საქართველოს პროფკავშირების მიერ მომზადებული კვლევის მიხედვით, საქართველოში ქალების საშუალო ხელფასი მამაკაცების საშუალო ხელფასს 36.2 %-ით ჩამორჩება. უფრო ზუსტად, რასთან გვაქვს საქმე? აღნიშნულ საკითხზე „თბილისი თაიმსს“ გენდერისტი, მარი მესხი ესაუბრა.
როგორც ის განმარტავს, ამ შემთხვევაში, საუბარი იქნება კერძო სექტორზე, რადგან საჯარო სექტორში ანაზღაურება ფიქსირებულია, მიბმულია პოზიციებზე. ამასთან, საჯარო სექტორში პრემიებისა და დანამატების გამოყენებაც მაინცდამაინც ქალების სასარგებლოდ არ ხდება – განსხვავებულია ანაზღაურება.
მარი მესხის შეფასებით, ასევე, მდედრობითი სქესის წარმომადგენლებისთვის მეტად რთულია გარკვეული პოზიციების დაკავება, ვიდრე ეს მამაკაცების შემთხვევაშია – ქალბატონები მოკლებულნი არიან შესაძლებლობას და ის რომც ჰქონდეთ, შედეგი (ანაზღაურება) მაინც გასხვავებულია.
გენდერისტი ჩვენთან საუბრისას საკითხის გადაჭრის გზებზე საუბრობს და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციას უსვამს ხაზს. აღნიშნავს, რომ ქალსა და მამაკაცს შორის თანაბარი ანაზღაურების შესახებ ბევრი გაიდლაინი არსებობს. რესპონდენტი გამოსავალს სახელმწიფოს, შრომითი ორგანიზაციების მხრიდან კონტროლის მექანიზმების გაძლიერებაში ხედავს.
„შრომის ანაზღაურების მხრივ გენდერული უთანასწორობა ბევრი საერთაშორისო ინსტრუმენტის მიერ არის დაგმობილი. როდესაც სახელმწიფო მას უერთდება, ის იღებს ვალდებულებას ნორმების შესრულებაზე. ის ვალდებულია, გადახედოს მექანიზმებს“, – განმარტავს მარი მესხი.
მასალა მოამზადა : მარიამ ტიელიძემ