შოვში, სტიქიის ზონაში კიდევ ორი ადამიანის ცხედარი იპოვეს. ამის შესახებ ჟურნალისტებს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა თემურ მღებრიშვილმა განუცხადა.
„ინტენსიურად გრძელდება ძებნა-შველის ღონისძიებები. დღეს სტიქიის ეპიცენტრიდან 40 კმ მოშორებით, სოფელ სორის მიმდებარედ ნანახია სავარაუდოდ მამაკაცის ცხედარი. გარდა ამისა, რომ ეპიცენტრში მიმდინარეობს წერტილოვანი გადამოწმებები. საორიენტაციოდ აღებული გვაქვს დაახლოებით 8 ჰექტარი ტერიტორია, სადაც დღეს ნანახი იქნა დამატებით ერთი მოზარდის ცხედარი და ცალკეულად ერთი ადამიანის ფრაგმენტი. აქტიურად გრძელდება საძიებო სამუშაოები, დარჩენილია 2 ადამიანი, რომელთა ძებნასაც ვაგრძელებთ. ცხედრებს გადავასვენებთ ქუთაისის პროზექტურაში. ამ დროისთვის ველოდებით 2-3 ცხედრის იდენტიფიცირებას. საერთო ჯამში ნაპოვნია 31 ადამიანის ცხედარი“, – აცხადებს თემურ მღებრიშვილი.
რაჭაში, შოვში მჟავე წყლებთან მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა.