ჩასაქირქილებელი ხუმრობის არ სწამდა და “ქარის საფარფატებელს“ ეძახდა, სიცილზე კი ამბობდა, სიცილი – ეს მალამოა. სიცილი, უპირველეს ყოვლისა, ამშვიდებს ნერვებს, იგი სხეულის თითოეულ ნაწილს მაგიური ძალით იპყრობს და კარგი განწყობით თავის ნებაზე წარმართავს; სიცილი ადამიანს შვებას ჰგვრის, უხსნის დაღლილობას და, რაც მთავარია, დიდ სიამოვნებას ანიჭებს, კარგი, ჯანსაღი სიცილი მკურნალობის ტოლფასიაო… სიცილის მეფეს – დიდ იპოლიტე ხვიჩიას
სიცილი და ხუმრობა მართლაც ძალიან უყვარდა, აი, სიცივისა კი ეშინოდა, თურმე. სიკვდილიც იმიტომ აკრთობდა, რომ იქ შემცივდება და მარტოს რა მეშველება, ზამთარში მაინც არ მოვკვდეო, ამბობდა ხოლმე ოჯახში და დიდი ნათელი, თბილი ღიმილით ათბობდა გარშემო მყოფებს, არადა… საოცარი ბედისწერა ერგო – ზამთარში დაიბადა და ზამთარში გადავიდა მარადისობაში.
- იპოლიტეს “პროზა“, “პოეზია“, რიცხვი 13 და 13 იპოლიტე
ქართული თეატრისა და კინოს უდიდესი არტისტი, კომიკოსი იპოლიტე ყვინჩია (ხვიჩია) 1910 წლის 31 დეკემბერს საშინელ თოვაში, სუსხსა და ყინვაში, ძველი და ახალი წლის გასაყარზე დაბადებულა, ხონთან სამ კილომეტრში, სოფელ კონტუათში, საყვინჩიოში, პატარა იმერულ ჯარგვალში (სახლი ახალი დამწვარი ჰქონდათ). იგი ალექსანდრე ყვინჩიასა და პისტი თოფურიას მეექვსე შვილი ყოფილა.
იპოლიტე ხვიჩიას ქალიშვილის, ნუნუ ხვიჩიას მოგონებებით ვიგებთ, რომ ყვინჩიების ოჯახში დიდი წესრიგი სუფევდა. ექვსი შვილის მშობლებს – ალექსანდრესა და პისტის წუთით ჩამოჯდომა-ჩამოსვენების უფლება არ ჰქონიათ – ექვს შვილს ჩაცმა უნდოდა, დახურვა, ჭამა, სმა და, რაც მთავარია, აღზრდა. უფროსი და-ძმა მაგალითი უნდა ყოფილიყო უმცროსებისთვის. გაუტეხელი და შრომისმოყვარე პისტი საღამოობით შუაცეცხლთან შემოიკრებდა, თურმე, ექვსივეს – ალექსანდრეს (საშას), ევგენიას (ჟენიას), ლუბას, კაკოს, სერგოს (სირიოს) და იპოლიტეს (კუშიეს) და უკითხავდა წიგნებს, ასწავლიდა ლექსებს, აცეკვებდა და ამღერებდა. საშას ძალიან უყვარდა კითხვა და წაკითხულს ხმამაღლაც იმეორებდა, განცდით მისი წაკითხული კი ყველასთვის გადამდები იყო, განსაკუთრებით – იპოლიტე-კუშიესთვის. როცა კი დროს მოიხელთებდა, პატარა იპოლიტე შეიპარებოდა, თურმე, სათონეში და ძველისძველი კედლის შეყვითლებულ სარკეში იმეორებდა საშას ქცევებს, მოძრაობებს, მიმიკას, ჟესტს…
იპოლიტე კონტუათთან ახლოს, ნახახულევის სკოლაში შეიყვანეს. უფროსმა ძმებმა – საშამ და აკაკიმ კი სკოლაში დრამატული წრე ჩამოაყალიბეს და დრამწრის დრამატურგიც, რეჟისორიც, კომპოზიტორიც და მხატვარიც საშა ყვინჩია იყო, წარმოდგენებში კი მთავარ როლებს აკაკი, საშა, ლუბა და სირიო ასრულებდნენ. იმ პერიოდში იპოლიტეს სცენა არც აინტერესებდა. 14 წლისა თბილისში წავიდა და სწავლა სამრეწველო ეკონომიკურ ტექნიკუმში გააგრძელა, შემდეგ კი მუშაობდა ხაშურის რაიონის საზოგადოებრივი კვების ორგანიზაციაში ინსტრუქტორად; ხარაგაულის რაიონის სოფელ ძირულას აგურის ქარხანაში მგეგმავ ეკონომისტად; ხე-ტყეს ჭრიდა ხაიშში, ლახამულაში, ჭუბერში და აცურებდა ენგურზე; მუშაობდა სოხუმში მეთულუხჩედ და პურის მცხობელად… მაგრამ ამ პროფესიებიდან არც ერთი აღმოჩნდა მისი მოწოდება.
