უკვე საკმაოდ დიდი ხანია, ნამახვანჰესთან დაკავშირებული საკითხები აქტუალურია. ბოლო პერიოდში კი ეს თემა ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი და კრიტიკულია. ადგილობრივი მოსახლეობა უკვე 130-ე დღეა, ღამეებს ადგილზე, კარვებში ათენებს. უფრო დეტალურად, რა ხდება ტერიტორიაზე და ვის რა ინტერესი აქვს – ამის შესახებ „თბილისი თაიმსთან“ ადგილობრივი მოსახლე, ლევან ხმელიძე საუბრობს.
როგორც ლევანი აღნიშნავს, მოსახლეობამ თავისი სოციალური პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე უნდა აიღოს. ის გვიყვება, რომ საპროტესტო აწცია თავიდან 5-6-მა ადამიანმა დაიწყო – იქაურებმა მეტი იცოდნენ და მეტს ხედავდნენ. რესპონდენტის თქმით, მოლაპარაკებები აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ჯერ კიდევ 2015 წლიდან მიმდინარეობს, ხოლო ამის შემდეგ, როდესაც უკვე თურქებმა ტექნიკა შემოიტანეს და ქმედება დაიწყეს, საჭირო გახდა ფიზიკური მოქმედებები.
„მიმდინარე პროცესები ვარლამ გოლეთიანის ოჯახმა ითავა. თავიდან 5-6 ადამიანი იყო. გაშალეს კარვები და დადგნენ. ზოგიერთებს ეგონათ, რომ ისინი კვირაზე მეტ ხანს ვერ გაძლებდნენ. თუმცა, დაინახეს, რომ პროტესტი მიზანზე იყო ორიენტირებული. მიზანი კი იყო შემდეგი – სახელმწიფოს გაეგო იქაურების ხმა.
უკვე ამდენი დღეა, ემატებიან და ემატებიან პროტესტს ადგილობრივი სოფლებიდან და არამარტო. ამ ადამიანებს არ აქვთ პოლიტიკური, კორუფციული ინტერესები და ისინი მხოლოდ სახელმწიფოს ინტერესებს იცავენ. სწორედ ამ საღმა აზრმა განაპირობა ქუთაისში 15 000 ადამიანის მობილიზება. 28 თებერვალს ჩვენ ვიხილეთ არა პოლიტიკური, არამედ – სახალხო პროტესტი.
თურქულ კომპანია „ენკას“ მიეცა სახელმწიფოსგან კვლებების ჩატარების ნებართვა და მათ დაიწყეს მზადება მშენებლობისთვის. კომპანია მუშაობდა შეუფერხებლად. ქართული კანონმდებლობით, მათ აქვთ იგივე უფლებები, რაც – ადგილობრივებს. როცა ჩვენ გვაქვს პრეტენზია მათი ქმედებების კანონიერებაზე, ისინი სახელმწიფოსგან ითხოვენ დაცვას – თითქოს, ჩვენ ხელს ვუშლით ეკონომიკურ განვითარებაში და სახელმწიფოს „აიძულებენ“, გამოიყენოს დაცვის მექანიზმები. ანუ სახელმწიფოს სჭირდება რესურსის გამოყენება ჩვენ წინააღმდეგ. კანონი იცავს ამათ უკანონო ქმედებას“, – ამბობს ლევანი „თბილისი თაიმსთან“ საუბრისას.
როგორც ის აღნიშნავს, პროცესების მიმდინარეობისას იყო არაერთი პროვოკაცია. მისივე თქმით, ადგილობრივებს არ აქვთ პრეტენზია სამართალდამცველებთან, რომლებიც სამსახურებრივ მოვალეობებს ასრულებენ.
რესპონდენტი კიდევ ერთ უდიდეს პრობლემად მედიასაშუალებების მიერ გავრცელებულ დეზინფორმაციას ასახელებს. აღნიშნავს, რომ ზოგიერთი ჟურნალისტი საკუთარი პროფესიის გამო თავს პრივილეგირებულად მიიჩნევს, მასალის შინაარსის ხარისხს კი ყურადღება არ ექცევა.
„5-6 ტელევიზიიდან თითოეული მოვლენებს სხვადასხვა მოტივაციით აშუქებს – ეს აბსურდულია, საზოგადოებას აწვდიან ცრუ ინფორმაციას. თუმცა, ის ყველაფერს ხედავს. სიტყვის თავისუფლება უნდა იყოს დაცული, მაგრამ აუცილებელია სიმარლისა და სიცრუის კონტროლი, რომ მედიასაშუალებებმა ინფორმაციები საკუთარი ინტერესებისთვის არ გამოიყენონ. საკანონმდებლო დონეზე უნდა დადგეს საკითხი, რომ მედიას ჰქონდეს პასუხისმგებლობა და, სიცრუის შემთხვევაში, ის უნდა ისჯებოდეს“, – განმარტავს რესპონდენტი.
ლევან ხმელიძის ინფორმაციით, საპროტესტო აქციები კვლავ მიმდინარეობს და ის კვლავ გაგრძელდება.
მასალა მოამზადა : მარიამ ტიელიძემ