სამწუხაროდ, როგორც ჩანს, უახლოეს კვირებში ჩემს მეორე სამშობლოში – უკრაინაში ჩასვლის შესაძლებლობა აღარ მექნება. საქართველოს ექს-პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში მისთვის შესვლის აკრძალვას “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე ეხმაურება.
“სამწუხაროდ, როგორც ჩანს, უახლოეს კვირებში ჩემს მეორე სამშობლოში – უკრაინაში ჩასვლის შესაძლებლობა არ მექნება. მაგრამ ჩემი გული და სული ჩემს უკრაინელ დებთან და ძმებთან რჩება, რომლებიც თავიანთი დამოუკიდებლობისთვის, თავიანთი თავისუფლებისა და დამსახურებული ევროპული მომავლისთვის იბრძვიან. დარწმუნებული ვარ, მალე ისევ შევხვდები მათ ლამაზ და თავისუფალ კიევში, რათა მათი დემოკრატიული ტრიუმფი აღვნიშნოთ. გაუმარჯოს, უკრაინას!”, – წერს მიხეილ სააკაშვილი.
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ და უსაფრთხოების სამსახურმა პარტია “რეგიონების” დეპუტატის, ოლეგ ცარევის მოთხოვნის საფუძველზე უცხოეთის 36 მოქალაქეს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა. ე.წ. “ცარევის სიაში” საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და საქართველოს კიდევ 29 მოქალაქე მოხვდა.
25.12.13