იპოლიტე შინ დაბრუნდა. იმ პერიოდში ხონში მუშა-ახალგაზრდობის თეატრი ჩამოყალიბდა და მის სამხატვრო ხელმძღვანელად და რეჟისორად კი საშა ყვინჩია (ვარდელის ფსევდონიმით) მიიწვიეს. იპოლიტეზე დიდი ზეგავლენა მოუხდენია აკაკი კვანტალიანის, გრიგოლ კოსტავასა და ალექსანდრე გომელაურის თამაშს. სწორედ მაშინ დაინტერესებულა იგი სცენით და რაიონული თეატრის პირველ თეატრალურ აფიშებზეც პირველად გამოჩენილა ექვსივე ყვინჩიას გვარი. თეატრი ვითარდებოდა, მსახიობებიც ემატებოდნენ და როდესაც საშა ყვინჩიას მორიგ სპექტაკლზე – “ჟანგზე“ დაუწყია მუშაობა, უმცროსი ძმისთვის თეატრში დარჩენა შეუთავაზებია, – შენგან ნამდვილი, კარგი მსახიობი დადგებაო. რამდენიმესაათიანი ფიქრის შემდეგ იპოლიტე დათანხმებულა და ახალი სპექტაკლის აფიშისთვის მიუწერიათ: “ბორისი – იპ. ყვინჩია“. სპექტაკლის პრემიერაზე – 1932 წლის 10 სექტემბერს, საღამოს 9 საათზე დარბაზი გადაჭედილი იყო, კულისებში კი ყველაზე მეტად, თურმე, იპოლიტე ღელავდა – ადგილს ვერ პოულობდა, ცქმუტავდა და თითებს იმტვრევდა. სპექტაკლის რეჟისორი, უფროსი ძმა ჩუმად ადევნებდა მას თვალს და მოსწონდა კიდეც მისი განცდები, რადგან ამ განცდის ფასიც კარგად იცოდა.
