უამრავი წიგნი და ფილმი არსებობს სიყვარულზე. ეს მარადიული და ამოუწურავი თემაა, რომელიც არც მწერლისთვის, არც ხელოვანისთვის არასოდეს კარგავს ხიბლს. სწორედ სიყვარულზე ისაუბრეს ცნობილმა ქალბატონებმა, რომლებიც სხვადასხვა დროს ჩავწერე. ისეთი გულწრფელნი იყვნენ, ისეთი გრძნობით ლაპარაკობდნენ, რომ მათგან გამოყოლილი აღტაცება დიდხანს გამყვა. ასაკის მიუხედავად, ნაოჭებითაც ისეთივე მომხიბლავი იყვნენ, როგორც წლების წინ, ახალგაზრდობაში. სიყვარულზე საუბრისას საოცრად უციმციმებდათ თვალები და იმ წუთებში ბედნიერ დროს უბრუნდებოდნენ. ახლა სწორედ ჩემი საყვარელი რესპონდენტები და მათი რომანტიკული სიყვარულის ეპიზოდები მინდა გავიხსენო.
სოფიკო ჭიაურელი
სოფიკო ჭიაურელს გაცილებით ადრე შევხვდი, სანამ “კვირის პალიტრაში” დავიწყებდი მუშაობას. 1986 წლის ზაფხული იყო. მეგობრები ზაფხულის ხვატს ფუნიკულიორზე გავექეცით, ცნობილ რესტორანში შევედით. გაგვიმართლა და ღია ვერანდაზე მაგიდა გათავისუფლდა. იქიდან არაჩვეულებრივი ხედი იშლებოდა, შებინდებულზე უფრო ლამაზი ჩანდა ლამპიონებით განათებული თბილისი. უცებ ნაცნობი ხმა მოგვესმა… აი, ის ლეგენდარული ხმა, ერთიანად რომ წამოგვყარა სახლებიდან 1981 წლის 13 მაისს და “დინამოს” სტადიონზე შეგვკრიბა სრულიად საქართველო. დიახ, ჩვენ მეზობლად კოტე მახარაძე იჯდა და სოფიკო ჭიაურელსა და ტარიელ საყვარელიძეს მისთვის დამახასიათებელი ჟესტიკულაციით რაღაც სახალისოს უამბობდა. ძალაუნებურად მზერაც და ყურადღებაც მათკენ მივმართეთ. ხუმრობა ხომ არ იყო, სამი ვარსკვლავი იქვე, ჩვენ ახლოს ხუმრობდა, იცინოდა და დროს ატარებდა. მერე კოტემ მეგობარს მიმართა, ეს შენთვისაა, სოფიკო, თორემ ჩემთვის ცოფიკოაო. საყვარელიძეს ჩაეცინა და უთხრა, მაგ ცოფიკოზე გიჟდები და რა გინდა, რომ ქნაო? კოტემ თავი დაუქნია, ასეა ესო. და მოულოდნელად დაიწყო ლექსი “უსიყვარულოდ”. მთელი ვერანდა გაჩუმდა და კოტეს უსმენდა. მისი ომახიანი ხმა ხან იდუმალი ხდებოდა, ხან ძლიერი… “მაგრამ სულ სხვაა სიყვარული უკანასკნელი”, – დაასრულა კოტემ და ტაშიც გაისმა. სოფიკოს გავხედე, იღიმებოდა.
წლების მერე, როცა ინტერვიუსთვის სახლში ვესტუმრე, ეს ეპიზოდი გავახსენე. გაეცინა, დღემდე ცოფიკოს მეძახისო. წინდაწინ იცოდა, რომ სიყვარულზე უნდა გვესაუბრა. აღტაცებული მიყვებოდა იმ რომანზე, რომელიც “ურიელ აკოსტას” მერე აგიზგიზდა. თუმცა არც პირველი სიყვარული დავიწყებია:
– ცხოვრებაში, მით უმეტეს, პირადში, არ მოქმედებს არანაირი კანონი. ადამიანის ბედის დავთარში მისი დაბადებისთანავე იწერება ყველაფერი. მე მეწერა, რომ ჩემს სიცოცხლეში ორჯერ მყვარებოდა. მე და გიორგი შენგელაია ბავშვობიდანვე ვიცნობდით ერთმანეთს. ჩვენი დედები მეგობრობდნენ. მერე ჩვენც დავმეგობრდით და მეგობრობა სიყვარულში გადაიზარდა. ძალიან ახალგაზრდები ვიყავით, როცა დავქორწინდით. უმისოდ სიცოცხლე ვერ წარმომედგინა, მაგრამ მართლაც არასოდეს არ უნდა თქვა “არასოდეს”. ჩემსა და კოტეს შორის “ურიელის” რეპეტიციების დროს იფეთქა სიყვარულმა. მე თავს ვიკავებდი. ჯერ ერთი, არ ვიცოდი, ჩემი შვილები როგორ მიიღებდნენ ამას, მეორეც, კოტეს დონ-ჟუანის სახელი ჰქონდა. კოტე ძალიან ნერვიულობდა და გამუდმებით მთხოვდა, რომ ცოლად გავყოლოდი. ერთხელ ჩვენი თეატრის დასი მოსკოვში გაემგზავრა გასტროლებზე. ერთ საღამოს კოტემ მეგობრებთან ერთად მოსკოვის ახლოს ერთ ცნობილ რესტორანში დაგვპატიჟა. ნამდვილი რუსული ზამთარი იყო, -18 გრადუსითა და დიდი თოვლით. შუა ქეიფში გარეთ გამიხმო. გავყევი. ღვინომოკიდებული იყო, აღელვებულმა მითხრა, ახლა ან “ჰოს” მეტყვი, ან თავს მოვიკლავო. ვერ დავიჯერე, ჩემი გულისთვის თუ თავს რამეს აუტეხდა, ამიტომ უდარდელად, ცოტა აგდებულადაც მივუგე, კარგად იყავი-მეთქი. ის კი ყველაზე მაღალ ადგილას ავიდა, იმის იქით უკვე ხრამი იწყებოდა. კარგადო, დამიძახა და ნამქერში გადაეშვა. ლამის გული გამიჩერდა, წუთიც არ დავფიქრებულვარ, ვისკუპე და მეც უკან მივყევი. დარბაზში შესვლა რომ დაგვიგვიანდა, მეგობრებმა გამოგვაკითხეს. რესტორნის დარაჯს ჰკითხეს, ხომ არ დაგინახავთ, ქართველები საით წავიდნენო. იმანაც ის ადგილი აჩვენა, სადაც ორი შერეკილი ქართველი ხრამში გაუჩინარდა. ატყდა ერთი ამბავი. მაშველებიც მოიყვანეს და ცოცხალ-მკვდარი ძლივს ამოგვიყვანეს.
სოფიკომ ისიც მიამბო, შეუღლების მერე მეგობრებმა სიმბოლურად დიდი თუჯის ღუზა რომ მიუტანეს საჩუქრად: ბოლოს და ბოლოს, ეგებ შენს ოჯახურ ცხოვრებაში ჩაუშვა ღუზაო”. საჩუქარმა გაამართლა, რადგან სოფიკოს მერე კოტეს არავისკენ გაუხედავს – მათ ერთად 30 წელი ბედნიერად იცხოვრეს.