საქართველოში უძველესი დროიდან არსებობდა სასულიერო თუ საერო განათლების კერები, რომლებიც უმეტეს შემთხვევაში სამონასტრო ცხოვრების პარალელურად ვითარდებოდა. დავით აღმაშენებლის მიერ დაარსებული გელათის აკადემია მოიხსენიებოდა როგორც „მეორე იერუსალემი და სხვა ათინა“, რაც აქაური განათლების მაღალ დონეზე მიუთითებს. ასეთივე კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრი არსებობდა იყალთოში, სადაც ბევრი გამოჩენილი პიროვნება მოღვაწეობდა.
ამჯერად გვსურს თქვენი ყურადღება თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაზე შევაჩეროთ. ასევე დავძენთ, რომ შემთხვევითი არ არის სიტყვა „აკადემიის“ გაცოცხლება. ეს ერთგვარი განაცხადია, რომ მსგავსად გელათისა და იყალთოს აკადემიებისა, სასულიერო აკადემიამ, სასულიერო პირებისა და თეოლოგების მომზადების პარალელურად, უნდა იტვირთოს, ზოგადად, ცოდნის ტაძრის ფუნქცია, ეროვნულ საქმეს ემსახუროს და ხელი შეუწყოს კულტურისა და მეცნიერების განვითარებას.
მეფის ქარვასლა
„თბილისი-თაიმსს“ ამავე დაწესებულების ქრისტიანული ხელოვნებათმცოდნეობის კათედრის გამგე, რუსუდან ვაშალომიძე ესაუბრა.
ქალბატონო რუსუდან, რას გვეტყვით შენობის არქიტექტურასა და მის ისტორიულ დანიშნულებაზე?
– სასულიერო აკადემია-სემინარია განთავსებულია სიონის ქუჩაზე ყოფილი ქარვასლის შენობაში, რომელიც ქალაქის ერთ-ერთი უძველესი ქარვასლაა და დატანილია ვახუშტი ბატონიშვილის 1735 წლის რუქაზე. ამ ისტორიული მნიშვნელობის ძეგლს თავდაპირველად „მეფის ფუნდუკად“, მოგვიანებით „მეფის ქარვასლად“ მოიხსენიებდნენ. შენობა მკვიდრად ნაგებია. მისი სტრუქტურა ქალაქში არსებული სხვა ქარვასლების მსგავსია. პირველი სართული სასაწყობო დანიშნულების იყო, მეორე სართული ვაჭრობის მიზნით გამოიყენებოდა და მაღაზიები იყო განთავსებული, ხოლო ბოლო სართულს საცხოვრებელი დანიშნულება ჰქონდა, აქ ისვენებდნენ და ღამეს ათევდნენ ქალაქში ჩამოსული ვაჭრები.
სასულიერო აკადემიამ როდის დაიდო ბინა ამ შენობაში?
– 1988 წლიდან, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით, აქ სასულიერო აკადემია-სემინარიაა განთავსებული. შენობას ეს საგანმანათლებლო დაწესებულება არ ფლობს, აქ დროებით ვიმყოფებით. ჩვენ საკუთარი შენობა ვაკეში გვაქვს, ეს გახლავთ ყოფილი მე-9 საავადმყოფოს შენობა. ამჟამად იქ სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს და ჯერ-ჯერობით არ არის ისეთი გარემო, რომ სასწავლო პროცესი დაიწყოს.
თქვენ გვესაუბრეთ ქარვასლის სტრუქტურაზე, ახლა რა ფუნქციას ასრულებს ამ ისტორიული ძეგლის სამი სართული?
– ახლა პირველ სართულზე აუდიტორიებია მოწყობილი, ასევე ხატწერის სახელოსნო და სატრაპეზო. შენობას აქვს აგურით ნაგები თაღოვანი სარდაფი, სადაც საცხობია. შენობის მეორე სართული მთლიანად აუდიტორიებს უკავია. მესამე სართულზე მოქალაქეები ცხოვრობენ. აქვე ცალკეა პანსიონი აკადემიის სტუდენტებისთვის.
ხატწერის სახელოსნო ახსენეთ. შემოქმედებით მიმართულებებს რა დამატებითი საშუალებები აქვთ სტუდენტების ცოდნითა და პრაქტიკული უნარ-ჩვევებთ გამდიდრებისთვის?
– სტუდენტების განკარგულებაშია ხატწერის, ქარგვისა და ქსოვილების მხატვრული დამუშავების სახელოსნოები. ხატწერის მიმართულებაზე შესაძლებელია მინანქრის, მინერალური პიგმეტების, რესტავრაციისა თუ კომპიუტერული გრაფიკის ლაბორატორიებით სარგებლობა. თეორიული ცოდნის გაღრმავებისთვის, სტუდენტებს შეუძლიათ სასულიერო აკადემიის ბიბლიოთეკით ისარგებლონ. აღსანიშნავია, სემინარია-აკადემიის საგამომცელო საქმიანობა, რაშიც საკამოდ გამოცდილი მკვლევარები და მეცნიერები არიან ჩართულნი. ისინი ყველაფერს აკეთებენ, რომ სტუდენტები ახალ-ახალი და საინტერესო წიგნებით გაამდიდრონ.