- ფარდა გაიხსნა და 22 წლის კონტუათელი იპოლიტე ყვინჩიაც გავიდა სცენაზე…
ჰყვებოდნენ, ყველა ეპიზოდი არაჩვეულებრივი სიმართლით ითამაშაო. შემდეგ სპექტაკლს სპექტაკლი მოჰყვა, როლს – როლი, ხონს – ტყიბული და სარეჟისორო დებიუტიც, შემდეგ კი – რეჟისორ დოდო ანთაძისგან მიწვევა ქუთაისის ლ. მესხიშვილის თეატრში. სწორედ დოდო ანთაძის ხელში იქცა იპოლიტე ყვინჩია იპოლიტე ხვიჩიად. როდესაც პირველივე შეხვედრისას მაესტრო ჩაეკითხა, – ა, ყვინჩია, არა? შევცვალოთ “ყ“ “ხ-თი“, რა მოხდება, ამით, ვითომ, დაშავდება რამეო? – არც არაფერი, ერთი ოხერია ორივეო, – მიუგია მსახიობს და… მოგვიანებით აღნიშნავდა, – ჩემმა ძმამ, საშა ყვინჩიამ მისცა ჩემს ნიჭს გაქანება და მიზანი ჩემს პიროვნებას, ხოლო თუ რამ კარგი გავაკეთე, საინტერესო შევქმენი და განვახორციელე სცენაზე – დოდო ანთაძეს უნდა ვუმადლოდეო…
იპოლიტე ხვიჩიას კომედიურ ჟანრში მოღვაწეობაც, თურმე, სწორედ ქუთაისის თეატრს და სპექტაკლ “გუშინდელნში“ ჯვებეს როლს უკავშირდება. არადა, ამბობდა, თურმე, – მე, ტრაგედიისთვის დაბადებული კაცი, კომედიაში ვიღუპებიო… ეგ კი არა, ერთხელ, ადრე, დედაც კი მიუგზავნია რეჟისორი ძმისთვის – საშასთვის, დამეხსნას კომედიური როლებითო. ქუთაისს თბილისი და რუსთაველის თეატრი მოჰყვა. უკანასკნელი თეატრალური როლიც 1966 წლის 13 აპრილს სწორედ “რუსთაველში“ შეასრულა – რეჟისორ გიზო ჟორდანიას “უკანასკნელ მასკარადში“ სპირიდონი განასახიერა. სამწუხაროდ, არც მე და არც კიდევ ძალიან ბევრ ადამიანს, ვისაც გამორჩეულად გვიყვარს იპოლიტე ხვიჩია, მისი 95 თეატრალური როლიდან ერთიც არ გვინახავს, სამაგიეროდ, ზეპირად ვიცით მისი ფილმები, როლები და რეპლიკა-ფრაზები ფილმებიდან.
თეატრიდან წამოსვლის შემდეგ მისი ცხოვრება საბოლოოდ გადაეჯაჭვა კინოსა და ტელევიზიას, არადა, თითქოს, მუდამ აპირებდა უკან, თეატრში დაბრუნებას. და მაინც, სწორედ კინომ წარუდგინა დიდი არტისტი იპოლიტე ხვიჩია მსოფლიოს. კანის ფესტივალზე “ბურთი და მოედნის“ ჩვენების შემდეგ უდიდეს ფრანგ მსახიობს ჟან გაბენს გვერდით მჯდომი რეზო ჩხეიძისთვის გადაულაპარაკებია, – ეს რა გენიოსი გყოლიათო! და ეს გენიოსი ისეთი ერთადერთი და განუმეორებელი იყო თავის ამპლუაში, ისეთი უშუალო და სახალხო იყო, რომ მისი ხსენებისას გვარს არ აყოლებ – ნებისმიერი ასაკის ადამიანისთვის, უბრალოდ, იპოლიტეა, სიცილის მეფე და დიდოსტატი, კაცი, რომელსაც სიცილით, ვინ იცის, რამდენი ადამიანი განუკურნავს.
რიცხვი 13 გამორჩეულად ჰყვარებია იპოლიტეს. ერთ-ერთი ინტერვიუსას ჟურნალისტისთვის უკითხავს, რამდენი შეკითხვა დამისვიო? ამ უკანასკნელს უპასუხია, – თერთმეტიო. – ორიც დამიმატე და 13 გამოვა, 13 ჩემი რიცხვია, კარგად მაქვს დაცდილიო და ჩამოუთვლია: ოჯახში 13 სული ვიყავით – დედა, მამა და 11 შვილი; ქუთაისში, ლერმონტოვის 13-ში ვცხოვრობდი; ქუთაისიდან თბილისში, წითელი პარტიზანების ქუჩის (დღეს იპოლიტე ხვიჩიას ქუჩა – ი.ხ.) #13-ში გადმოვედი; რესპუბლიკის დამსახურებული არტისტის წოდება 1953 წლის 13 ივნისს მივიღე; სასტუმროში ყოველთვის #13 ოთახი მხვდება; სახალხო არტისტის წოდება 1960 წლის 13 ივლისს მივიღე; ახალი ბინა თბილისში, სევასტოპოლის ქუჩაზე – 13 ივნისსო… ჟურნალისტსაც არ უწყენინებია და 2 შეკითხვა დაუმატებია.
