“მე არ მგონია, რომ პირდაპირ წევრობაზე დადგეს საკითხი. აქ საუბარია კანდიდატის სტატუსის დაჩქარებული წესით მინიჭებაზე. ეს ძალიან რთული და გრძელვადიანი პროცესია. რა თქმა უნდა, აქაც არის შესაძლებელი, მსოფლიოში არსებული გარემოებებიდან გამომდინარე, მიიღონ არასტანდარტული გადაწყვეტილებები და გარკვეულ რეფორმებზე, სტანდარტებზე შესაძლოა, ევროკავშირმა თვალი დახუჭოს. დღეს საქართველოსთვის, უკრაინისა და მოლდოვასთვის ნატო-ში გაწევრიანება უფრო მარტივია, ვიდრე – ევროკავშირში”, – ამის შესახებ ანალიტიკოსმა, ამირან სალუქვაძემ “თბილისი თაიმსთან” საუბრისას განაცხადა და განმარტა, რომ ევროკავშირში გაწევრიანება რთული და შრომატევადი პროცესია.
როგორც სალუქვაძემ აღნიშნა, ამ ეტაპზე, საუბარია, რომ საქართველო დაჩქარებული წესით გახდეს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა.
“ცალკეულ სამინისტროებს ან, მთლიანად, მთავრობას დავუსვათ შეკითხვა, რამდენი ასეული საკანონმდებლო ცვლილება და სხვადასხვა აქტი, ნორმატივები აქვთ დანერგილი იმ ვალდებულებებით, რაც საქართველომ აიღო. ძალიან ბევრს, ვინც არ არის ამ საკითხში ჩახედული, არ ესმის. თუმცა, მე მგონი, ზოგადი წარმოდგენა ყველას უნდა ჰქონდეს. სპეკულაციები იყო, თითქოს, არ არსებობს ევროკავშირში გაწევრიანების გეგმა. ამ განცხადებებს კი ისეთი ადამიანები აკეთებდნენ, რომლებმაც კარგად იციან, რომ ასოცირების შეთანხმება, რომელიც გაფორმდა 2014 წელს, ზუსტად არის ევროკავშირში გაწევრიანების დეტალური გეგმა. ამ ასოცირების შეთანხმების შესაბამისად, საქართველომ ისევე, როგორც ჩამოთვლილმა ქვეყნებმა, საკუთარ თავზე აიღეს ვალდებულებები, გაატარონ გარკვეული რეფორმები, დანერგონ სტანდარტები სხვადასხვა მიმართულებით… მე დავინტერესდი, მაგალითად, ინფორმაციით, რა კეთდება სოფლის მეურნებობის მიმართულებით. ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, რა ინფორმაციაც მოვიპოვე, 140-ზე მეტი საკანონმდებლო აქტი და სხვადასხვა რეგულაცია იქნა მიღებული მთავრობის მიერ.
როდესაც ახლა მთავრობამ განაცხადი შეიტანა კანდიდატის სტატუსის მისაღებად (მანამდეც იყო ბევრჯერ გახმოვანებული), კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი, რომ 2024 წლისთვის, ზუსტად ასოცირების შეთანხმების შესაბამისად, საქართველოს აღებული აქვს ვალდებულება, რეფორმების განსახოციელებელი სტანდარტების 70% შეასრულოს. ეს საკმაოდ შრომატევადი პროცესია. ევროპა ათწლეულობით მიდიოდა იმ დონისკენ, რომელიც დღეს აქვს. ჩვენ, რა თქმა უნდა, ერთ და ორ წელში ამ ყველაფერს ვერ მივაღწევთ. ცხადია, ევროკავშირის გადასაწყვეტია, თუ გარკვეულ საკითხებში არასტანდარტულ გადაწყვეტილებებს მიიღებს და დაჩქარებული წესით მოხდება ჩვენი გაწევრიანება”, – განაცხადა ამირან სალუქვაძემ.