ამერიკელი მეცნიერების განცხადებით, კორონავირუსის „იოტა“ შტამის ლეტალობა შესაძლოა 82%-ს აღწევდეს. შესაბამისი კვლევის შედეგები პორტალ medrxiv.org-ზე გამოქვეყნდა.
ნიუ-იორკის ჯანდაცვისა და ფსიქიკური ჰიგიენის დეპარტამენტისა და კოლუმბიის უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლის მეცნიერებმა შეისწავლეს 2020 წლის ნოემბრიდან 2021 წლის აპრილამდე ნიუ-იორკში შეგროვებული ეპიდემიოლოგიური მონაცემები და დაასკვნეს, რომ ვირუსის ეს ვარიანტი სხვა ცნობილ მუტაციებთან შედარებით 15-25%-ით უფრო სწრაფად ვრცელდება.
გარდა ამისა, „იოტა“ ვარიანტს ლეტალობის კოეფიციენტის გაზრდა შეუძლია. საკვლევ პერიოდში ეს მაჩვენებელი 45-64 წლის ადამიანებში 46%-ით, 65-74 წლის ადამიანებში 82%-ით, 75 წელს გადაცილებულ ადამიანებში კი 62%-ით გაიზარდა.
„იოტა“ შტამი პირველად ნიუ-იორკში, 2020 წლის ნოემბერში დაფიქსირდა. ამჟამად ქვეყანაში „იოტა“ ვარიანტის 45 558 შემთხვევაა დადასტურებული. მიმდინარე წლის ივლისის ბოლოს აშშ-ში დომინანტური „დელტა“ შტამი გახდა, „იოტას“ შემთხვევების რაოდენობა კი შემცირდა.