უკრაინაში არსებული რეალობის ფონზე, ჩვენს ქვეყანაში ბოლო დღეებში ერთერთი ყველაზე მეტად განხილვადი საკითხი ნეიტრალიტეტია. სხვადასხვა პოლიტიკური პარტია აღნიშნულ თემაზე კომენტარებს აკეთებს, ზოგიც საუბრისგან თავს იკავებს. საკითხის შესახებ “თბილისი თაიმსს” ანალიტიკოსი, ზაალ ანჯაფარიძე ესაუბრა.
„ეს თემა განსახილველი და საკამათო გახდა, რადგან ადამიანები, რომელთაც აღნიშნული საკითხი წამოჭრეს, ლოგიკურად მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ თუ რუსეთი უკრაინაში გაიმარჯვებს, უკვე გასაგებია, რომ ის ამის გავრცელებას საქართველოზეც შეეცდება.
მე მინდა, ყურადღება გავამახვილო ერთ ძალიან მნიშვნელოვან თემაზე, რომელზეც, სამწუხაროდ, არავინ საუბრობს. გასული წლის დეკემბერში რუსეთმა, ულტიმატუმის ფორმით, აშშ-სა და ევროპას წარუდგინა მოთხოვნა უსაფრთხოების გარანტიებზე. ეწერა ასეთი რამ – რუსეთი ითხოვდა, რომ ნატო-ს, 2008 წლის ბუქარესტის სამიტის დეკლარაციის ტექსტიდან ამოეღო ის პუნქტი, რომელიც ამბობდა, რომ საქართველო და უკრაინა გახდებიან ნატო-ს წევრი ქვეყნები.
მაგრამ შემდეგ მოხდა ასე – მიხეილ სააკაშვილმა ეს თემა პროვოკაციულად შემოაგდო და შეფუთა ისე, თითქოს, საქართველოს ხელისუფლება, მმართველი პარტია ამზადებს ქვეყანას ნეიტრალიტეტისთვის. “ნაციონალური მოძრაობა” და მასთან აფილირებული პარტიები ცდილობენ, უკრაინაში მიმდინარე მოვლენები საკუთარი ვიწროპარტიული ინტერესებითვის გამოიყენონ. ძალიან კარგად იციან, რომ საზოგადოების ნაწილზე ეს ძალიან მგრძნობიარედ იმოქმედებს.მეორე მხრივ, მე მინდა, დავამატო ერთი რამ – ჩვენ, როგორც სახელმწიფოს, ალბათ, გვაქვს მოსაფიქრებელი ის პასუხი, რასაც ის გასცემს მოთხოვნას, რაზეც უკვე ვისაუბრე – თუკი ასეთი იარსებებს. მე რასაც ვუყურებ, ეს ყველაფერი ჩაიკარგა უსახურ დისკუსიებში, თუ ვინ არის მტერი, ვინ მოყვარე და ა.შ.“, – განმარტავს ზაალ ანჯაფარიძე.