მოგეხსენებათ, XXI საუკუნეში მწვავედ დგას პრობლემა, რომელიც დაკავშირებულია მოზარდისა და ეკლესიის ურთიერთობასთან. დროის სვლასთან ერთად, სულ უფრო ცოტა მოზარდს ჰყავს საკუთარი მოძღვარი, რომელსაც ჩააბარებდა აღსარებას და ეზიარებოდა ისე, როგორც ამას ქრისტიანული საიდუმლოები გულისხმობს.
აღსანიშნავია, რომ ეს საკითხი საქართველოში საკმაოდ მასშტაბურია, რამეთუ წარმოადგენს არა ერთი და ორი , არამედ უამრავი ოჯახის პრობლემას, ამიტომაც გასაკვირი არ არის, რომ თემის გარშემო ბევრს საუბრობენ ,როგორც მოზარდები, ისე მშობლები და, მათ შორის, სასულიერო პირებიც.
თუ რატომ არის დღევანდელ მოზარდთა დიდი ნაწილი ეკლესიისგან შორს, ამის შესახებ ვკითხეთ ოქროყანის ღვთისმშობლის ხარების სახელობის ტაძრის მღვდელმსახურს, დეკანოზ დავით თავაძეს.
მოგესალმებით მამაო, უპირველეს ყოვლისა, გვითხარით, თქვენი აზრით, რა განაპირობებს მოზარდებისა და ეკლესიის ერთმანეთისგან დაშორებას?
ამის ბევრი მიზეზი არსებობს.ჩამოვთვლი რამდენიმე მათგანს:
ა) ვცდილობთ ბავშვებს ფორმალური ცოდნა გადავცეთ მაცხოვრის შესახებ.მაგ.თუ როგორ ცხოვრობდა იესო ქრისტე და არა ის ,რაც იოლად მივა მის გულამდე და ცოცხალ ღმერთს განაცდევინებს,სულს აუთრთოლებს და ცოცხალი ღმერთის რწმენას შთააგონებს..
როგორც კი მოზარდის შინაგან ცოდნას უგულებელყოფენ და რაიმე ფრაზის დაზუთხვას აიძულებენ, იმ მომენტიდან იწყებს კვდომას მასში ნამდვილი რწმენა..
ბ) არასოდეს უნდა დავსაჯოთ ბავშვი იმით,რომ ეკლესიაში არ წავიყვანოთ,მაგრამ ასევე არ უნდა დავაძალოთ მათ წირვაზე წასვლა.აღსარების ჩაბარება,რადგან ამით აღსარება თითქოს ვალად,ტვირთად აწვება მოზარდებს… გარდა ამისა, როცა ბავშვი ცუდად იქცევა,შთავაგონებთ, თუ რა საშინელი იქნება ცოდვების აღიარება, შემდეგ კი აღსარებაზე იძულებით ვაგდებთ..
გ) ბავშვებს უფლის შეგრძნება მშვიდობიან, სიყვარულით სავსე ატმოსფეროში შეუძლიათ…ასეთი ატმოსფერო, უპირველეს ყოვლისა, ოჯახში უნდა სუფევდეს,რათა ბავშვები უფლის შეცნობისას არ დაბრკოლდნენ. დაუშვებელია უფლის შესახებ გამუდმებული ან მუქარანარევი საუბარი (“უფალი დაგსჯის, თუ ცუდად მოიქცევი”).როგორც მამები გვასწავლიან,ნაკლები უნდა ვესაუბროთ შვილებს ღმერთზე და მეტი უნდა ვესაუბროთ ღმერთს ჩვენს შვილებზე…
როგორი მდგომარეობაა ამ მხრივ თქვენს ტაძარში? იქნებ გვითხრათ, მრევლს შორის არის თუ არა მოზარდთა ნაწილი მაინც წარმოდგენილი?
ვცდილობთ,გავითვალისწინოთ ზემოთ ჩამოთვლილი ხელის შემშლელი ფაქტორები მოზარდების სულიერ აღზრდაში,მაგრამ როგორ გამოგვდის,ეს მხოლოდ უფალმა უწყის და ამას მხოლოდ დრო გვაჩვენებს…მოზარდთა საკმაო ნაწილი არის წარმოდგენილი ტაძარში ,რომელიც დიდ ინტერესს იჩენს ღვთისმსახურებისადმი.
როგორ ფიქრობთ, რამდენად დიდია ეკლესიისა და მოზარდების ურთიერთობაში მშობლებისა და ზოგადად ოჯახის როლი?
