2022 წლის 1-ელი იანვრიდან ავტომობილებზე კატალიზატორის ქონა სავალდებულო ხდება. კატალიზატორის მოთხოვნა ყველა ტიპის ავტომობილს არ შეეხება. ცვლილება არის 2020 წლის აპრილის შემდგომ განბაჟებულ და რეგისტრირებულ ავტომობილებზე.
რას შეუწყობს ხელს ხსენებული ცვლილება – ამის შესახებ “თბილისი თაიმსს” ტრანსპორტის საკითხების ექსპერტი, მევლუდ მელაძე ესაუბრა.
“უმთავრესი დამაბინძურებელი, რაც ჩვენს ქვეყანაში აქვს ეკოლოგიას, ეს არის ავტომობილები, რადგან მასიურად ასე ხდება – ვინაიდან კატალიზატორები ძვირი ღირს, კარგ მდგომარეობაში კატალიზატორით ჩამოსულ ავტომობილსაც კი აჭრიან მას და ყიდიან, რაც მათთვის კარგი შემოსავალია, ისინი, ვისაც მანქანები შემოჰყავს, ასე ხშირად იქცევიან. ამაში ცალკე მოგებას ნახულობენ. შემდეგ უკვე, როდესაც მომხმარებელი შეიძენს ავტომობილს, ის მაშინვე არ ამოწმებს, აყენია თუ არა კატალიზატორი. მხოლოდ მას შემდეგ, როდესაც უკვე საქმე დათვალიერებამდე მიდის, ხვდება – მოტყუვდა თუ არ მოტყუვდა. მაგრამ როდესაც უკვე ასე იქნება, რომ ჩამოსული მანქანა უნდა იყოს აღჭურვილი კატალიზატორით, ისიც, ვისაც ჩამოჰყავს, კატალიზატორის გარეშე ავტომობილს ვერ გაყიდის და ისიც, ვინც მას შეიძენს, პირველ კითხვას ამას დასვამს – არის თუ არა ავტომობილი კატალიზატორით აღჭურვილი”, – ამბობს ექსპერტი.
როგორც მელაძე აღნიშნავს, ამ ცვლილებით ქვეყანაში ეკოლოგიური მდგომარეობა გაუმჯობესდება.
“შესაბამისად, ეკოლოგიური მიმართულებითაც ქვეყნის მასშტაბით მდგომარეობა ბევრად სტაბილური იქნება. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ევროპულ სტანდარტებს ვართ მიერთებული და ერთერთ მოთხოვნას ესეც წარმოადგენს, რომ ეკოლოგიური მხარე ქვეყანაში უნდა გამოსწორდეს – ევროპა საკუთარ მოქალაქეებზე ზრუნავს. როდესაც იქაური მოქალაქე ჩამოდის ქვეყანაში და ის დაბინძურებულ ჰაერს ჩაისუნთქავს, რა თქმა უნდა, მის ჯანმრთელობაზე აისახება. სახელმწიფო ვალდებულია, ეს მოთხოვნა დააკმაყოფილოს.
“თუ ვაკმაყოფილებ გამონაბოლქვის ნორმას, მაშინ რად მინდა კატალიზატორი” – ეს ასე არ არის. შესაძლოა, აკმაყოფილებ გამონაბოლქვის ნორმას, მაგრამ გამონაბოლქვის საზომი ერთეულები შემოიფარგლება სხვადასხვა ელემენტით – ეს ყველაფერი გასათვალისწინებელია”, – აცხადებს მევლუდ მელაძე “თბილისი თაიმსთან” საუბრისას.
მასალა მოამზადა : მარიამ ტიელიძემ