ოქროსფერი ხორბლის მდელო, ფრანით მორბენალი ოქროსფერი ბავშვი, მზის სხივები თმებში ჩაუწნავს და ღიმილით გასცქერის ამ საოცარ ხედს. მერე სიყვარულით მოავლებს თვალს იქვე თოკზე გაბმულ ფოტოებს და კიდევ ერთხელ დარწმუნდება, რომ სწორ დროს სწორ ადგილასაა სწორი ემოციებით და სწორი შეგრძნებებით .
უკვე მესამე წელია რაც დედაა და ამ ახალმა სხივმა მის ცხოვრებაში მეტი ინსპირაცია შემოიტანა. ვერც წარმოედგინა, ეს სტატუსი ყველაზე დიდ შემოქმედად თუ აქცევდა, მაგრამ ლუკასის ნებისმიერ ნაბიჯს ქაოსურად ბევრი რამის შეცვლა შეუძლია მასში და მის ნამუშევრებში.
ასე წარმომიდგენია მისი ყოველი დილა, იმ საოცრად შემოქმედებითი გოგონას, რომელმაც საინტერესო გზა განვლო ჟურნალისტიკიდან ფოტოგრაფიამდე და დღეს სინათლით ხატავს, ემოციებით ხატავს და წამებს იჭერს თავის მზით განათებულ კადრებში. გვანცა ბერძენიშვილი 25 წლისაა. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის ფაკულტეტი დაასრულა, თუმცა საკუთარი თავი ფოტოგრაფიაში იპოვა. ალბათ, ამაშია ცხოვრების ხიბლიც. სადაც ნაკლებად ეძებ, იქ რომ პოულობ საკუთარ თავს და იმ შეგრძნებებს, რაც ადამიანებს გვავსებს მთელი არსებით. წარმოსახვისთვის გასაქანი ხშირად მიუცია და წინა ცხოვრებაზეც უფიქრია, თუმცა მაინც სწამს, რომ ის ახლა და აქ არის ის ვინც არის -თავისი თავის ყველაზე განუმეორებელი ვარიანტი, რადგან როგორც ამბობს, თუ კიდევ ბევრჯერ იყო აქამდე და მერეც ბევრჯერ იქნება, მაშინ საერთოდ ყველაფერს ეკარგება აზრი.
რას ნიშნავს ფოტოგრაფია მისთვის და სამომავლოდ რა გეგმები აქვს, ამაზე ახალგაზრდა კრეატიული ფოტოგრაფი გვანცა ბერძენიშვილი თბილისი თაიმსს ესაუბრა :
„განათლებით ჟურნალისტი ვარ და ასევე ფოტოგრაფი, თუმცა ჟურნალისტად არასდროს მიმუშავია. ახლაც ვთვლი, რომ მსოფლიოში ერთერთი საინტერესო პროფესიაა, თუმცა იქ ჩემი თავი ვერ ვიპოვე.
ბავშვობიდანვე მომწონდა ფოტოგრაფია, ალბათ ,ეს კინემატოგრაფიის დამსახურებითა და საყვარელი ფილმების ზეგავლენით იყო განპირობებული. ოპერატორების მიერ კამერით შექმნილი სასწაულებისგან დაუფლებული უცნაური ემოციების შედეგად, სხვებისა და საკუთარი თავისთვის იგივეს შექმნის სურვილი მეც მიჩნდებოდა. თუმცა რადგან არაფერი მქონდა რითიც წამს გავაჩერებდი, ფიქრი „სინათლით ხატვაზე” დიდი ხნის განმავლობაში მივიწყებას მიეცა.
ჟურნალისტიკაზე სწავლისას ფოტოჟურნალისტიკის საგნები გავიარე, რამაც ნაწილობრივ ბავშვობაში გაჩენილი ნაპერწკალი გამიღვივა, ნაწილობრივ კი, სულ სხვა, დაუსრულებელი შესაძლებლობებით სავსე ფოტოგრაფიის სამყარო დამანახა. ამ ბიძგის შედეგად, მაშინვე ჩავაბარე ფოტოგრაფიის პროფესიულ პროგრამაზე, სადაც ძალიან მაგარი ლექტორებისა და ფოტოგრაფების დამსახურებით კიდევ უფრო შემიყვარდა ეს პროფესია. სირთულე ბევრია, ისევე როგორც ყველა სხვა სფეროში, პირველ რიგში ძალიან გამიჭირდა ტექნიკის შეძენა, მაშინ სადიპლომო ფოტოებიც უნივერსტეტის კამერით გადავიღე. ძალიან რთულია შექმნა რაღაც ახალი, რადგან ფოტოგრაფიის ყველა სფერომ სხვადასხვა ეპოქაში განვითარების პიკს მიაღწია.
ჩემთვის ფოტოგრაფიის სიყვარული, თავის თავში სიმბოლოებს მოიცავს. ყოველი ფოტოს დათვალიერება დიდი ხნის წინ შენახული მოგონებებით სავსე ყუთის გახსნას ჰგავს, უყურებ და გახსენდება ისტორიები, მომენტები და მომენტებისგან მოტანილი შეგრძნებები. შეგრძნებები, რომლებიც ასე გვიყვარს. ადამიანები იცვლებიან ფიზიკურად ან ბუნებით, მიდიან ჩვენი გონებიდან ან ცხოვრებიდან. ფოტოებზე კი ყველაფერი უცვლელი რჩება. მთელს სამყაროში, რომ აღარავის გულსა და მახსოვრობაში არსებობდე, ფოტოზე შენ ისევ იქ, იმავე ადგილას ხარ.
