თბილისში 5 ივლისს პოლონელი ტურისტის დაჭრის მეორე დღეს რამდენიმე თბილისის სასტუმროში ტურისტების მიერ დაჯავშნილი ნომრები გაუქმდა.
სასტუმროში დაჯავშნილი ნომრების გაუქმებასთან ერთად მასშტაბური სახე შეიძინა საქართველოს სხვადასხვა მხარეში ტურისტების მიერ დაგეგმილი ტურების გაუქმებამაც.
ერთ-ერთი გიდი, ნუცა ციმაკურიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ ერთ დღეში ექვსი ტური გაუქმეს ტურისტებმა.
„დღეს უკვე მეექვსე ტური გამიუქმდა. მიმდინარე მოვლენები ძალიან, ძალიან ცუდად აისახება წლევანდელ ტურისტულ სეზონზე. ქვეყანა, რომლის ეკონომიკაც 100% ტურიზმზე დგას, ტურისტების უსაფრთხოებას ვერ უზრუნველყოფს.
გაუქმების მიზეზებიც ლოგიკურია: საქართველო კი არის ლამაზი და მშვენიერი, კარგი ღვინო და საჭმელებიც საუკეთესო გაქვთ, მაგრამ ამ ეტაპზე სამოგზაუროდ, უსაფრთხო ქვეყნად აღარ გვესახებაო.
გუშინდელი სითი ტურის დროსაც მკითხეს, შორტებით რომ მოვედით, პრობლემა ხომ არ შეგვექმნებაო. ნახევარი ტურიც წინა დღის მოვლენებს დავუთმეთ. ამას აღარც იუმორი შველის და აღარც ურბანული ლეგენდები და ყირაზე დადგომა.
ჯერ ანტივაქსერული კამპანიის გამო იწერებოდნენ, გვეშინიაო, მერე ავიცერი ( მადლობა ღმერთს, გამიმართლა უბრალოდ ) და კოვიდ პასპორტს დავატარებდი ყველა მეილში, ლამის ხელმოწერად დავაყენე. ეხლა ტურისტის დაჭრა და ადამიანების დარბევა. ნამეტანი ხომ არაა?“, – წერს გიდი ნუცა ციმაკურიძე.