პარლამენტი ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის პროექტს უბრუნდება. მთავრობის საკანონმდებლო პაკეტს დღეს, მეორე მოსმენით რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი განიხილავს. გამორიცხული არ არის თვითმმართველობის კოდექსი დღესვე მეორე მოსმენით რიგგარეშე სესიაზე გავიდეს, თუმცა ამაზე გადაწყვეტილებას ბიურო მიიღებს.
როგორც ცნობილია, თვითმმართველობის რეფორმის ფარგლებში დაგეგმილია თვითმმართველი ქალაქების რაოდენობის გაზრდა. თვითმმართველი ქალაქის სტატუსი მხოლოდ იმ ქალაქებს მიენიჭება, სადაც მოსახლეობის რაოდენობა 15 ათასზე მეტია. რეფორმის პირველ ეტაპზე დაგეგმილია არსებული 5 თვითმმართველი ქალაქისთვის შვიდი თვითმმართველი ქალაქის დამატება და მათი რაოდენობის 12-მდე გაზრდა, სადაც მერები პირდაპირი წესით აირჩევიან.
ამასთან, მთლიანად შეიცვლა კოდექსის ის ნაწილი, რომელიც რეგიონების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად ჩამოყალიბებას და მუნიციპალიტეტთა რეგიონული გაერთიანებების შექმნას ითვალისწინებდა. პროექტის კორექტირებული ვარიანტის მიხედვით, რეგიონული კოლეგიური ორგანოების ნაცვლად, საკონსულტაციო ფუნქციების მქონე სამხარეო საკონსულტაციო საბჭოები შეიქმნება, რომლის შემადგენლობაში პოლიტიკური წარმომადგენლობის ნაცვლად, გამგებლები, მერები, საკრებულოს თავმჯდომარეები და მათი მოადგილეები შევლენ.
სამხარეო საკონსულტაციო საბჭოების წევრები მონაწილეობას მიიღებენ მუნიციპალიტეტთაშორისი საკითხების და პროექტების განხილვაში, კონსულტაციებში, თუმცა მათ არ ექნებათ ის უფლებამოსილებები, რაც პროექტში პირვანდელი ვარიანტით იყო გათვალისწინებული.
26.12.13