უდაოდ დიდია. როგორც ზემოთ აღვნიშნე, ბავშვებს უფლის შეგრძნება მშვიდობიან, სიყვარულით სავსე ატმოსფეროში შეუძლიათ…ასეთი ატმოსფერო, უპირველეს ყოვლისა, უჯახში უნდა სუფევდეს,რათა ბავშვები უფლის შეცნობისას არ დაბრკოლდნენ. დაუშვებელია უფლის შესახებ გამუდმებული ან მუქარანარევი საუბარი (“უფალი დაგსჯის, თუ ცუდად
გარდა ამისა,თუ მშობელთათვის ქრისტიანობა არის არა მხოლოდ მოვალეობა ტაძარში მისვლისა, არა მხოლოდ გარეგნული აღსრულება წესებისა და კანონებისა,არამედ ყველაზე ძვირფასი და მნიშვნელოვანი რამ,რაც ცოცხალი ღმერთის მუდმივ ძიებაში გამოიხატება, მაშინ ბავშვებიც ღმერთს მშვიდობის, სიკეთისა და სიყვარულის წყაროდ აღიქვამენ.
მიიჩნევთ თუ არა საჭიროდ, რომ მშობლები აქტიურად ჩაერიონ მოზარდთა ეკლესიურ ცხოვრებაში? ( მაგალითად დაეხმარონ მოძღვრის არჩევაში და ა.შ)
მიმაჩნია,მშობლები უხეშად არ უნდა ჩაერიონ მოზარდის ეკლესიურ ცხოვრებაში,( მაგალითად არ უნდა დაუწერონ აღსარება)მაგრამ აუცილებლად უნდა იყვნენ ჩართულნი მათ აღზრდაში.
როცა მშობლებს არ შუძლიათ ოჯახი ნამდვილ ეკლესიად იქცეს და მათთვის სულიერი ცხოვრება გარეგნულ-ფორმალურად, ავტორიტარულად, სქემატურად აღიქმება, ასეთ პირობებში მათ უჩნდებათ სურვილი, რელიგიური აღზრდა მხოლოდ ეკლესიას გადააბარონ. მათი წარმოდგენით, ეკლესია ფორმალური ,ავტომატური და თითქმის მაგიური ორგანიზაციაა,სადაც გარეგნული წესების შესრულებისთანავე მადლი ადამიანზე მექანიკურად გადადის.
თქვენ, როგორც სასულიერო პირი, როგორ ფიქრობთ, რა გზებით შეიძლება ამ პრობლემის აღმოფხვრა?
როგორც თანამედროვეობის ერთერთი გამოჩენილი მოღვაწე ანტონ სუროჟელი აღნიშნავს: ნომინალურად მორწმუნე ოჯახის ათიოდე წლის ბიჭუნას ჰკითხეს: – როგორ აღიქვამ ქრისტეს, გრძნობ მას შენს გვერდით, გრძნობ მის სიყვარულს და იმას, რომ იგი შენი საუკეთესო მეგობარიაო? მან მხრები აიჩეჩა, რადგან ვერც მიხვდა, რას ეკითხებოდნენ.
მოზარდის რელიგიურ აღზრდაში არც ძალდატანებაა სასარგებლო და არც მხოლოდ გარეგნული მსახურებაზე დაყრდნობა. მთავარი აქ შინაგანზე, უფალზე, ცოცხალ ქრისტეზე ორიენტაციაა.
უპირველესად, უნდა შევიყვაროთ ბავშვები,მათთან ერთად ვისწავლოთ, ბევრი დრო დავუთმოთ და ყველაფერში მაგალითი მივცეთ,რადგან ისინი ხშირად შეიძლება არ გვიჯერებენ,მაგრამ საუკეთესოდ გვბაძავენ.
დაბოლოს, რას ურჩევდით მოზარდებს ეკლესიასთან ურთიერთობაში?
უპირველეს ყოვლისა, ვურჩევდი,რომ ბავშვები ბავშვებად დარჩნენ და პატარა ბერ მონაზვნებად ნუ გადაიქცევიან…არაა საჭირო დიდი ლოცვებისა თუ ფსალმუნების დაზუთხვა… დაე, ირბინონ, იხმაურონ, ითამაშონ (რასაკვირველია, არა ტაძარში), ისწავლონ და შეიმეცნონ სამყარო.
მათთვის ტაძარი იყოს დღესასწაული, ჯილდო და არა რუტინა და ვალდებულება.
მასალა მოამზადა: თორნიკე ყრუაშვილმა.