სასწავლო პროგრამები
საგანმანათლებლო პროგრამებთან დაკავშირებით, სასულიერო აკადემია-სემინარიის ხარისხის უზრუნველყოფისა და სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსმა გიორგი ნატროშვილმა მოგვაწოდა ინფორმაცია.
ბატონო გიორგი, თბილისის სასულიერო აკადემია და სემინარია რა საგანმანათლებლო პროგრამებს სთავაზობს ახალგაზრდებს?
– ჩვენთან საგანმანათლებლო პროგრამა სამივე საფეხურს მოიცავს: ბაკალავრიატს, მაგისტრატურასა და დოქტორანტურას. სადოქტორო პროგრამა ცოტა ხნის წინ გაიხსნა. ასევე საბაკალავრო კურსს დაემატა არქიტექტურის მიმართულება. სასწავლებელს გავლილი აქვს ავტორიზაცია და ჩვენ მიერ გაცემული დიპლომი სახელმწიფოს მიერაა აღიარებული. სწავლა სასულიერო აკადემიისა და სემინარიის ყველა მიმართულებაზე უფასოა.
სწავლება რამდენწლიანია?
– ბაკალავრიატი ოთხწლიანია და აბიტურიენტებს შემდეგ საგანმანათლებლო პროგრამებს ვთავაზობთ: თეოლოგია, ქრისტიანული ხელოვნებათმცოდნეობა, ქრისტიანული ფსიქოლოგია, საეკლესიო არქიტექტურა, ხატწერა, დაზგური და მონუმენტური ხატწერის რესტავრაცია. მაგისტრატურა სამწლიანია. კურსდამთავრებულებს თეოლოგიის მაგისტრის აკადემიური ხარისხს ვანიჭებთ. ასევე სამწლანია დოქტორანტურაც, რომლის ფარგლებშიც შემდეგ პროგრამებს ვახორციელებთ: პატროლოგია, ეკლესიის ისტორია (წარმოდგენილია მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესიისა და საქართველოს ისტორიის მოდულებით), ბიბლეისტიკა (ძველი აღთქმისა და ახალი აღთქმის მოდულებით), დოგმატიკა, ლიტურგიკა და კანონიკური სამართალი.
ინფორმაციისთვის: თბილისის სასულიერო აკადემია და სემინარია აცხადებს სტუდენტების მიღებას. რეგისტრაცია მიმდინარეობს 23 თებერვლიდან 31 მარტის ჩათვლით, 18:00 საათამდე. ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ბარდება მხოლოდ ქართული ენა და ლიტერატურა. შიდა გამოცდებს აბიტურიენტები აბარებენ თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში. დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ვებ-გვერდი: www.Tsas.ge
სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა
ქალბატონი ნინო მელიქიშვილი, რომელიც სასულიერო აკადემიის გამომცემლობის ხელმძღვანელია, გვესაბურა იმ კვლევით საქმიანობაზე, რომელშიც აკადემია-სემინარიის პედაგოგები არიან ჩართულნი.
– აკადემია-სემინარიის პედაგოგებს ბევრი სამეცნიერო და თეოლოგიური ხასიათის ნაშრომი აქვთ გამოქვეყნებული აკადემიის ორ პერიოდულ გამოცემაში: ”საღვთისმეტყველო-სამეცნიერო კრებულსა” და საეკლესიო-სამეცნიერო კრებულ ”გრაგნილში”. ”გრაგნილში” ძირითადად წარმატებულ სტუდენტთა სამაგისტრო ნაშრომები და დოქტორანტთა სტატიები იბეჭდება.
აღსანიშნავია ის გამოცემებიც, რომლებიც უკანასკნელი შვიდი წლის მანძილზე განხორციელდა. ეს არის დიდი ბიზანტიელი საეკლესიო მამების თხზულებათა ძველი ქართული თარგმანები და სახელმძღვანელოები აკადემიის სტუდენტებისათვის. ამ გამოცემებისა და მათი ავტორების ნუსხა იმდენად ვრცელია, რომ სტატიის ფორმატში, სამწუხაროდ, ყველას ვერ ჩამოვთლით. თუმცა რამდენიმეს დაგისახელებთ. მაგალითად, დოგმატურ-საღვთისმეტყველო შრომებიდან გამოირჩევა „სპეკალი მართლმადიდებლობისა”, ლიტურგიკული მწერლობის უმნიშვნელოვანესი ძეგლია „დიდნი კურთხევანი”, ჰიმნოგრაფიის სფეროში აღსანიშნავია მონოგრაფიები: „იოანე მინჩხის პოეზია”, „ეფრემ მცირის ჰიმნოგრაფიული მემკვიდრეობის შესახებ” და „ძველი ქართული მთარგმნელობითი ხელოვნების შესახებ”. უკანასკნელ წლებში დაისტამბა ძველი ქართული საეკლესიო ლიტერატურის პირველი ტომი, რომელშიც შევიდა ხუთი ყველაზე მნიშვნელოვანი ორიგინალური აგიოგრაფიული თხზულების თანამედროვე ქართულ ენაზე გადმოტანილი ტექსტი, რაც სიახლეა ქართულ ფილოლოგიურ მეცნიერებაში.
