იმ მიზეზით, რომ ცხოვრება მოულოდნელობებითაა სავსე, შესაძლოა, თითოეულმა ჩვენგანმა მიიღოს ისეთი გადაწყვეტილება, რასაც ადრე ვერ იფიქრებდა. მათ შორის, არ არის გამორიცხული, გადავწყვიტოთ, ძალიან მოკლე დროში ნულიდან დავიწყოთ საქმიანობის შესწავლა და ძალიან მალე ვიქცეთ პროფესიონალებად.
სოფო ფაილოძე სწორედ იმ ადამიანების კატეგორიას ეკუთვნის, რომელმაც დაისახა მიზანი და მალევე მოიყვანა ის სისრულეში. “ფოფისი” – სწორედ ასე ჰქვია ბრენდს, რომელიც ქალებისთვის ორიგინალურ სამოსს ქმნის. ჯერჯერობით, მათ მხოლოდ სოფო კერავს. სამომავლო გეგმებზე კი ის “თბილისი თაიმსს” თავად ესაუბრა.
“რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩემი ბრენდი არის ქართული, იკერება საქართველოში და მათ ვქმნი ჩემი ხელით. დაახლოებით, ერთი თვეა, რაც არსებობს “ფოფისი”. იდეა დიდი ხნის, დაახლოებით, ერთი წლის წინ გაჩნდა. ამ დროს კერვა ჯერ არც ვიცოდი. ჩაფიქრებული მქონდა, აუცილებლად შემექმნა ჩემი ბრენდი, რადგან როდესაც ჩემთვის მივდიოდი საყიდლებზე, არასდროს არაფერი მომწონდა და ძალიან მიჭირდა სამოსის შერჩევა. გარდა ამისა, ჩემი დედამთილი კერავს, რაც მე ძალიან მომწონდა. მქონდა სურვილი, მეც მესწავლა სამოყვარულო დონეზე და ჩემთვის შემეკერა რაღაცები. უკვე შემდგომ გადავწყვიტე, მოვსულიყავი ერთერთ ატელიეში და იქ შევისწავლე ეს საქმიანობა პროფესიონალურ დონეზე. ახლა უკვე ვქმნი სრულფასოვან სამოსს”, – ამბობს სოფო და ხაზს უსვამს, რომ, ამ ეტაპზე, მხოლოდ ქალბატონებისთვის კერავს.
“ჯერჯერობით, მხოლოდ ქალებისთვის ვკერავ ტანსაცმელს, რადგან სადაც ვსწავლობ, იქ მხოლოდ ამ მიმართულებით გვასწავლიან. შემდეგ უკვე ვაპირებ, კიდევ გავირღმაო ცოდნა და ვისწავლო ყველანაირი სამოსის კერვა, რაც არსებობს”.
ალბათ, გეგმავთ, გაფართოვდეთ და თანამშრომლები ჰყავდეს თქვენს ბრენდს.
დიახ, აუცილებლად. უბრალოდ, ჯერ ბრენდი ახალია და ვცდილობ, სახელი გავითქვა. შემდეგ უკვე მაღაზიასაც გავხსნი და თანამშრომლებიც მეყოლება. ამ ეტაპზე, ვკერავ სახლში. სამწუხაროდ, ქსოვილებს საქართველოში ვერ ვყიდულობ. უფრო მეტად, მათ მიგზავნიან იტალიიდან. ჩემი მიზანია, ქართველებისთვის ძალიან განსხვავებული სამოსი შევქმნა.