7 სპეცრაზმელების წამების საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე დავით მგელიაშვილმა ბაჩო ახალაიას გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა.
მოსამართლე ამ საქმეზე განაჩენის გამოსატანად 13 აგვისტოს შემდეგ იყო გასული. სწორედ 13 აგვისტოს დაასრულა სასამართლომ აღნიშნული საქმის განხილვა.
ამ საქმეზე ახალაიას წამების ორგანიზებისა და თანამდებობის ბოროტად გამოყენებისთვის დაედო ბრალი. კერძოდ, პროკურატურის ვერსიით, ბაჩო ახალაიამ შინაგან საქმეთა მინისტრობის პერიოდში, 2012 წლის აგვისტოში, განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების გამო გადაწყვიტა 7 სპეცრაზმელის დასჯა და ისინი ვითომ საწვრთნელ პროგრამაში ჩართო, რა დროსაც ჯარისკაცები აწამეს – აიძულებდნენ შიშვლად სირბილს, ვარჯიშს, უკანა ტანში ერთ–ერთს გაუკეთეს ტოტები, ამცირებდნენ და აგინებდნენ, ეძახდნენ მოღალატეებს.
თავად ბაჩო ახალაიას თქმით კი, “ეს იყო ჩვეულებრივი სამუშაო პროცესი, სამწვრთნელო, რეინჯერთა მოსამზადებელი პროგრამა”.
ახალაიასთან ერთად ბრალდებულმა ინსტრუქტორებმა სასამართლო პროცესებზე განაცხადეს, რომ ის მკაცრი პროგრამა, რომლითაც სპეცრაზმელებს წვრთნიდნენ, თავადაც აქვთ გავლილი და ეს კრიმინალს არ წარმოადგენდა.
პროკურატურის ცნობით, 7 სპეცრაზმელს იაღლუჯას პოლიგონზე 2012 წლის 18 აგვისტოდან 21 სექტემბრამდე აწამებდნენ. ადვოკატების განცხადებით კი, შვიდივე პირს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ კომპენსაციის სახით თითოეულს 10 ათასი ლარი მისცა. როგორც ბრალდებულები ამბობენ, ეს გაკეთდა იმისთვის, რათა მათ გაევლოთ ფიზიკური რეაბილიტაციის კურსი და მოერჩინათ წამებისას მიღებული დაზიანებები. მაგალითად, პროკურატურის ვერსიით, ერთ–ერთ დაზარალებულ მამუკა ჟვანიას მოტეხილი ჰქონდა ფეხი და ნეკნი, თუმცა, ბრალდებულთა ადვოკატებმა სასამართლოს წარუდგინეს 2012 წლის შემოდგომაზე კურორტ ანტალიაში გადაღებული ფოტოები, სადაც მამუკა ჟვანია და სხვა დაზარალებულები ცოლებთან ერთად ისვენებენ. ერთ–ერთ ფოტოზე კი აღბეჭდილია, ნეკნმოტეხილ მამუკა ჟვანიას ხელში როგორ უჭირავს თავისი ცოლი.
აღნიშნულ საქმეზე სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე, 143-ე და 144-ე მუხლებით გათვალსწინებული დანაშაულის ჩადენისთვის ბაჩო ახალაიას გარდა ბრალი წაყენებული ჰქონდათ შემდეგ პირებს: შსს-ს სპეციალური ოპერატიული ცენტრის ყოფილი უფროსი, ვიცე-პოლკოვნიკი მამუკა აბაშიძე, შსს-ს სტრატეგიული მილსადენების დაცვის საკონტრაქტო თანამშრომელი დავით ჩუბინიძე, შსს–ს პირველი სამმართველოს ყოფილი უფროსი დავით ვეკუა, თავდაცვის სამინისტროს სამთო-სადაზვერვო ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეები – დავით გიორგაშვილი, ალექსი დავითაშვილი, ვლადიმერ ზანგიევი და რობერტ სუთიძე. სასამართლომ დღეს ყველა მათგანის მიმართ გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა.
შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოში მანამდე დასრულდა ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ წარმოებული კიდევ ორი სისხლის სამართლის საქმის განხილვა:
სენაკის სამხედრო ბრიგადაში ჯარისკაცების წამებისა და ზვიად აბესაძისთვის თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის საქმეზე, მოსამართლე გიორგი დარახველიძემ ახალაიას გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა 1 აგვისტოს.
28 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ ე.წ. ციხის ბუნტის საქმეზე ბაჩო ახალაია (ეპიზოდი მოიცავს 2006 წლის მარტის პერიოდს, როცა ახალაია ხელმძღვანელობდა სასჯელაღსრულების სისტემას) დამნაშავეთ ცნო არაადამიანური მოპყრობის მუხლით, ხოლო სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდების ნაწილში გაამართლა. აღნიშნულ საქმეზე ახალაიას მისჯილი აქვს პატიმრობა 3 წლით და 9 თვის ვადით, ასევე ჯარიმა 4000 ლარის ოდენობით.
25 ოქტომბერს პროკურატურამ კიდევ ერთ საქმეზე წაუყენა ბრალი ბაჩო ახალაიას, რომელიც უკავშირდება სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეს.
30.10.13