ქართველი ერის მამა, ილია ჭავჭავაძე ქართული სასულიერო წრეების ისტორიულ დამსახურებაზე მსჯელობისას ყოველთვის აღნიშნავდა, რომ მამული და ეროვნება მოაშველა სამღვდელოებამ რჯულს,რჯული კი _ მამულსა და ეროვნებას. როგორ შეგვიძლია გავიგოთ ილია ჭავჭავაძის სიტყვები?! სავარაუდოდ, ილია გულისხმობდა იმ ფაქტს, რომ სამღვდელოებამ ქრისტიანული რელიგია იმდენად მოარგო ქართველი ერის ცნობიერებას, რომ ქრისტიანობა და ქართველობა გააიგივა. მსგავსი ტენდეცია წლების განმავლობაში გრძელდებოდა და ახლაც გრძელდება. სასულიერო პირების ღვაწლი საქართველოს ისტორიაში ფასდაუდებელია. სამღვდელოება საუკუნეების განმავლობაში ასრულებდა ერის საგანმანათლებელო ფუნქციას. მონასტრებში იქმნებოდა სემინარიები, აკადემიები, რომლებშიც გაჭირვებული ფენის წარმომადგენელთა ბავშვებს შეეძლოთ მიეღოთ განათლება, ესწავლათ წერა-კითხვა და ამით შემდგომ საკუთარ ქვეყანას დახმარებოდნენ.
ქართველი სასულიერო პირები განსაკუთრებით დიდ ყურადღებას აქცევდნენ ხელოვნების განვითარებასაც. მაგალითად, აღმოსავლეთ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ანტონ I ხელს უწყობდა კალიგრაფიული სკოლების, ბიბლიოთეკების, თეატრის შექმნას, მხატვრობის, პოეზიისა და ხელოვნების დარგების განვითარებას. მისი ინიციატივით, კერძო ეპარქიული დაბალი სასწავლებლები გარდაიქმნა სახელმწიფო ტიპის სკოლებად. რაცარუნდა გასაკვირი იყოს სწორედ ანტონ I-ის დამსახურებაა ფიზიკაში ქართული ტერმინოლოგიის დადგენა.
უამრავი საინტერესო ფაქტი შეგვიძლია გავიგოთ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ ანტონ II-ის შესახებ. მისმა აქტიურმა მოქმედებებმა განაპირობა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენა 1917 წელს. მისი ინიციატივით დაარსდა 19 სამრევლო სკოლა, აშენდა სკოლები აწერისხევში, ვანათში, თიანეთში. ანტონ II-მ აბსოლუტურად ყველა სკოლას შეუქმნა წიგნთსაცავები და ბიბლიოთეკები. იგი მოღვაწეობისას ქართულსა და რუსულ ჟურნალ-გაზეთებში აქვეყნებდა წერილებს, გამოკვლევებს, საქართველოს ეკლესიის ისტორიაზე, ქართულ ზეპირსიტყვიერებაზე, ქართულ ლიტერატურეაზე ივერიელის, საძაგელოვიისა და ლიახველის ფსევდონიმებით. იგი აქტიურ პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა გორის, ქუთაისისა და ტფილისის სასულიერო სასწავლებლებში.
ქართული ისტორიის დაცვაში მონაწილეობდა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ამბროსი ხელაია, რომელიც იკვლევდა ქართული ისტორიულ ძეგლებს. პეტერბურგის „უწყებებში“ და ქართულ პერიოდულ პრესაში „ამბერი“-ს ფსევდონიმით აქვეყნებდა წერილებს საქართველოს პოლიტიკური, კულტურული და საეკლესიო წარსულისა და მიმდინარე ვითარებებეის შესახებ. აქტიურად მონაწილეობდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მუშაობაში. ამბროსი აქტიურად მონაწილეობდა ბოლშევიკური მთავრობის წინააღმდეგ იდეოლოგიურ ბრძოლაში. მას ეკუთვნის ცნობილი მიმართვა გენუის მსოფლიო სამშვიდობო კონფერეციის მიმართ. იგი მოითხოვდა საქართველოს რუსეთის ბოლშევიკური ხელისუფლების მიერ შელახული ღირსების აღდგენასა და რუსი ოკუპანტი ჯარის გაყვანას ქვეყნის საზღვრებიდან.
პედაგოგიური საქმიანობით გამოირჩეოდა მეუფე გაბრიელ ქიქოძე. მეუფე იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ერთ-ერთი დამფუძნებელი. მან საკუთარი სახსრებით გახსნა რამდენიმე სამრევლო და სახალხო სკოლა, ასევე მისი ინიციატივით დაარსდა ქუთაისში სასულიერო სემინარია და ქალთა ეპარქიული სასწავლებელი.