აგრეთვე, უნდა ვახსენოთ, თბილისის სასულიერო აკადემიის კონტაქტები უცხოეთის რიგ მართლმადიდებლურ სასწავლებლებთან. ეს კონტაქტები ბევრის მომცემია მართლმადიდებლურ სასწავლებლებს შორის გამოცდილების გაძლიერებისა და სტუდენტთა გაცვლითი პროგრამების კუთხით.
სასულიერო აკადემია და სემინარია ისტორიულ ჭრილში
„თბილისი თაიმსი“ აქვე სასულიერო აკადემიის დაარსების ისტორიას გთავაზობთ:
“საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ეფრემ II და და ცხუმ აფხაზეთის ეპისკოპოსი ილია”
საბჭოთა პერიოდში, პირველად 1963 წელს მცხეთაში გაიხსნა სამოძღვრო კურსები. ამ დროს საქართველოს ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას ეფრემ II ედგა სათავეში. მოგვიანებით ეს კურსები სემინარიად გადაკეთდა და მისი პირველი რექტორი შემოქმედელი ეპისკოპოსი ილია შიოლაშვილი გახდა. 1988 წლიდან, მას შემდეგ, რაც თბილისში ილია II-ის კურთხევით სასულიერო აკადემია გაიხსნა, მცხეთის სასულიერო სემინარიაც ამავე შენობაში განთავსდა.
უნდა აღინიშნოს, რომ ჯერ კიდევ 1817 წელს რუსეთის საიმპერატორო ხელისუფლების გადაწყვეტილებით, რუსული სასულიერო სემინარია გაიხსნა თბილისში. მოგვიანებით სემინარიები თელავსა და გორსაც შეემატა, თუმცა ამ დაწესებულებების მიზანი იყო, ძალ-ღონე არ დაეშურებინათ ქართველი ერის გარუსებისთვის, რასაც არაერთხელ მოყვა ქართველი სტუდენტებისა და მასწავლებლების პროტესტი. 1886 წელს სემინარიის რექტორის, დეკანოზ ჩუდეცკის მკვლელობის შემდეგ ვითარება კიდევ უფრო დაიძაბა. სტუდენტების ერთი ნაწილი მეამბოხეებად შერაცხეს და სასწავლებლიდანაც გარიცხეს. სემინარიის შიგნით ბრძოლა კვლავ გრძელდებოდა ეროვნულ სულისკვეთებასა და რუსულ იმპერიულ პოლიტიკას შორის, რასაც უპირისპირდებოდნენ: ეპისკოპოსები გაბრიელ ქიქოძე, ალექსანდრე ოქროპირიძე, ლეონიდე ოქროპირიძე, კირიონ საძაგლიშვილი, არქიმანდრიტი ამბროსი ხელაია, დეკანოზები: ქრისტეფორე ციცქიშვილი, კალისტრატე ცინცაძე, დავით ღამბაშიძე და სხვები.
მე-19 საუკუნის ბოლოს სემინარია განთავსებული იყო ახლანდელ შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში და 1905 წლამდე აქ მდებარეობდა. რაც შეეხება თავად ნაგებობას, იაკობ ზუბალაშვილის დაკვეთით, 1835 წელს შვეიცარიელმა არქიტექტორმა ბერნარდოცმა ააგო და წლების მანძილზე სასტუმროდ გამოიყენებოდა.
1917 წლის 12 მარტს სვეტიცხოველში საქართველოს მართლმადიდებელმა სამოციქულო ეკლესიამ ავტოკეფალია დაიბრუნა და განახლდა მსჯელობა ქართული სემინარიის დაარსების თაობაზე. სამწუხაროდ, 1921 წლის 25 თებერვალს საქართველოში ბოლშევიკური საოკუპაციო ჯარების შემოსვლამ ეს და კიდევ სხვა მრავალი ეროვნული მნიშვნელობის საქმე დიდი დროით შეაფაერხა. მიუხედავად არაერთი მცდელობისა, 1963 წლამდე ვერ მოხერხდა საბჭოთა ხელისუფლებისგან ოფიციალური ნებართვის მიღება, რომ ქვეყანაში თეოლოგიური კურსები გახსნილიყო.
წყარო: „თბილისის სასულიერო აკადემია და სემინარია“, სერგო ვარდოსანიძე, 2010.
მარიამ ქალებაშვილი