გიორგი ჩოგოვაძე ესაუბრა
რა გეგმები აქვს ადმინისტრაციას საქართველოში კურორტების გასავითარებლად?
– ადმინისტრაციის ერთ-ერთ ძირითად საქმიანობას წარმოადგენს ტურისტული პროდუქტისა და მცირე ინფრასტრუქტურის განვითარება ქვეყნის მასშტაბით, რომელიც მიმართულია საქართველოში არსებული კურორტებისა და სხვა ყველა ტურისტულად მიმზიდველი ადგილების გასავითარებლად. ზემოაღნიშნული ტიპის პროექტები მოიცავს ტურისტული მარშრუტების კვლევასა და მარკირებას, ადაპტირებული გარემოს შექმნას შ.შ.მ პირებისთვის, საინფორმაციო და მიმართულების მანიშნებლების/ ბილბორდების განთავსებას და სხვა.
საქართველოს სამედიცინო კურორტების კუთხით საკმაოდ დიდი პოტენციალი გააჩნია. რამდენადაა ათვისებული და გამოყენებული ეს ბუნებრივი ატრაქციები ტურისტული კუთხით?
– ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს სამედიცინო ტურიზმის განვითარებას, ამ მიზნით, ადმინისტრაციის საერთაშორისო სარეკლამო კამპანიებში, საიმიჯო ვიდეორგოლებისა და ბროშურებში საქართველოს გამაჯანსაღებელი კურორტების შესახებ ინფორმაციას დიდი ადგილი უკავია. როგორც იცით, წლის განმავლობაში ევროპისა და აზიის 20-ზე მეტ უმსხვილეს საერთაშორისო გამოფენაში ვიღებთ მონაწილეობას, სადაც სხვადასხვა ტურისტულ პროდუქტებთან ერთად დამთვალიერებლებს საშუალება აქვთ გაეცნონ საქართველოს სამედიცინო ტურიზმის პოტენციალს. შედეგად მკვეთრად გაიზარდა სამკურნალო ტურიზმზე მოთხოვნა. განსაკუთრებით: ყაზახეთიდან, აზერბაიჯანიდან და სომხეთიდან. ამ ქვეყნებისათვის სპეციალური შეთავაზებებიც არის, გამოფენების ფარგლებში, სამედიცინო ტურიზმის თემაზე მომუშავე ტუროპერატორებთან ვაწყობთ თემატური შეხვედრებს.
როგორც იცით, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია მუდმივად მასპინძლობს სხვადახვა პრეს და ინფოტურებს. მხოლოდ შარშან, სხვადასხვა ქვეყნების ბეჭდური და ელექტრონული მედიის ასობით წარმომადგენელმა მოინახულა საქართველო სამკურნალო კურორტები. ჟურნალისტებმა ბორჯომის, საირმეს,წყალტუბოს, ურეკის და სხვა კურორტების შესახებ არაერთი სტატია და სიუჟეტი მოამზადეს, შედეგად, საქართველოს სამედიცინო კურორტების შესახებ ინფორმაციას ათეულობით მილიონი უცხოელი ტელემაყურებელი, მკითხველი და ინტერნეტმომხმარებელი გაეცნო.
ამ ეტაპზე ადმინისტრაცია მუშაობს სპა-გამაჯანსაღებელ კატალოგზე. კატალოგი ორ ენაზე იქნება და მოიცავს ინფორმაციას კურორტების და მათზე არსებული შეთავაზებების შესახებ. ეს ტურისტული დანიშნულების ადგილებია, თბილისი, ბორჯომი, საირმე, წყალტუბო, ნუნისი, ურეკი, გრიგოლეთი, სადაც კეთილმოწყობილია ინფრასტრუქტურა, მეტ ნაკლებად პასუხობს თანამედროვე სტანდარტებს გამაჯანსაღებელი,ბალნეოლოგიური, მაგნიტური ქვიშით მკურნალობის შესახებ;
რამდენადაა მოთხოვნა საქართველოში სამედიცინო ტურიზმზე?
– ძირითადი მოთხოვნა მომხმარებლისგან მომდინარეობს იმ კურორტებზე, რომლებზეც შესაძლებელია საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დიაგნოსტიკა და მკურნალობა. საქართველოში სამკურნალო-გამაჯანსაღებელი ტურისტის ქვეყანაში ყოფნის მინიმალური ვადა ათი დღეა,რაც კონკრეტული რეგიონისთვის დამატებითი შემოსავლის ზრდას იწვევს, ადგილობრივების დასაქმებას, სხვადასხვა ტურისტულ სერვისების განვითარებას;
გამაჯანსაღებელი ტურიზმის პოპულარობამ განაპირობა მთელი რიგი სერვისისა და ეკონომიკის დარგების განვითარება, რომელიც ეხმარება პაციენტებს ამგვარი მოგზაურობის დაგეგმვასა და განხორციელებაში.
მარიამ ტაკაშვილი