ქართულ სუფრას ყოველთვის ახასიათებს პატივისცემა იმისა, რისი წელიც მოდის. ჩვეულებრივ, ამ დროს ადამიანებს არაერთი დეტალის განსაზღვრა უწევთ – რა ფერია დომინანტი, რომელი კერძები არ უნდა იდოს სუფრაზე, ტკბილეულიდან რომელს უნდა მიანიჭონ უპირატესობა და ა.შ. საქართველოს ნებისმიერ კუთხეს აქვს საკუთარი, სხვებისგან გამორჩეული კერძი თუ პროდუქტი, რომელიც საახალწლო დღესასწაულს უკავშირდება. თუმცა, არსებობს რამდენიმე კერძი, სადაც ყველა კუთხის გზა იკვეთება.
საცივი უპირველესია, რაც ქართულ საახალწლო სუფრას უკავშირდება – მზადდება ქათმის ან ინდაურის ნაწილებისგან, რომლებიც წინასწარ მომზადებულ ბულიონში თავსდება. ბულიონის განუყრელი ნაწილი ნიგოზია.
გოზინაყი უძველესი ქართული, ტრადიციული სადღესასწაულო ტკბილეულია. მზადდება ნიგვზისა და ადუღებული თაფლისგან. როგორც წესი, ადამიანები მისი დაგემოვნებით ერთმანეთს ტკბილ სიბერეს უსურვებენ.
ქართული სუფრის მსგავსად, ტოლმა არაერთი ქვეყნის საახალწლო სუფრას ამშვენებს. ის მზადდება ბრინჯისგან, ხახვისგან, გატარებული ხორცისა და სხვა ინგრედიენტებისგან, რომლებიც კომბოსტოში ან ვაზის ფოთოლშია გახვეული.
ფხალეული სადღესასწაულო კერძებს განსაკუთრებულად ალამაზებს. საქართველოში მას ძალიან გემრიელად ამზადებენ – მთაში თუ ბარში მისი მომზადების არაერთი რეცეპტი არსებობს. ნებისმიერ შემთხვევაში, ფხალეულს ძალიან უხდება ნიგოზი.
ჩურჩხელა მსოფლიოში საქართველოს ერთერთი გამორჩეული სავიზიტო ბარათია. თათარაში ამოვლებული ნიგოზი ან თხილი ყველაფერს სადღესასწაულო იერს სძენს. დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში მისი მომზადების წესები განსხვავებულია. ეს ტკბილეული სადღესასწაულო დღეების განსაკუთრებული მახასიათებელია.
შემწვარი გოჭი საახალწლოდ ქართველებს გამორჩეულად უყვართ. სხვადასხვა კუთხეში მის მოსამზადებლას სხვადასხვა ინგრედიენტს იყენებენ.
ქართულ სუფრაზე საახალწლოდ აუცილებლად იხილავთ ხაჭაპურს. ყველამ იცის, რომ საქართველოს ყველა კუთხეს მისთვის დამახასიათებელი ხაჭაპური აქვს – ისეთი, რომ შეუძლებელია, ერთი მეორეს შეადარო.
ბაჟე – ქართული ტრადიციული სოუსი, რომლის მოსამზადებლადაც ნიგოზი, სუნელები და ნიორი გამოიყენება.
მასალა მოამზადა : მარიამ ტიელიძემ