გამორჩეულის ძიებაში ჩვენ შესაძლოა, ახალ იდეებამდე მივიდეთ. მათ შორის, საკუთარი ხელით დამზადება კიდევ უფრო სახალისოა. სწორედ ასე შეიქმნა “ნომერი“. აღნიშნული საქმიანობა უკავშირდება კონკრეტულად ბინის, ხელნაკეთი ნომრების, სახელობითი თუ გარე ფასადის აბრების დამზადებას. მისი სულის ჩამდგმელია ნატალია მინდიაშვილი, რომელმაც საინტერესო ნაბიჯი საკუთარ ბიზნესად აქცია.
რამდენი ხანია, რაც არსებობს “ნომერი?
“ნომერი” უკვე ორი წელია, რაც ოფიციალურად არსებობს და ფართო საზოგადოებისთვის გახდა ცნობილი. ეს იყო პანდემიის პირველი წელი, როცა ყველაფერი ჩაიკეტა. თუმცა, თავად იდეა 6-7 წელია, მაქვს და მხოლოდ ახლო მეგობრებისთვის ვქმნიდი ნამუშევრებს.
გამორჩეული მიმართულებით საქმიანობთ – საიდან გაჩნდა იდეა?
იდეა გაჩნდა მას შემდეგ, რაც რემონტი დავასრულეთ და მე და ჩემმა მეუღლემ ბაზარზე ვერ მოვიძიეთ ჩვენთვის სასურველი, განსხვავებული ვიზუალის ბინის ნომერი. იყო მხოლოდ კერამიკისა და ოქროსფერი ან ვერცხლისფერი ჩინური წარმოების ციფრები. სწორედ მაშინ გადავწყვიტეთ, ჩვენი ბინისთვის თავად დამემზადებინა ნომერი. აქედან წამოვიდა სახელიც და ჩვენს პატარა ბიზნესს „ნომერი“ დავარქვით. ჩემი ბინისთვის შექმნილმა ნომერმა მოწონება დაიმსახურა ნაცნობ მეგობრებში და მათთვისაც დავამზადე. სერიოზული სახე უკვე პანდემიის დროს მიიღო და შეკვეთების მიღებაც დავიწყე.
არასდროს დამავიწყდება პირველი ოფიციალური შეკვეთა და ეს ზუსტად მაშინ, როცა ყველაფერი ჩაკეტილი იყო. საშინლად ვნერვიულობდი, არ – გაამართლებდა თუ არა ჩემი წამოწყება. პანდემიის პერიოდში, ვფიქრობ, საკმაოდ გაბედული ნაბიჯი იყო რაიმეს დაწყება. ეს იდეა ყველასთვის ახალი გახლდათ და ძალიან აიტაცეს. ყოველდღიურად რამდენიმე შეკვეთა შემოდიოდა, რაც უდიდეს სტიმულს მაძლევდა.
უმთავრესად, რა მიზნით გიკავშირდებიან მომხმარებლები?
ძირითადად, ბინის ნომრებს, სახელობით და გარე ფასადის აბრას მიკვეთენ, თუმცა, მქონდა რამდენიმე განსხვავებული შეკვეთაც, რაც კონკრერულად ნომერს არ ეხებოდა. მქონდა ასევე რამდენიმე სასტუმროს დაკვეთაც.
თუ გეგმავთ სხვა პროდუქციის დამატებას?
რა თქმა უნდა, გამუდმებით ვცდილობ, სიახლეები შევთავაზო ჩემს მომხმარებელს, მათი სურვილის გათვალისწინებით. მონაწილეობა მივიღე “თიბისი ბანკისა” და ხელოვნების სასახლის პროექტ „ქართული ქსოვილის ახალი სიცოცხლე“-ში, სწორედ ამ პროექტის ფარგლებში შევქმენი ახალი კოლექცია, ბინის ნომრები ქართული ქსოვილის მოხატულობით.