საქართველოში მიმდინარე ერთერთი ყველაზე წარმატებული პროექტის – “მასტერშეფის” მეშვიდე სეზონი, შეიძლება ითქვას, უფრო მეტად წარმატებული და ძალიან საინტერესო იყო. როგორც მაყურებლები და ჟიურის წევრები ერთხმად აღნიშნავენ, სეზონი განსაკუთრებული კონკურენციით გამოირჩეოდა. მისი ერთერთი გამორჩეული მონაწილეა ვაკო ღონღაძე. მის მიერ შემოთავაზებული კერძები, მათ შორის, იმით იყო თვალშისაცემი, რომ საკუთარი ძირითადი საქმიანობა – ბარმენობა შეთავსებული იყო ყველა დავალებასთან.
ვაკო პროფესიით ეკონომისტი და ბარის სპეციალისტია. უკვე 12 წელია, რაც ბარის მიმართულებით მუშაობს (მენტორი, პროექტ მენეჯერი, ამერიკული ვისკების ბრენდ ამბასადორი). დეტალებზე ის “თბილისი თაიმსს” ესაუბრა.
როგორ გაჩნდა ბარმენობის ინტერესი და ამ მხრივ ცოდნა რა გზით მიიღეთ?
პრეზიდენტის სტიპენდიანტი, სწავლას მოწყურებული, მეორე კურსის სტუდენტი ვიყავი, როდესაც დავკარგე მამა და მალევე გავაცნობიერე ის, რომ სწავლასთან ერთად მჭირდებოდა სამსახური, რამდენიმე სამსახური გამოვიცვალე მცირე დროში და შემდეგ მოვხვდი ბარში. პარალელურად, დავიწყე ბარის კურსის გავლა, ამ მომენტიდან ჩემი ცხოვრება სრულიად – 360 გრადუსით შეიცვალა. მუშაობასთან ერთად, ძალიან დიდ დროს ვუთმობდი ვარჯიშს და ვეცნობოდი სხვადასხვა წყაროდან მოძიებულ, ბართან დაკავშირებულ ინფორმაციას, მალევე დავიწყე კონკურსებში მონაწილეობა, ვესწრებოდი სხვადასხვა ქვეყნიდან მოწვეული სპეციალისტების მიერ ჩატარებულ ტრენინგებს. საქართველოში ჩატარებული კონკურსების პრიზიორი და 7-ჯერ ქვეყნის გამარჯვებულიც გავხდი, შემდეგ საერთაშორისო კონკურსებზეც მოვსინჯე ბედი და ასევე გავიარე ტრენინგები საზღვარგარეთ (ირლანდია, საფრანგეთი, ესპანეთი, ესტონეთი).
პარალელურად, ვმუშაობდი ყოველთვის იმ დროს საუკეთესო, თბილისის კლუბებში და ზაფხულობით ბათუმში, ყველანაირი ტიპის ბარში – მუშაობა მოვასწარი, შეიძლება ითქვას, ბარების მრავალფეროვნებამ, საერთაშორისო ტრენინგებმა და კონკურსებმა საკმაოდ დიდი ცოდნა მომცა, რის საფუძველზეც გადავდგი შემდეგი ნაბიჯი და 2019 წელს გავხსენი ბარის აკადემია, სადაც ახალ თაობებს ვუზიარებ საკუთარ გამოცდილებას და საერთაშორისო დონის სტანდარტებს, ჩემთვის ეს ძალიან საპასუხისმგებლო და, ამავდროულად. სასიამოვნო ბიზნესია, რომელიც ისევ და ისევ ემსახურება იმ მიზანს, რომ საქართველოში ბარმენის პროფესია იყოს დაფასებული და გაიზარდოს მომსახურების ხარისხი სარესტორნო სექტორში.
პროექტზე რომ გადავიდეთ – „მასტერშეფის“ შესარჩევ ტურზე საკუთარი ინიციატივით მოხვდით?
