საქართველოში აქტიურად იწარმოება სხვადასხვა ხილის ჩირი. თუმცა, ისინი განსხვავებულია. გარდა იმისა, რომ განსხვავებულია ხილის სახეობიდან გამომდინარე, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რამდენად ჯანსაღია ის. ამ მხრივ ჩვენს ქვეყანაში კონკურენცია. მეტნაკლებად, არსებობს. როგორც წესი, ადამიანები ხარისხს პროდუქციის ფასიდან გამომდინარე საზღვრავენ.
ჩირის მწარმოებელი კომპანია “ჩიკორი” დაფუძნდა 2015 წელს, არსებობს უკვე ხუთი წელია. ის აწარმოებს სხვადასხვა ხილის ჩირს. დეტალებზე “თბილისი თაიმსს” “ჩიკორის” დამფუძნებელი, გიორგი კვირიკაძე ესაუბრა.
რა იყო იმის მიზეზი, რომ “ჩიკორი” დაარსდა?
ჩვენ გვქონდა ხეხილის ბაღები. ეს გახლავთ ერთი მიზეზი. მეორე მიზეზი იყო ის, რომ ქართული ჩირი ბაზარზე საერთოდ არ იყო, მომწონდა ეს პროდუქტი და ვიფიქრეთ – რატომაც არა, ჩვენც შეგვიძლია. ამასთან, სწორედ მაშინ გამოცხადდა სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამა, რომელიც ხელს უწყობდა გადამამუშავებელი საწარმოების განვითარებას. იყო გარკვეული საშეღავათო პირობები და ჩვენც გადავწყვიტეთ, გვესარგებლა. სწორედ ამ სამმა ფაქტორმა განაპირობა, რომ დაგვეარსებინა “ჩიკორი”.
ამ სამი მიზეზის გამო, ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ეს წარმოება საინტერესო იქნებოდა მომხმარებლისთვის. ზუსტადაც, ამ პროდუქტის შემოტანამ ბაზარზე დიდი ინტერესი გამოიწვია.
თქვენი პროდუქტი ექსპორტზე სად გადის?
“ჩიკორის” წარმოება გადის სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის, ძირითადად, ევროპის ქვეყნებში. გადის რუსეთში, ბალტიისპირეთში, ჩეხეთი…
თქვენი, როგორც დამფუძნებლის შეფასებით, რის გამო არის მისაღები თქვენი წარმოება?
პირველ ყოვლისა, ალბათ, იმიტომ, რომ ის არის ძალიან სასარგებლო პროდუქტი, ზოგადად. მეორე მიზეზი კი არის ის, რომ გახლავთ ძალიან გემრიელი. ამ პროდუქტში ისეთი კომბინაციაა გაერთიანებული, რომ კითხვის ნიშნებს აღარ ტოვებს.
ზოგადად, ბაზარზე რა ვითარებაა – რამდენად ხარისხიანია შემოთავაზებული ჩირი?
აქვე მინდა, აღვნიშნო, რომ განვითარებულ ქვეყნებში წარმოებულ ანალოგებთან შედარებით ჩვენი პროდუქტი გაცილებით ხელმისაწვდომია, თუნდაც, თურქულ ანალოგებთან შედარებით.
სამწუხაროდ, უნდა აღინიშნოს, რომ ამ მხრივ არსებობს ძალიან ბევრი ძალიან უხარისხო პროდუქტი. ძირითადად, შუა აზიიდან შემოტანილ ჩირს ვგულისხმობ. ისინი მუშავდება სხვადასხვა შერეული საშუალებით. მათი ერთადერთი უპირატესობა არის ის, რომ იაფია.
მასალა მოამზადა : მარიამ ტიელიძე