საინტერესოა, რომ 45 კინოროლს შორის 13-ში სწორედ იპოლიტე ჰქვია.
- რა ხდებოდა გადასაღებ მოედანზე?
იპოლიტეს გადაღებისას რეჟისორები, ფაქტობრივად, მოითხოვდნენ, თურმე, მოედნისთვის დიდი ბაწრით გალავნის შემორტყმას, იპოლიტეს სანახავად მოზღვავებული ხალხის ტალღას რომ გამკლავებოდნენ. ბაქოში ყოფილა ფილმ “რომეო, ჩემი მეზობელის“ გადაღებაზე და ვიდრე სასტუმროდან გადასაღებ მოედნამდე მივიდოდა, გაუტაციათ – ქალაქი დათვალიერებინეს, იცინეს, ილხინეს და გადაღებაზე დაგვიანებით მიუყვანიათ. მძღოლებს რეჟისორისთვის ჩუმად რაღაც უთქვამთ აზერბაიჯანულად- თურმე, გააფრთხილეს, საბარგულში რაღაცებია, გადამღებმა ჯგუფმა, იპოლიტესთან ერთად, მერე რომ მოილხინოთო. იპოლიტეს მათი ჩურჩული არ გამოჰპარვია და რეჟისორისთვის უკითხავს, – რაო, რამდენად შემაფასესო? რეჟისორ მაჰმუდბეკოვს უპასუხია, – ჯერ მაგდენი ფული არ მოჭრილაო!
- უკანასკნელი ანეკდოტი და კვალი, რომელსაც ლოკოკინაც კი ტოვებს
მის გულში ოჯახის ყველა წევრს თავისი ადგილი ჰქონდა, მხოლოდ მეუღლე – ლუბა ქარქაშაძე იყო მის ცხოვრებაში გამორჩეული. მის გარეშე არ შეეძლო. ყველასთან და ყველაფერში თავისუფალი, ლუბა ქარქაშაძესთან ფარხმალდაყრილი იყო – თავდავიწყებით უყვარდა და ეუბნებოდა, – ერთი დღეც ნუ მაცოცხლოს ღმერთმა უშენოდო. ზოგადად ეჭვიანი არ იყო, მაგრამ ლუბას სიცოცხლე ჰქონდა, თურმე, მისი ეჭვიანობით გამწარებული. სულ მას ეძებდა, სადაც უნდა ყოფილიყო, რომ დარეკავდა, ლუბა თუ კარგ ხასიათზე იყო, ე.ი. შინ ყველა კარგად იყო.
შვილიშვილი მანანა ხვიჩიასთვისუთქვამს, – მე თქვენი სიყვარულით ვიყავი ძლიერი, შვილო! თუ თქვენ კარგად მყავდით, რასაც ვაკეთებდი, კარგად გამომდიოდა… საოცარი რამ არის ოჯახური იდილია, მანანა! თუ თქვენ რამე გაწუხებდათ, მე სახლიდანაც არ გავდიოდი, ჯერ ერთი, რომ თქვენთან ვყოფილიყავი და მეორეც, ჩემი უგუნებობით სხვებისთვის გუნება არ გამეფუჭებინაო… თქვენ, ხუთივემ, ბევრი რამ მომეცით, იმდენი სიხარული მაჩუქეთ, რომ ბედნიერი ვიქნები, თუ მეცოდინება, რომ თქვენც იგივე გარგუნათ ცხოვრებამო…
ისიც უთხოვია, – აღდგომას მოდით ხოლმე, შვილო, მივხვდები. კვერცხი, სააღდგომო კვერცხი გადამიგორეთ გულზე, გავიგებ, სიხარულით ამევსება გულიო.
