ბოლო პერიოდში ევროპას კოვიდ 19-ის ახალი ტალღა დაატყდა თავს, რასაც ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რიცხვის რეკორდული ზრდა მოჰყვა. ამ მძიმე სურათის თავიდან ასაცილებლად ევროპის არაერთმა სახელმწიფომ კვლავ დააბრუნა მკაცრი რეგულაციები, რასაც საზოგადოების დიდი ნაწილის სერიოზული აღშფოთება და სამოქალაქო პროტესტიც მოჰყვა.
მაგალითისთვის, გასული 2-3 დღე მძიმე იყო ნიდერლანდებისთვის. ახალი კოვიდ რეგულაციების წინააღმდეგ როტერდამში ათასობით ადამიანი გამოვიდა. ეს პროტესტი მოგვიანებით პოლიციასთან დაპირისპირებასა და მწვავე შეტაკებებში გადაიზარდა.
BBC- ის ცნობით, მსგავსი მძიმე მდგომარეობაა იტალიის, ავსტრიისა და ხორვატიის ქუჩებშიც.
ამ ყველაფრის პარალელურად, ჯანმო შეშფოთებას გამოთქვამს ევროპის კონტინენტზე კოვიდინფიცირების შემთხვევათა ზრდის გამო და საზოგადოებას რეგულაციების დაცვისკენ მოუწოდებს.
ჯანმო-ს ევროპის რეგიონული დირექტორის დოქტორ ჰანს კლუგეს განცხადებით, თუ მთელ ევროპაში ზომები არ გამკაცრდება, მომდევნო გაზაფხულზე შესაძლოა კიდევ ნახევარი მილიონი ადამიანი გარდაიცვალოს.
ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რიცხვი რეკორდულად იზრდება რუსეთსა და გერმანიაშიც, სავარაუდოა, რომ თუ აღნიშნული მძიმე ვითარების შეჩერება ვერ მოხერხდება, ევროპა მართლაც კატასტროფის წინაშე აღმოჩნდება.
მასალა მოამზადა: თორნიკე ყრუაშვილმა