ცოტა ხნის წინ, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა, გიორგი კეკელიძემ გაასაჯაროა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ერთ წელიწადში განმუხურის სანაპიროზე გემი-ბიბლიოთეკა მოეწყობა. ამ და სხვა საკითხებზე ინფორმაციის მისაღებად, “თბილისი თაიმსი” იდეის ავტორს, ზუგდიდის ბიბლიოთეკების მართვის ცენტრის დირექტორს, ბესო არახამიას დაუკავშირდა.
“გაჩნდა იდეა, რომ მიტოვებულ გემზე გაგვეკეთებინა ბიბლიოთეკა. ამ იდეას ძალიან მალე გამოუჩნდა მხარდამჭერები, ამან მოგვცა შესაძლებლობა, კიდევ უფრო შორს წავსულიყავით და გვეფიქრა სპონსორებზე. ჩვენი იდეის მთავარი არსი მდგომარეობდა იმაში, რომ ეს ყოფილიყო საზაფხულო სამკითხველო, საზღვაო ბიბლიოთეკა, რომლითაც ისარგებლებდნენ როგორც ადგილობრივები, ისე – დამსვენებლები.
ჩვენი მთავარი მხარდამჭერი საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკაა. ასევე, “თიბისი ბანკი”, – განმარტავს არახამია და აღნიშნავს, რომ ყველა ასაკის ადამიანს ექნება საშუალება, აქ მიიღოს, წიგნებთან ერთად, ნეტარება.
ზუგდიდის ბიბლიოთეკების მართვის ცენტრის დირექტორი იმ პროექტების შესახებაც გვესაუბრა, რომელიც უკვე განხორციელდა და მათი აქტივობების მთავარ აქცენტებს გაუსვა ხაზი.
“მე სულ 6 თვეა, რაც ამ პოზიციაზე ვარ. გადავწყვიტე ასეთი რამ, რომ რაც შეიძლება მეტ ადამიანთან მქონოდა კომუკინაცია, ვინც შუეწყობდა ხელს ამ ქალაქში წიგნის კითხვის კულტურის დანერგვას, პირველი, ვისთანაც მქონდა კომუნიკაცია, იყვნენ ახალგაზრდები, ჩვენ შევქმენით ჯგუფი. მოვაწყეთ ფილმების ჩვენებები. ეს ფილმები გახლდათ ისეთები, რომლებიც წიგნების მიხედვით გადაიღეს. მოვაწყვეთ ხუთზე მეტი ჩვენება. ამით გვინდოდა თვალსაჩინოება – წიგნი ჯობდა თუ ფილმი. მიდიოდა მსჯელობა, კამათი… ცალსახად, ყველა მხარს უჭერდა, რომ წიგნი ჯობდა ფილმს.
გავაკეთეთ კიდევ ასეთი პროექტი – “დარჩი ღამე ბიბლიოთეკაში”. ამ პროექტის ფარგლებში, ღამიდან დილამდე ვრჩებოდით ბიბლიოთეკაში, ვანთებდით კოცონს, ვშლიდით კარვებს.
ვიკრიბებით წიგნების გარშემო, ვარჩევთ ამ სახელმძღვანელოებს. პანდემიის პერიოდშიც არ გავჩერებულვართ, იყო კიდევ ასეთი პროექტი – “საოჯახო ბიბლიოთეკის გიდი”. ამ პროექტის ფარგლებში, ახალგაზრდები მიდიოდნენ იმ ოჯახებში, სადაც იყო ყველაზე დიდი ლიტერატურა. აკეთებდნენ გადაცემებს და ა.შ.
ჩვენი მთავარი მიზანი, ამ ჯგუფთან ერთად, გახლავთ წიგნის კითხვის კულტურის დამკვიდრება, რომ უფრო მეტმა ადამიანმა დაინახოს, რა არის კარგი წიგნიერებაში”, – განუცხადა “თბილისი თაიმსს” ბესო არახამიამ.
მასალა მოამზადა : მარიამ ტიელიძემ