მიუხედავად იმისა, რომ საჭმელების კეთება ერთგვარი განტვირთვა და სიამოვნებაა ჩემთვის, მეგობრებსაც უთქვამთ – მიმეღო მონაწილეობა პროექტში, თუმცა, რატომღაც, არასდროს მიფიქრია პროექტში მონაწილეობაზე. ჩაწერების დაწყებამდე ერთი კვირით ადრე, კარგად მახსოვს, საღამო იყო – აკადემიასთან მანქანა გავაჩერე, ტელეფონში ფბ-ს ვსქროლავ და მხვდება “მასტერშეფის” პოსტი, რომ დარჩენილია ერთი დღე რეგისტრაციის დასრულებამდე და მაშინ დავფიქრდი წამიერად, გადაწყვეტილება მალევე მივიღე და შევავსე ანკეტა, იმ სურვილით, რომ შესარჩევში მოვხვდებოდი, მეტი ადამიანი გამიცნობდა და ჩემს პროფესიას „ბარს“ უფრო შევაყვარებდი საზოგადოებას. იმ საღამოსვე დამირეკეს, დამიბარეს მეორე დღეს გასაუბრებაზე და იქ მისულს შუა საუბარში კონტრაქტი დამიდეს მაგიდაზე. ეს იყო ჩემთვის ერთგვარი გაოცებაც და შანსი იმისა, რომ მეჩვენებინა – რა შემიძლია იქ, სადაც შენს მომზადებულ კერძებს არა მეგობრები, არამედ ქვეყნის წარმატებული შეფები გასინჯავენ და შეაფასებენ. აი, ასე, უცებ მოვხვდი “მასტერშეფის” სამზარეულოში.
როგორ შეაფასებთ სეზონს – პირადად თქვენთვის რამდენად წარმატებული იყო ის და რა შეგმატათ?
ვფიქრობ, ეს სეზონი იყო ძალიან გამორჩეული, საინტერესო და, ამავდროულად, ძალიან რთული, ამაში თქვენი მკითხველიც დამეთანხმება – ვინც ეკრანებთან იჯდა და თვალს ადევნებდა პროექტს. როგორც ზემოთ აღვნიშნე, ჩემი პირველი სურვილი იყო, შესარჩევში მოვხვედრილიყავი, შემდეგ – როდესაც შესარჩევი გავიარე, თორმეტეულში მოხვედრის სურვილი გამიჩნდა და ეს ზღვარიც მარტივად გადავლახე, იმუნიტეტი ავიღე და, მოკლედ რომ ვთქვათ. მადა მომივიდა, მეტი ცოდნა დავიმატე, ბარის ელემენტები გადმოვიტანე სამზარეულოში და რამდენიმე გამორჩეული კერძიც შევქმენი იმ კონკურენიის ფონზე, როგორი ძლიერი მონაწილეებიც იყვნენ პროექტში. მიუხედავად იმისა, რომ ფინალში ვერ მოვხვდი, ვფიქრობ – ერთერთი წარმატებული და განსხვავებული მონაწილე ვიყავი, რასაც დღესაც ბევრი უცნობი ადამიანი აღნიშნავს ჩემთან შეხვედრისას.
მისი დასრულების შემდგომ, ამ მხრივ დამატებითი უნარების ათვისებისთვის თუ მიიღეთ რამე გადაწყვეტილება?
პროექტის დასრულების შემდგომ, ისევ აქტიურად დავუბრუნდი საკუთარი ბარის პროექტზე მუშაობას, სადაც ვფიქრობ, გემრიელ კოქტეილებთან ერთად მომხმარებლებს ექნებათ შესაძლებლობა, დააგემოვნონ ჩემი საკუთარი საავტორო კერძები. როგორც ქასტინგზე აღვნიშნე: „ბარს და სამზარეულოს ერთი კედელი ყოფს“, ამიტომ, ვფიქრობ, არ გამიჭირდება – ერთდროულად ვაკეთო გემრიელი კოქტეილები და მადისაღმძვრელი კერძები.
საინტერესოა, კიდევ რა ინტერესები გაქვთ?
სამზარეულოს გარდა, კიდევ ძალიან მაინტერესებს და ხშირად ვეცნობი სხვადასხვა ალკოჰოლური სასმელის ისტორიას და წარმოების პროცესებს, შიგნით, გულის სიღრმეში ვგრძნობ – რომ მზად უნდა ვიყო. ვფიქრობ, მოვა დრო, როცა ამ მიმართულებით გადავდგამ მნიშვნელოვან ნაბიჯებს. ჰობის დონეზე ძალიან მომწონს თევზაობა, როცა თავისუფალ დროს ვნახულობ. ასევე, ვიღებ ვიდეორეცეპტებს ჩემი “იუთუბ” და “ტიკტოკ” გამომწერებისთვის, ესეც ერთერთი ძირითადი ინტერესის სფეროა.