ჩვენ გარშემო ძალიან ბევრი ხელოვანია. ზოგიერთი მათგანი ერთმანეთს ჰგავს, ზოგს საკუთარი ხელწერა გამოარჩევს. მათ შორის არის არაერთი მხატვარი, რომელიც ქმნის ერთი და იმავე მასალით, მაგრამ – აშკარად გამორჩეულს. გიგი მუმლაძე ერთერთია, რომლის ნამუშევრებსაც მრავალთაგან განასხვავებთ.
საკუთარი ნიჭის, მისი განვითარებისა და არსებული სირთულეების შესახებ, გიგი „თბილისი თაიმსს“ თავად ესაუბრა. როგორც მან აღნიშნა, მისთვის განსაკუთრებულად რთული ფერადი ფანქრებით ხატვა აღმოჩნდა.
„გრაფიკის მიმართულებით ბევრ სხვადასხვა მასალაში მიმუშავია, ყველაზე რთული ფერადი ფანქრის დამორჩილება აღმოჩნდა, მე კი მიყვარს სირთულეები, ისე მოხდა, რომ ეს ბოლო რამდენიმე წელია – მხოლოდ ფერადი ფანქრებით ვმუშაობ, ნახატების ეფექტურობიდან გამომდინარე, ბევრი მიიჩნევს, რომ განსაკუთრებული ფერადი ფანქრებით ვხატავ, ეს ასე არ არის, ზოგიერთ მათგანს ბრენდიც კი არ აწერია“.
როგორც ხელოვანი ამბობს, მის ნახატებს ენერგეტიკა და დამუშავების ტექნიკა გამოარჩევს – „როგორც მნახველები ამბობენ – საოცარ ენერგეტიკას გრძნობენ ჩემი ნამუშევრებიდან“.
გიგი გვესაუბრა, თუ როგორ განვითარდა მისი მხატვრული უნარები და რა გზა გაიარა იმისთვის, რომ სასურველი შედეგისთვის მიეღწია.
„7 წლის ვიყავი, როდესაც დედამ და ბებიამ გადაწყვიტეს სამხატვრო სკოლაში ჩემი მიყვანა, იქ კი კონკურსში გავიმარჯვე და ჩავირიცხე ამავე სასწავლებელში, სამხატვრო სკოლის დამთავრების შემდეგ – ჩავაბარე თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში, უდიდესი წილი მთელი ამ პერიოდის მანძილზე არის შრომა, მე მქონდა მიზანი და ამ მიზანს სჭირდებოდა დაუღალავი შრომა შედეგის დასადებად, შედეგს კი დღეს ხალხი ხედავს“.
როგორც მხატვარმა ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, ჰყავს როგორც ადგილობრივი, ისე – უცხოელი დამკვეთები, ზოგს დასრულებული ნამუშევრის შეძენა სურს, ზოგიც მისთვის სასურველ ნამუშევარს ახატინებს.
„ხელოვნება მოიცავს უამრავ სფეროს და განხრას, ჩემთვის ძალიან საინტერესოა კერამიკა და ქანდაკება, რა თქმა უნდა, სხვა დანარჩენიც, მაგრამ განსაკუთრებულად – ეს ორი დარგი“, – ამბობს გიგი მუმლაძე.