Aestheandmi – სახელწოდება, რომელსაც აქვს საკუთარი განმარტება და ისტორია, რამაც აუვილებელი გახადა მისი დაარსება. ეს გახლავთ საქმიანობა, რომელიც მარიამ კაპანაძემ გარკვეული ეტაპების გავლის შემდგომ წამოიწყო. ის 2021 წლის 3 ოქტომბერს დაფუძნდა და, საკუთარი ინდივიდუალიზმის წყალობით, ბევრის ყურადღებას იმსახურებს. დეტალურად, რა მზადდება ამ სახელწოდების ქვეეშ და რა უნარები აქვს მათ ავტორს – „თბილისი თაიმსს“ მარიამი ესაუბრა.
რა მიზნით დაარსდა aestheandmi?
მინდოდა, შემექმნა რაიმე ისეთი, რაც ჯერ არ არსებობდა. თავდაპირველად, დავიწყე დეკორატიული სანთლებისა და ლანგრების ჩამოსხმა. ზოგადად, ჩემს ცხოვრებაში ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ დეტალებს, რომელიც გამორჩეულს ხდის თითქოსდა ჩვენს ერთფეროვან ცხოვრებას. უპირატესობას ვანიჭებ მინიმალიზმს, სადა, მშვიდ და ესთეტიურ ინტერიერს. მიყვარს, როცა სახლში მხოლოდ ერთეული და გამორჩეული ნივთები უსვამს ხაზს ჩემს გემოვნებას. მომწონს ღია, ნათელი ფერები. სწორედ ეს იყო მოტივი aestheandmi-ის დაარსების. სახელიც სწორედ ამაზე მეტყველებს – aesthe and mi – მინიმალისტური ესთეტიკა. შემდეგ იმ ოცნებას შევასხი ფრთები, რომელსაც თიხაზე მუშაობა ჰქვია. ეს ყოველთვის ძალიან მომწონდა, მაგრამ არ ვიცი, ალბათ, მიჭირდა ამ ნაბიჯის გადადგმა. თუ ჩემი კომფორტის ზონის შესახებ მკითხავთ, მასში აუცილებლად შევა შემოდგომის ნახევრადსევდიანი და ზამთრის სუსხიანი საღამოები და ამის გვერდით მუდამ იდგება ჩემი საყვარელი ჭიქა, რომელიც ყოველთვის კარგ განწყობაზე მაყენებს და მამოტივირებს. მგონია, რომ ადამიანებზე დიდ გავლენას ახდენენ ნივთები. მათ აქვთ უნარი, ჩვენი მთლიანი დღე შეცვალონ რაღაც კარგისკენ, განსაკუთრებული ემოცია დაგვიტოვონ და კარგი მოგონებები გვაჩუქონ.
რისგან ამზადებთ ნამუშევრებს?
სანთლები მზადდება ეკოლოგიურად სუფთა, სოიოს ცვილისგან. ის არის ვეგანური, არ არის დატესტილი ცხოველებზე და ჯანმრთელობისთის უსაფრთხოა, განსხვავებით პარაფინისგან. ასევე, ის გამოირჩევა წვის მეტი ხანგრძლივობითაც. რაც შეეხება ლანგრებს, ლანგრები მზადდება მისთვის განკუთვნილი მასალისგან Eco-Resin Jesmonite-გან. მასალა არის ეკო–მეგობრული, წყალგამძლე, ცეცხლგამძლე და არატოქსიკური, რაც მომხმარებელს აძლევს საშუალებას, მასზე მოათავსოს საკვები. რაც შეეხება კერამიკის ნივთებს, მათ ვამზადებ თიხისგან. თავდაპირველად – ხელით ვძერწავ. ამის შემდეგ ის საჭიროებს დაახლოებით ერთ კვირას, რომ გამოშრეს კარგად. შემდეგი ეტაპია გამოწვა, მოხატვა, მოჭიქურება, კიდევ გამოწვა და საბოლოოდ ვიღებთ მას, რაც სურათზეა გამოსახული.
ამ მხრივ, ცოდნა რა გზით მიიღეთ?
რაიმე კურსებზე არ მივლია და არ შემისწავლია ეს ყველაფერი, პრაქტიკულად. როდესაც გადავწყვიტე, რომ ჩემი ცხოვრების რაღაც ნაწილის დაკავშირება მინდოდა ამასთან, მოვიძიე უამრავი ვიდეოგაკვეთილი, სადაც დაწვრილებით იყო ახსნილი ყველა დეტალი, შემდეგ ეს სისრულეში მოვიყვანე და როდესაც მივიღე ჩემთვის იდეალური შედეგი, შემდგომ უკვე გავიტანე ფართო აუდიტორიამდე.
გარდა ამისა, ხელოვნების სხვა მიმართულებებით თუ ხართ დაინტერესებული?
ხელოვნება ჩემთვის სულის მუსიკაა, რომლის გარეშეც ვერ წარმომიდგენია ჩემი ერთი დღე. ახლა, როდესაც ვიხსენებ ბევრ რამეს, მახსენდება, რომ ჩემი ცხოვრების არცერთი ეტაპი არ ყოფილა ხელოვნების გარეშე. ბავშვობიდან ყოველთვის მიყვარდა წიგნები, მუსიკა, ჩანახატების გაკეთება. ეს ყველაფერი მაქცევს იმად, რაც ვარ ახლა. ვფიქრობ, ადამიანში ხელოვნება განსაკუთღებულ კვალს ტოვებს. ძალიან მიყვარს წერა და ქარგვა. რამდენიმე მოთხრობა მაქვს დაწერილი, თუმცა, ჩემთანვე დარჩა ჩემი ჩანაწერები და არ მიცდია ამის გავრცელება. ასევე, მოქარგული მაქვს რამდენიმე დიდი ნაქარგი, რომელიც მე მაქვს და არ მიცდია მისი გაყიდვა. ვფიქრობ, რომ კავშირს არასდროს გავწყვეტ ხელოვნებასთან, რაღაც ახალი ყოველთის იქნება ჩემს ცხოვრებაში, რომელიც მორიგ ბედნიერებას მომიტანს. საუკეთესო შეგრძნებაა, როცა შეგიძლია, შექმნა თუნდაც პატარა რამ, რომელიც დიდ ბედნიერებას აჩუქებს მეორე ადამიანს.