შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მდივნის, ენტონი ბლინკენის თქმით, ამჟამად რუსეთსა და უკრაინას შორის ცეცხლის შეწყვეტაზე მოლაპარაკებები შეუძლებელია.
ბლინკენის თქმით, რუსეთის ფედერაციამ შესაძლოა ცეცხლის შეწყვეტა თავისი ძალების გადაჯგუფებისთვისა და ხელახალი შეტევის მოსამზადებლად გამოიყენოს.
“ზოგისთვის ცეცხლის შეწყვეტის იდეა შეიძლება მაცდური იყოს და მე ეს მესმის. თუმცა თუ ეს ნიშნავს რუსეთის მიერ უკრაინის მნიშვნელოვანი ტერიტორიების მიტაცების რეალურ რატიფიცირებას, მაშინ ეს არ იქნება სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობა. რუსეთი იქამდე უნდა მივიდეს, რომ მზად იყოს კონსტრუქციული მოლაპარაკებებისთვის. მიზანი სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობა უნდა იყოს”, – თქვა ბლინკენმა.
ცნობისთვის, თურქეთში ვიზიტისას რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა თქვა, რომ მოსკოვს სურს, უკრაინაში მშვიდობის დამყარებასთან დაკავშირებული ნებისმიერი მოლაპარაკება მსოფლიოში ახალი წესრიგის დამყარებისკენ იყოს მომართული. ლავროვის თქმით, მოსკოვი მოლაპარაკებებზე სერიოზულ შეთავაზებას არასდროს უარყოფს, თუმცა “მოლაპარაკებები რუსეთის ინტერესების საფუძველზე უნდა წარიმართებოდეს”.
ISW-ის შეფასებით, ლავროვის განცხადებები მიუთითებს, რომ კრემლი ლეგიტიმური მოლაპარაკებებით დაინტერესებული არ არის.