ფოტოების გადაღება ჩემი თავის გამოხატვის გზაც არის, სხვაგვარად ვერც იქნებოდა: ინტერესების, ვნებების, ისევ და ისევ განწყობებისა და ემოციების, რომლებსაც მათი გადაღების დროს ვგრძნობ და ვცდილობ ფოტოზე გადმოტანით მათი რაღაც ნაწილისგან გავთავისუფლდე, ხანდახან ქაოსია, ხანდახან შიში, ხშირად კი უბრალოდ სილამაზე და სიყვარული. ჩემთვის ფოტოგრაფია ბედნიერებისა და თავისუფლებისკენ სწრაფვაა.
ფოტოგრაფი ძალიან ბევრია, თუმცა მათ არ ვუყურებ როგორც კონკურენტებს და ეს არც ერთი წამით იმიტომ რომ ვინმეს ვჯობივარ, უბრალოდ ზოგადად არ ვუყურებ ამ ყველაფერს როგორც შეჯიბრს. ყველას თავისი მიმართულება აქვს და გულწრფელად მიხარია მათი კრეატიული იდეები და წარმატებები. რაც შეეხება ჩემს სტილს, ეს ამ სფეროში შემხვედრი კიდევ ერთი დიდი პირადი სირთულეა, ზოგადად ყოველთვის ვთვლიდი, რომ მუდამ ერთი კონკრეტული მიმდინარეობის მიყოლით, შესაძლოა სხვა ბევრი ამაღელვებელი რამ დაკარგო ცხოვრებაში, იქნება ეს თუნდაც ერთი სტილის მუსიკის მოსმენა თუ ჟანრი ფოტოგრაფიაში. ყველა ჟანრს ჩემთვის სხვადასხვა ემოცია მოაქვს, ასე მგონია ყველგან შეუძლია ჩემს ნაწილს რამის „თქმა“, ამიტომ მიჭირს მუდამ ერთ სტილში მუშაობა, ეს ალბათ ნაწილობრივ ცუდია, რადგან საზოგადოებას გაურკვევლობაში ამყოფებს. თუმცა მაინც ვცდილობ, რომ ფოტო ამბებს ლაიტმოტივად რაღაც გამაერთიანებელი და ჩემთვის სახასიათო ელემენტები დაჰყვებოდეთ და მგონია, რომ 2 ყველაზე მნიშვნელოვან ფაქტორს: ფერებსა და ემოციებს, მუდამ ვინარჩუნებ.
სწორედ ემოციებისადმი სიყვარულის გამო და ჩემი პატარასგან წამოსული ინსპირაციით, ამჟამინდელი ფრილანს საქმიანობაც „მოსიყვარულე ემოციებს“ (სამუშაო სახელი) დავუკავშირე, ძალიან მიტაცებს სოციალური დოკუმენტური ფოტოგრაფია და ფოტოჟურნალისტიკა, მაგრამ რთულია ამ სფეროში საქართველოში ფინანსური წინსვლა, მოგზაურობაც დიდ დროსა და ხარჯებთანაა დაკავშირებული. ამიტომ, ჯერჯერობით, დოკუმენტალისტიკა დაპაუზებულია და კომერციულ სფეროში, ვაერთიანებ იმას, რაც მიყვარს, აღვბეჭდავ ოჯახებს, ძირითადად, წყვილებს თავიანთი პატარებით, უბრალოდ ვუმეგობრდები მათ და მაქსიმალურად ხელოვნური დადგმების გარეშე, მათთვის ყველაზე ძვირფასის- სიყვარულითა და ზრუნვით სავსე ემოციების თამაშ-თამაშით გაზიარებას ვთხოვ. ერთადერთი თხოვნა მაქვს , რომ იმ წამსაც ისე უყვარდეთ ერთმანეთი, როგორც სახლში, როდესაც მათ ვერავინ ხედავს. ამას გარდა, თავისუფალ დროს მუდმივად ვიღებ მხატვრულ სერიებს, სწორედ მათ, როგორც ზემოთ აღვნიშნე, შინაგანი სამყაროს გამოხატვის საშუალებას რომ მაძლევს. ამ სეგმენტის ფოტოებს ხანდახან უცხოურ პლადფორმებზეც ვაგზავნი, რამდენიმე მათგანი იტალიური ვოგის ონლაინ ფოტო პლადფორმაზეც არის განთავსებული.
ამ მომენტში, რომ არა ფოტოგრაფი, დიდი სიამოვნებით ვიქნებოდი რეჟისორი, ან ინტერიერის დიზაინერი.
რაც შეეხება მომავალს, სამომავლო გეგმა ბევრია. შეიძლება ყველაფერი ისე არ განვითარდეს, როგორც ვგეგმავ, ამიტომ დაზუსტებით არ ვიტყვი. ჩემს სფეროში მინდა განვვითარდე, სასწავლი ჯერ კიდევ ბევრი მაქვს, რადგან ფოტოგრაფია მუდმივ ტესტ რეჟიმზეა დამოკიდებული, ბევრი უნდა იღო და უცებ შეიძლება რაღაც ძალიან მაგარი ისწავლო და გადაიღო ისეთი, როგორსაც არც კი მოელოდი. როგორც უკვე ვახსენე ძალიან მიყვარს დოკუმენტალისტიკა და სამომავლოდ მინდა ჩემი ერთ-ერთი საოცნებო და რიტუალური სერია: აფრიკა-აზიაში მცხოვრები, მოვალეობებისა და შებოჭილობებისგან დაცლილი სიყვარულით სავსე ადამიანების კულტურა და ყოველდღიურობა გადავიღო. სალგადოს განვლილ გზას ვერასდროს გავივლი, მაგრამ ეს ჩემი შინაგანი სამყაროს პაწაწინა ტრიუმფი იქნება. იმედის ტრიუმფი… „
მასალა მოამზადა : ანა ურუშაძემ