სვანური მარილი ერთერთია იმ პროდუქტებს შორის, რომელიც პირდაპირ ასოცირდება ჩვენს ქვეყანასთან. არაერთი მწარმოებელი ამზადებს პროდუქტს, რომელსაც სწორედაც რომ “სვანური მარილი” ეწოდება. რეალურად, როგორ მზადდება ნამდვილი სვანური მარილი? რა შემადგენლობა ახასიათებს მას? როგორია ტრადიციული მეთოდით მომზადებული სვანური მარილი?
ქართულ ბაზარზე არსებობს ბრენდი – “ხელედურა“, რომლის ფარგლებშიც სწორედაც რომ აღნიშნული პროდუქტი მზადდება. “თბილისი თაიმსს” დეტალებზე ვლადიმერ გაზდელიანი ესაუბრა.
ბრენდის სახელწოდებაზე რომ გვითხრათ – რატომ “ხელედურა”?
ლენტეხის რაიონში, სოფელ ხელედში მდებარეობს მდინარე ხელედურა, აქედან გამომდინარე, გადავწყვიტე – ბრენდის სახელი „ხელედურა“ ყოფილიყო.
რატომ გადაწყვიტეთ, გეწარმოებინათ სვანური მარილი?
მოგეხსენებათ, სვანურ მარილს მინიჭებული აქვს საქართველოს არამატერიალური კულტურული ძეგლის სტატუსი. ბაზარზე არსებული მრავალი სვანური მარილიდან თითქმის არცერთი, დიდი მწარმოებელი და პატარა მწარმოებელიც არ ამზადებს მარილს, როგორც ეს ტრადიციულ მეთოდთან ახლოს არის. ყველა “ფეიკია”, რადგან ბევრმა არ იცის ნამდვილი სვანური მარილის გემოვნური თვისებები და შემადგენლობა.
დეტალურად, რით განსხვავდება თქვენ მიერ წარმოებული მარილი სხვათაგან?
ბავშვობიდან სულ მეფიქრებოდა ამ ტრადიციის პოპულარიზაციაზე და პანდემიის პერიოდში ეს იდეა კარგად დავამუშავე, აღვადგინე ძველი ტრადიციული რეცეპტი, რომელიც ჩემმა 90 წლის ბებომ ზედმიწევნით შემასწავლა. მინდა, რომ სვანური მარილი ნამდვილი იდენტობით გაიყიდოს ქართულ და უცხოურ ბაზარზე და ამისთვის მაქსიმუმს ვაკეთებ. ჩვენი მარილის ყველაზე გამორჩეული ნიშა გიცრულია, რომელიც მაღალმთიან სვანეთში მოიპოვება მხოლოდ. ამ სუნელის მოპოვება ძალიან რთულია. სწორედ ეს განაპირობებს მთავარ იდეას, რომ ჩვენი მარილი დამზადებულია გიცრულით და ყველა სანელებელი მოყვანილია სვანეთში. ბაზარზე არის ხარისხიანი სვანური მარილის დეფიციტი, ხალხს კი მხოლოდ ბიოლოგიურად სუფთა პროდუქტი სჭირდება. ამიტომ გადავწყვიტე სვანური მარილის წარმოება ტრადიციული მეთოდით.
აღნიშნული პროდუქტი გამორჩეულია 2-საუკუნოვანი რეცეპტით. ჩემს 90 წლის ბებოს გადმოეცა წინაპრებისგან. მზადდება გიცრულით, რომელიც მოიპოვემა მაღალმთიან სვანეთში მხოლოდ. სხვა დანარჩენი სანელებელი, რაც კი სვანური მარილის მომზადებას სჭირდება, ყველა მოყვანილია სვანეთში – ბიოლოგიორად სუფთა გარემოში, ჩემი ბებოს მიერ.
როგორია მის მიმართ ინტერესი?
როგორც მოგეხსენებათ, სულ ახლახან დავიწყეთ სვანური მარილის წარმოება და საკმაოდ მაღალი გამოხმაურება გვაქვს, შეკვეთებიც საკმაოდ მაღალია. უცხოელებიც დაინტერესდნენ, კერძოდ, ისრაელის მოქალაქეები.
მასალა მოამზადა : მარიამ ტიელიძემ