ერთი სივრცე, ერთი თემა და მასალის ურიცხვი რაოდენობა. კედლები, რომლებიც საქართველოს ინახავს და იმ ამბებს ჰყვება, რომლებიც, საქართველოს გარდა, უცხო ქვეყნის წარმომადგენლებსაც აინტერესებთ. “ბიბლიოთეკა საქართველოზე” – საინტერესო და საჭირო სიახლე ჩვენს ქვეყანაში. “თბილისი თაიმსის” შეკითხვებს სწორედ მისი დამფუძნებელი, გიორგი არზიანი პასუხობს:
რამდენი ხანია, რაც ეს ბიბლიოთეკა არსებობს?
სულ ახალი დაარსებულია – 2018 წლის ნოემბერში დაიწყო მომზადება, წიგნების შეგროვება და ფართთან დაკავშირებული მოლაპარაკებები.
რა არის თავმოყრილი ამ დაწესებულებაში?
ეს არის კურატორული პრინციპით აწყობილი კროსდისციპლინარული ბიბლიოთეკა საქართველოს თემატიკაზე. ძალიან ბევრი კარგი გამოცემა, სამწუხაროდ, არ იყრის თავს არც მაღაზიებში, არც – წიგნების ფესტივალებზე. ეს დაკავშირებულია საგრანტო კონტაქტებთან, რომლებიც, ხშირად, არ აძლევს ბენეფიციარებს წიგნების გაყიდვის უფლებას. შესაბამისად, წიგნი პრეზენტაციაზე რიგდება და, ამ ფორმით, ვრცელდება. ჩვენ კი უკვე შევაგროვეთ საკმაოდ დიდი და, რაც მთავარია, ძალიან საინტერესო ბეჭდური კოლექცია საქართველოზე.
განსაკუთრებით, რომელი მასალები არის გამორჩეული?
დიდი სივრცე აქვს დათმობილი წიგნებსა და ალბომებს არქიტექტურასა და ქართულ ხელოვნებაზე. ბიბლიოთეკაში შეგიძლიათ, ნახოთ წიგნები როგორც მუზეუმებში დაცულ დეკორატიულ ხელოვნებასა და საეკლესიო ხელოვნებაზე, ასევე – თანამედროვე არტპროექტებზე, გამოფენებსა და ფესტივალებზე. გარდა ამისა, აქ ინახება ფერწერის კატალოგები, ანალიტიკური გამოცემები ქართულ ხელოვნების თეორიასა და ისტორიაზე. ჩვენ, ასევე, გვაქვს ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი წიგნების კოლექცია აფხაზეთზე, რომლის გარეშე ჩვენი ბიბლიოთეკა ვერ და არ იქნებოდა სრულყოფილი.
რა მიზნებზეა ორიენტირებული მისი დაარსება?
საქართველო, დიდწილად, არის შეუსწავლელი ქვეყანა. ევროპულ ქვეყნებთან შედარებით, ძალიან ცოტა არის დაწერილი საქართველოზე როგორც ისტორიის კუთხით, ასევე – პოლიტეკონიმიაზე, სოციოლოგიაზე, ხელოვნებასა და კულტურაზე, ეს სამწუხაროა, მაგრამ წარმოიდგინეთ, რამდენი საინტერესო აღმოჩენა გველის კიდევ წინ! საქართველოს არქივებში დევს ძალიან ბევრი შეუსწავლელი მასალა, რომ არაფერი ვთქვათ, ინგლისზე, მოსკოვზე, სტამბოლზე, ან – თეჰერანზე. ამავე დროს, სერიოზული ნაშრომი ვერ წარმოიქმნება სერიოზული და განვითარებული აუდიტორიის გარეშე. ჩვენი მიზანია საუკეთესო და ახალი მასალების შეგროვება, რაც მისცემს მკითხველს, ერთგვარ, სამგანზომილიან გაგებას იმისა, თუ რამდენი წიგნი დაიწერა საქართველოზე და რა თემატიკებზე მოახდენს ამ პრობლემატიკის აქტუალიზაციას.
რის გამო შეიძლება, ეს მოვლენა მივიღოთ, როგორც გამორჩეული, საჭირო და საინტერესო?
ნებისმიერი ქალაქი არის გამორჩეული საკუთარი წიგნების მაღაზიებით, მუზეუმებით, გალერეებით, თეატრებითა და, რა თქმა უნდა, ბიბლიოთეკებით. ჩვენ, ამ მხრივ, ევროპულ ქალაქებზე უკან ვართ. მოდით, შევადაროთ თბილისი ვენას… ასევე, საქართველოში, ზოგადად, არ არის განვითარებული კერძო და სპეციალიზებული ბიბლიოთეკები. მახსენდება რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის კარგი ბიბლიოთეკა, სააკაშვილის ბიბლიოთეკა და რამდენიმე საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკა. თუმცა, ბოლო ორიენტირებულია, ძირითადად, სტუდენტებზე და ჩაკეტილია სხვა პუბლიკისთვის.
რა კატეგორიის ადამიანებზეა ის ორიენტირებული?
ყველასთვის, ვისაც უყვარს და აინტერესებს საქართველო.
ბევრი დაინტერესდა მისით?
საკმაოდ დიდია გამოხმაურება, რისი ერთ-ერთი მაჩვენებელიცაა, ე.წ, ბუნებრივი მოწონებების ძალიან სწრაფი ზრდა ჩვენს “ფეისბუქგვერდზე”.
სამომავლოდ, რა გეგმები აქვს ბიბლიოთეკას?
ბიბლიოთეკა არის ნაწილი უფრო ფართომაშტაბიანი საგანმანათლებლო პროექტისა: ბიბლიოთეკის ბაზაზე ჩვენ ვაპირებთ საჯარო ლექციებისა და სპეციალიზებული კურსების ჩატარებას.
ავტორი: მარიამ ტიელიძე