25 იანვარს ვაჟა კაკაბაძის ნახატების პერსონალური გამოფენა იხსნება. აღნიშნული 17:00 საათზე მხატვარ ნათელა იანქოშვილის სახლ-მუზეუმში გაიმართება.
კაკაბაძე თვითნასწავლი მხატვარია. მისი ნანუშევრები სხვათაგან ფილოსოფიური ხედვით გამოირჩევა. ვაჟა კაკაბაძე „თბილისი თაიმსს“ უამბობს, მისი რა ნამუშევრები იქნება წარმოდგენილი გამოფენაზე
„მე ხაზს ჩემს რამდენიმე ნამუშევარს გავუსვამ. ერთერთია “დროის განზომილება“. ამ ნახატის არსი აინშტაინის გამოკვლევიდან წარმოიქმნა. როგორც ცნობილია, აინშტაინი მიიჩნევს, რომ დრო არის ნულის ტოლი. მეც ვეთანხმები მას. დრო არის შემოღებული ადამიანების მიერ, რათა მოხდეს გარკვეული პროცესების აღნუსხვა. როდესაც მე ამ შთაბეჭდილებების ქვეშ მოვექეცი, დავხატე ეს ნახატი. ეს გახლავთ საათი, რომელსაც არ აქვს ციფერბლატი. მე აქ მინდოდა, განსხვავებულობა დამეჭირა ჩემსა და სალვადორ დალის შორის. რასაკვირველია, დალი გენიოსია, ფილოსოფოსია, არამხოლოდ მხატვარი. მეც მაქვს ბევრი ნაშრომი პარალელური სამყაროების შესახებ. განსხვავება არის ის, რომ სალვადორ დალის აქვს დახატული რბილი საათები, რომლებსაც აქვს ციფერბლატები, მე ისინი საერთოდ არ დავხატე.
ამით მე გამოვიწვიე როგორც დალი, ისე – აინშტაინი. ვფიქრობ, ამის უფლება ყველას აქვს – ვინც ხატავს და ვინც ფილოსოფიაშია.
მეორე ნახატს რაც შეეხება – მას ჰქვია “მე და სამყარო”. ცენტრში მე გამოხატული მაქვს ავტოპორტრეტი, რომლის ირგვლივაც ფიგურები ავსახე, სადაც ახსნილი მაქვს ყველა ის პროცესი, რომელიც მიმდინარეობს ჩვენ გარშემო. დახატული მყავს ძაღლი, მტრედი, წერო, დელფინი. თითოეული მათგანი სიმბოლური დატვირთვისაა. გარდა ამისა, მე მაქვს გამოხატული სხვადასხვა ფიგურა, ასევე, ზღვა – სადაც ჩემს აფხაზეთს მივესალმები.
მაქვს ასეთი ნახატი – “მთვარის სონატა”. შუაში დავხატე ჩემი მეუღლის პორტრეტი, ირგვლივ კი ფერები გავანაწილე და ვიოლინოს გასაღები. ეს ყველაფერი დახატულია დინამიკაში, რომ დამთვალიერებლისთვის იყოს საინტერესო.
მაქვს დახატული პეიზაჟები – შევეცადე, რომ ყველა კუთხე გამომესახა, მათ შორის, ქართლის პეიზაჟისთვის რა არის დამახასიათებელი, კახეთის და ა.შ. დახატული მაქვს ტაო-კლარჯეთი. დახატული მაქვს კიბე, რომლის დასაწყისშიც ზის ჩაფიქრებული მამაკაცი და რომელიც ადის ცაში. მოჩანს ანგელოზი, ამით მსურს, ვაჩვენო, რომ მიწიერი და ზეციური სამყარო ერთიანია. დახატული მაქვს ოჯახის წევრების პორტრეტები. შევეცადე, მათი ხასიათები დამეჭირა და გადმომეცა.
მინდა, აღვნიშნო, რომ მე მოყვარული მხატვარი ვარ. გადაწყვეტილება, რომ მე გამოფენა მომეწყო, თვითონ მხატვრების დამსახურებაა. არის ასეთი – მხატვართა ლიგა, რომლის დირექტორია ნუგზარ მელაძე. სწორედ მან შემომთავაზა გამოფენის მოწყობა. ეს მხატვრები დაინტერესდნენ ჩემი ნახატებით და, ასე ვთქვათ, წამაქეზეს, მომეწყო გამოფენა. მათ მიიჩნიეს, რომ ჩემი ნამუშევრები საინტერესოა. ეს ჩემი პირველი გამოფენაა.
მე სულ ვცდილობ, შემოვიკრიბო ხალხი. რაღაცნაირად, დავანახო მათ, რომ ხელოვნება უფრო ძლიერია, ვიდრე – ნებისმიერი პანდემია. შეგვიძლია, ხელოვნებით, მუსიკის სიყვარულით, მხატვრობის სიყვარულით ვაჯობოთ ნებისმიერ სნეულებას.
მასალა მოამზადა : მარიამ ტიელიძემ