„მას შემდეგ, რაც ავტომობილების ტექინსპექტირება შემოვიდა, ამან ჰაერის ხარისხზე გარკვეული ზემოქმედება იქონია. ავტომობილებს უკვე მოეთხოვებათ გამონაბოლქვზე შემოწმება. შესაბამისად, მეტ-ნაკლებად, მიმდინარეობს ამის მონიტორინგი. გარდა ამისა, ხაზი უნდა გავუსვათ, რომ განახლდა საზოგადოებრივი ტრანსპორტი – განახლებული ტრანსპორტი სხვა სტანდარტებზეა გადასული“, – ამის შესახებ გარემოსდამცველმა, კახა ბახტაძემ „თბილისი თაიმსთან“ საუბრისას განაცხადა.
ბახტაძემ შეაფასა, თუ რა ძირითადი ფაქტორები განსაზღვრავს საქართველოში ჰაერის ხარისხს და, ამ მხრივ, უმჯობესდება თუ არა მდგომარეობა.
გარემოსდამცველმა განმარტა, რომ ჰაერის ხარისხი ჩვენს ქვეყანაში, ზოგადად, ბევრად არის გაუმჯობესებული, თუმცა, არსებობს ცხელი წერტილები, სადაც მდგომარეობა გაცილებით რთულია.
„უნდა აღვნიშნოთ წარმოება – ეს გახლავთ ისეთი ინდუსტრიული ქალაქები, როგორიც არის რუსთავი. თუმცა, ვიცით, იქაც არის დაბინძურება, სადაც აქტიური მშენებლობები მიმდინარეობს – მაგალითად, ბეტონის ქარხნის მუშაობა ბათუმში, რამაც მოსახლეობას საკმაოდ დიდი დისკომფორტი შეუქმნა. ამაზეც იყო დისკუსია, რამდენად სწორად იყო ნებართვა გაცემული და მიმდინარეობდა თუ არა იმ პირობების დაცვა, რასაც კანონმდებლობა მოითხოვს. როგორც აღვნიშნე, რუსთავში ძალიან ბევრი სამრეწველო ობიექტია. თუმცა, სიახლე არის ის, რომ დაიწყო მონიტორინგი ჰაერის დამაბინძურებელი ყველა საწარმოსი. გარემოს დაცვის სამინისტროს მოთხოვნა იყო შესაბამისი მოწყობილობების დამონტაჟება, შესაბამისად, ავტომატურად გადაეცემა სამინისტროს, სად რა ხდება. ჰაერის დაბინძურების მხრივ, გარკვეული პერიოდის შემდგომ, ამან შედეგი აუცილებლად უნდა მოიტანოს, თუმცა, რაღაცები ჯერ კიდევ იქნება გასაკეთებელი. ამ შემთხვევაში, მნიშვნელოვანია აღსრულების ნაწილი – დაბინძურების ფაქტზე რეაგირება იყოს სწრაფი“, – განაცხადა კახა ბახტაძემ.