საქართველოს სტატისტიკის ეროვნული ცენტრის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 10 თვეში ჩვენმა ქვეყანამ წყლების ექსპორტიდან 93.5 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო. ეს მაჩვენებელი საკმაოდ ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით – 16.2 %-ით. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მინერალური და მტკნარი წყლები საქართველოს 10 უმსხვილეს საექსპორტო ათეულში შედის.
რა ვითარებაა, ამ კუთხით, ჩვენს ქვეყანაში და რა პერსპექტივები აქვს სამომავლოდ საქართველოს საერთაშორისო ბაზარზე წყლის ექსპორტის საფუძველზე – საკითხის შესახებ “თბილისი თაიმსის” შეკითხვებს ეკონომიკის ექსპერტი, იოსებ არჩვაძე პასუხობს.
უფრო დეტალურად. რა გახდა იმის მიზეზი, რომ საქართველომ, წინა პერიოდთან შედარებით, წყლების ექსპორტიდან ნაკლები შემოსავალი მიიღო?
ზოგადად, ექსპორტი და მთლიანად საგარეო ვაჭრობა, დიდწილად, დამოკიდებულია გლობალურ მოთხოვნაზე. კორონავირუსის პანდემიამ მნიშვნელოვნად შეამცირა არა მხოლოდ ეკონომიკის მასშტაბი, არამედ – ვაჭრობის მოცულობაც. თანაც, ვაჭრობის მოცულობა უფრო მეტად შემცირდა, ვიდრე – გლობალური მთლიანი შიდა პროდუქტი. ეს არის იმის ერთერთი საფუძველი, რომ, ცალკეული პოზიციების მიხედვით, რომლებზეც მაღალი მოთხოვნა არსებობს, შემცირებას აქვს ადგილი.
გაცილებით ნაკლებად იტყვის ადამიანი უარს პურის მოხმარებაზე, ვიდრე – იმპორტირებული წყლის რესურსის მოხმარებაზე. ამიტომ, მაინც ვფიქრობ, რომ ეს დროებითი მოვლენაა და დროთა განმავლობაში საქართველო არათუ დაიბრუნებს პოზიციებს, არამედ წყლის ექსპორტი შეიძლება, გახდეს ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ერთერთი მძლავრი და მნიშვნელოვანი ბერკეტი.
თუ არის შესაძლებელი იმის ვარაუდი, თუ რა დრო დასჭირდება ამ მაჩვენებლის დარეგულირებას?
დარეგულირების პროცესი დიდწილად იქნება დამოკიდებული კორონავირუსის პანდემიით გამოწვეულ პროცესებთან. თუ ეს პრობლემა შედარებით მალე მოგვარდება, რის იმედსაც გვაძლევს სხვადასხვა ქვეყანაში წარმოებული ეფექტური ვაქცინები, ბაზარზე უფრო აქტიური წარმოჩენისთვის აბსოლუტურად საკმარისია, დაახლოებით, სამიდან ექვს თვემდე პერიოდი – ეს იმისთვის, რომ ქვეყანამ არა მხოლოდ დაიბრუნოს დაკარგული პოზიციები, არამედ – უფრო დიდი მოცულობით და სოლიდურად იქნეს წარმოდგენილი.
რომელ ქვეყნებში გადის ქართული მინერალური წყლები?
ჩვენ მინერალური წყლები გაგვაქვს რუსეთის ფედერაციაში, ასევე, ახლო აღმოსავლეთში, ჩვენს მეზობელ აზერბაიჯანში, უკრაინაში, ისრაელში – დიდია ქვეყნების ჩამონათვალი, რომლებიც ჩვენი წყლის იმპორტიორები არიან.
მასალა მოამზადა : მარიამ ტიელიძემ