ეს ის მცირე რაოდენობის მაგალითია, რომელიც ნათლად აღწერს საუკუნეების განმავლობაში საქართველოს კულუტურისა და ცონდის განვითარებაში სასულიერო პირების მნიშვნელობას. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ სწორედ სასულიერო პირების მხრებზე იდგა ქართველთა კულტურული თუ სოციალური განათლება და განვითარება.
რა ხდება დღეს?!
ბოლო წლების განმავლობაში საპატრიარქო რამდენიმე დიდ სკანდალში გაეხვა. ყველაზე გახმაურებული და ჯერ კიდევ აქტუალური კი ე.წ. „ციანიდის საქმეა“. დღესდღეობით საგრძნობლად მცირდება იმ სასულიერო პირთა რაოდენობა, რომელებიც საგანმანათლებლო პროცესში აქტიურად არიან ჩართულნი. სამღვდელოებაში იმატა სიძულვილის ენით საუბარმა, სკანდალურმა განცხადებებმა, შიდა დაპირისპირებებმა და მათი მხრიდან პოლიტიკურ საქმიანობაში ჩარევამ, რაც კიდევ უფრო უკარგავს საზოგადოებას ნდობას საპატრიარქოს მიმართ.
ალბათ ყველას ახსოვს ე.წ. „ტაბურეტკიანი“ მამაო, სასულიერო პირი, რომელიც უშვერი სიტყვებით ლანძღავს მაღაზიაში მომუშავე პერსონალს, მეუფე, რომელიც სინოდის სხდომაზე შეურაცხყოფას აყენებს კოლეგას, დეკანოზი, რომელიც ცნობილ ქართველ მეცო-სოპრანოს ანიტა რაჭველიშვილს საჯაროდ „წყევლის“. ასევე ხშირად ვხედავთ ტელეეკრანებზე მაღალი იერარქიის სასულიერო პირებს, რომლებიც თავიანთ კოლეგებს, პოლიტიკაში აქტიურად მონაწილე პირებს, მინისტრებსა და პარლამენტარებს საჯაროდ ლანძღავენ, საუბრობენ პატრიარქის წინააღმდეგ საიდუმლო შეთქუმელაბზე და ა.შ. ეს ყველაფერი კი ეპოქის ცვლამ და საზოგადოებრივმა განწყობის ცვლილებამ მოიტანა.
რა თქმა უნდა, მსგავსი ფაქტები წინა საუკუნეშიც იყო. გხვდებოდა სასულიერო პირების მიერ კოლეგების დასმენის ფაქტები. ერთმანეთის მიმართ საჩივრების დაწერა, სამეფო ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლა და ა.შ., მაგრამ საბედნიეროდ ეს არც ისე ხშირი იყო.
საზოგადოება ყველაფერ ამას, რა თქმა უნდა, კრიტიკულად აღიქვამს. ნდობა საზოგადოებაში სასულიერო პირების მიმართ საგრძნობლად მცირდება განსაკუთრებით კი ახალგაზრდებში. სასულიერო პირების მიმართ უნდობლობა კი მთნიალობაში რელიგიის მიმართ უნდობლობასაც იწვევს. ამ პრობლემების მოსაგვარებლად კი საპატრიარქომ აუცილებლად უნდა იმუშაოს, მაგრამ სამწუხაროდ ბოლოდროინდელი სკანდალის გამო სხვა პრობლემების მოსაგვარებლად დრო აღარ რჩებათ.
ყოველივე ამის მიუხედავად, რა თქმა უნდა, დღესაც არიან სამღვდელოების წარმომადგენლები, რომლებიც თავიანთ საქმეს პირნათლად ასრულებენ. თავს იკავებენ და არ ერევიან პოლიტიკურ ცხოვრებაში. ჰყავთ დიდი მრევლი, ხსნიან დაწესებულებებს სადაც სოციალურად დაუცველ ახალგაზრდებს შეუძლიათ მოემზადონ საგამოცდოდ, ისწავლონ ქართული საგალობლები, ქსოვა, ქარგვა და მრავალი ხელსაქმე. მაგალითად, ადიგენის რაიონ სოფელ ზარმზაში არსებულ სკოლაში, ამავე სახელობის მონასტრის ბერები წლებია უსასყიდლოდ ასწავლიან მოსწავლეებს ინგლისურს, ფიზიკასა და მათემატიკას.
ავტორი: თორნიკე ჭიტაძე