მოგეხსენებათ, რომ მარხვას ქრისტიანობაში უდიდესი მნიშვნელობა და დატვირთვა გააჩნია.
მარხვა ეს არის სულისა და ხორცის განვითარებისა და საზრდოობის საშუალება და იგი მიზანშეწონილი და სავალდებულოა ყველა ქრისტიანისთვის, 12 წლის ასაკიდან.
თუმცა არის მომენტები, როცა მორწმუნეს რაიმე მიზეზით(მაგალითისთვის, ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, ან სხვა რაიმე) არ შეუძლია მარხვის დაცვა. სხვადასხვა აზრი არსებობს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა მოიქცეს მორწმუნე ასეთ მდგომარეობაში.
ეპისკოპოსი ნიკოლოზი ამასთან დაკავშირებით აცხადებს:
„ხანდახან ხდება, რომ ადამიანს მარხვის შენახვა უჭირს: ან ძალიან დასუსტებულია, ან ხნიერია, ან ავადაა და ექიმმა სპეციალური დიეტა დაუნიშნა. ასეთ შემთხვევაში არასამარხო პროდუქტის მიღება მარხვის დარღვევად არ ჩაითვლება, თუ მორწმუნე აიღებს ლოცვა-კურთხევას, რომელსაც იძლევა ან მღვდელმთავარი, ან მღვდელი. ამ ლოცვა-კურთხევის ძალით მორწმუნემ შეიძლება მიიღოს რძის ნაწარმი და ხორციც კი, თუ ეს აუცილებელია. მარხვის შენახვა არაა სავალდებულო აგრეთვე ბავშვებისთვის 12 წლის ასაკამდე. თუ მშობლებს მაინც უნდათ ბავშვი თავიდანვე შეაჩვიონ მარხვას, ვურჩევთ ასე განსაჯონ: ბავშვისათვის ყოველდღიურად ხორცის მიღება არათუ სავალდებულო არ არის, არამედ მავნებელიცაა. ამიტომ მისი რეჟიმი ისე უნდა განვსაზღვროთ, რომ ხორცისაგან განტვირთვის დღეები იყოს ოთხშაბათი და პარასკევი.”
წყარო: www.ambioni.ge
მასალა მოამზადა: თორნიკე ყრუაშვილმა