30 ოქტომბერს, თბილისს, ევროპის ოლიმპიური კომიტეტებისა და ირლანდიის ეოკ-ის პრეზიდენტი, ამავდროულად საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის აღმასკომის წევრი პატრიკ ჰიკი და ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალების კომისიის თავმჯდომარე, ბელგიის ეოკ-ის გენერალური მდივანი გვიდო დე ბონდი ესტუმრნენ. 24 საათიანმა ვიზიტმა საკმაოდ დატვირთულ გრაფიკში ჩაიარა და სპორტის ევროპელმა მაღალჩინოსნებმა რამდენიმე საქმიანი შეხვედრა გამართეს.
თავდაპირველად პატრიკ ჰიკი და გვიდე დე ბონდი, სეოკ-ის პრეზიდენტ ლერი ხაბელოვთან და გენერალურ მდივან ემზარ ზენაიშვილთან ერთად ქვეყნის პრემიერ-მინისტრს ბიძინა ივანიშვილს შეხვდნენ, შემდეგ სეოკ-ის ოფისი და ოლიმპიური მუზეუმი დაათვალიერეს, მოინახულეს „თბილისი 2015″-სთვის მშენებარე ოლიმპიური სოფელი და სხვა სპორტული ობიექტები, სტუმრები ასევე მიიღო სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ლევან ყიფიანმა, ხოლო ვიზიტის დასასრულს შემაჯამებელი შეხვედრა ჟურნალისტებთან საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ოფისში გაიმართა.
პრესკონფერენცია სეოკ-ის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა გახსნა. „ფესტივალისთვის მზადება გეგმაზომიერად მიმდინარეობს და ყველა ობიექტი დაგეგმილ ვადებში დასრულდება. რაც შეეხება სოჭის ოლიმპიადაზე საქართველოს მონაწილეობის საკითხს, სეოკ-ი ამ თემას პოლიტიკის კუთხით არ უყურებს, ხოლო სპორტულ ნაწილში ჩვენი პოზიცია ურყევია და თამაშებზე უარი არ უნდა ვთქვათ” – აღნიშნა ლერი ხაბელოვმა.
ჟურნალისტთა მთავარი ადრესატი პატრიკ ჰიკი გახლდათ და მანაც ყველა კითხვას ამომწურავი პასუხი გასცა.
„პრემიერ-მინისტრთან სხვადასხვა საკითხებზე ვისაუბრეთ. ცხადია, „სოჭი 2014″-ის თემას გვერდს ვერ ავუვლიდით. მოხარული ვარ, რომ არ ფიქრობთ ოლიმპიური თამაშების ბოიკოტზე, რადგან მას კარგი არავისთვის მოუტანია. ამით მხოლოდ სპორტსმენები ზარალდებიან. აშშ-ს პრეზიდეტი ჯეიმს კარტერი მწარედ ნანობდა 1980 წლის ოლიმპიური თამაშების ბოიკოტს და მოგვიანებით, მემუარებში აღნიშნა, რომ ეს მის კარიერაში ყველაზე დიდი შეცდომა იყო. მინდა იცოდეთ, რომ როგორც საერთაშორისო, ისე ევროპის ოლიმპიური კომიტეტი თქვენს 100 % თქვენს გვერდითაა და ყოველთვის ასე იქნება. „სოჭი 2014″-ის საორგანიზაციო კომიტეტს ჟურნალისტთა სააკრედიტაციო სისტემაში აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ცალკე სახელმწიფოებად შეყვანის გამო სოკ-მა მკაცრი გაფრთხილება მისცა და ვიმედოვნებ ეს პრობლემა აუცილებლად აღმოიფხვრება. მოკლედ, ეს საკითხი დღის წესრიგიდან უნდა მოიხსნას. ქართველი სპორტსმენები სოჭში უნდა გაემგზავრნონ.
რაც შეეხება 2015 წლის ახალფაზრდულ ფესტივალს, პრეზენტაციის სახით ამომწურავი ინფორმაცია მივიღეთ და ნანახითან კმაყოფილები ვართ. საქართველოს ხელისუფლების მხრიდანაც სრული მხარდაჭერაა და დარწმუნებული ვარ საქართველოს დედაქალაქში დაუვიწყარი სპორტული ფორუმი გველის. თბილისში უკვე მეხუთეთ ვარ. პირველად 15 წლის წინათ ვიმყოფებოდი და მას შემდეგ ბევრი რამ უკეთესობისკენ შეიცვალა. ყოველ ჯერზე ნანახით სულ უფრო და უფრო მოხიბლული ვრჩები.
ოლიმპიურ თამაშებზე ძიუდოში გუნდური პირველობა? მესმის თქვენი განსაკუთრებული ინტერესი, რადგან სპორტის ამ სახეობაში მსოფლიოში მოწინავე პოზიციებზე ხართ. ვფიქრობ, რიოს 2016 წლის თამაშებისთვის ეს ვერ მოესწრება, შემდეგ რა იქნება ამ ეტაპზე ვერ გეტყვით” – აღნიშნა პატრიკ ჰიკმა.
პრესკონფერენციის დასასრულს მცირე კომენტარი „თბილისი 2015″-ის საორგანიზაციო კომიტეტის ხელმძღვანელმა ალექსი ახვლედიანმაც გააკეთა. მისი თქმით ფინანსური პრობლემა უკვე მოგვარებულია. საჭირო ობიექტების მშენებლობა ნოემბრიდან დაიწყება და 2014 წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს.
01.11.13