მუსიკოს რატი ონიანის შესახებ საზოგადოებისთვის ძალიან კარგად არის ცნობილი, არცთუ ისე დიდი ხნის წინ, მან საკუთარი პირველი ალბომი შემოგვთავაზა, რომელიც 16 კომპოზიციისგან შედგება. საკუთარი ისტორიის მქონე თითოეული კომპოზიციის შემდგომ, მსმენელისთვის უკვე ხელმისაწვდომია მისი ახალი ალბომი. ამის შესახებ რატი “თბილისი თაიმსს” ესაუბრა.
“წინა ალბომში 16 კომპოზიცია შედიოდა, ამ შემთხვევაში, არის 20 კომპოზიცია. მუსიკალურად უფრო საინტერესოა, რადგან უცნაური ინსტრუმენტებია, ძალიან ბევრი ჟანრია გაერთიანებული… ეს, მეორე ალბომი ბასგიტარისტებს მივუძღვენი, ის ერთსაათიანია. არის ხალხური ელემენტები, გამოყენებულია ეგზოტიკური ინსტრუმენტები. ალბომის ყდასაც რომ შევხედოთ, არის 4 ელემენტი: მიწა, წყალი, ცეცხლი და ქარი. ალბომიც სწორედ ამას ეძღვნება, არის სრულიად ქაოსი. შესაძლოა, მომავალში კონცეპტუალური ალბომი შევქმნა.
მეორე ალბომში, “Glance Into My Visions” ისეთი ელემენტებია, რაც შემიძლია, თამამად ვთქვა, რომ მე ქართულ მუსიკაში არ მსმენია. დამძიმებული ბასი და საქსაფონი ძალიან ბევრჯერ ყოფილა, მაგრამ, ამ შემთხვევაში, ვგულისხმობ ჟღერადობას. არის გარკვეული ექსპერიმენტები, მაგრამ მთელი ალბომი რომ ბასგიტარაზე იყოს, ასეთი რაღაც არ ყოფილა. ამ მხრივ, მიხარია, რომ საქმე მივიყვანე ბოლომდე. რეალურად, დავწერე ოცზე მეტი, თუმცა, ალბომში 20 შევიტანე”, – ამბობს რატი.
ის კონკრეტულ კომპოზიციაზე საუბრობს – Sun After Rainy Day, რომელიც უკრაინელი ხალხის მიმართ სოლიდარობის ნიშნად შეიქმნა.
“ეს კომპოზიცია ალბომის შემდგომ დავდე. ეს იყო ჩემი სოლიდარობა უკრაინელი ხალხის მიმართ, ოღონდ არა პოლიტიკური ფორმით. უბრალოდ, მეც მინდოდა, ჩემი სათქმელი მეთქვა. ეს არის პატარა ინსტრუმენტალი – წარმოვიდგინე, როგორია ომი ჩემთვის. უკრაინის დროშას ხომ ორი ფერი აქვს – ყვითელი და ლურჯი. სახელწოდებაც აქედან მომდინარეობს – Sun After Rainy Day. მზე ყვითელია, წვიმა ლურჯ ფერთან ასოცირდება. ეს ძალიან მალე, ერთ დღეში ჩავწერე. როგორც ყოველთვის, აქ მთავარი ინსტრუმენტი ბასია”, – ამბობს რატი ონიანი “თბილისი თაიმსთან” საუბრისას.