- 1985 წლის 31 იანვრის სუსხიან საღამოს აღესრულა…
“საშინელი ქარი მძვინვარებდა. ხეებს მიწაზე აწვენდა. სუსხი სუნთქვას აძნელებდა. არ თოვდა, მაგრამ ზამთარი მთელი სიმკაცრით იჩენდა თავს. საღამოს 6 საათს 15 წუთი აკლდა, “სასწრაფო დახმარების“ მეორე ბრიგადაც რომ მოვიდა კიდევ. 2 პროფესორი, 4 ექიმი, ექთნები და სანიტრები – ოთახში ტევა აღარ იყო, მაგრამ ბუზის გაფრენას გაიგონებდით. სამედიცინო ტერმინოლოგიით ერთმანეთს გადაუჩურჩულებდნენ და უხმოდ თავს დასტრიალებდნენ… თავზარდაცემულები, ძალას არ იშურებდნენ, რითიმე ეშველათ, რაღა მათ ხელში უნდა მომკვდარიყო ეს ოქროს კაცი?! … მამამ თვალი მოავლო იქ მყოფთ და თავისთვის სიმწრით ჩაიღიმა, – გიჭირთ ხომ? მეც ძალიან მიჭირს… – ჩაიჩურჩულა საოცარი რიდით. – შალიკიასაც ძალიან უჭირდა… – სვენებ-სვენებით დაიწყო მომაკვდავმა. – ადიდებულ რიონს შალიკია მოაქვს… ხიდზე გალაკუნა იდგა და ივანიკას ჩასძახა, – რას მიშტერებიხარ, ბიჭოო! მოსდე ის კეტი და ამოსწიეთო… ივანიკამ მოსდო ჯოხი და ამოათრია… ამოათრია და დასცხო ხელოვნური სუნთქვა… ხაპავს შალიკია წყალს… გალაკტიონმა ხიდიდან დაუძახა… ააა, ბიჭო, ამოაყოფიე მაგი ტრ..კი წყლიდან, თვარა დაცალა რიონიო…
ექიმებს შორის ერთი ახალგაზრდა ექიმი იყო, პაატა, მან თავი ვეღარ შეიკავა და, – ღმერთო! რა დაგიშავე, ამ დღეს რომ შემასწარიო! – ამოიზლუქუნა, გარეთ გავარდა, ნერვებმა უღალატა… მამა ჩაყუჩდა… მერე ყველას თვალი მოგვავლო და, – ეეე, წასულია ჩემი საქმე, ხომ… მე მის წინ ჩავიჩოქე, ხელები დავუჭირე, ვუთბობდი… ჩამხედა და თითები მომიჭირა, – ახლა არ იკივლოთ, არ შეძრათ ქვეყანაო… – 15 წუთში გათავდა კაცი! და ეს მოხდა ისე, ჩვენი, მთელი ოჯახის თვალწინ, ოღონდ დედაჩემი გვყავდა მისაღებში გაყვანილი, არ გვინდოდა ენახა ეს ყველაფერი… და ეს რაღაც თითქოს ბუნებრივად და, ალბათ, თითქოს, არც ბუნებრივად მოხდა, როგორ ჩიტივით ამოსძვრა კაცს სული! ვერ ვიყვირეთ, დედაჩემსაც მოვეფერეთ, რომ არ ეკივლა… ან სად შეეძლო?! ასე, უკივლელად, ნახევარ საათში გაიგო მთელმა საქართველომ“… (ქალიშვილის – ნუნუ ხვიჩიას მოგონებიდან)
კვალს ლოკოკინაც კი ტოვებსო, ამბობდა ხოლმე ოჯახში. კაცმა კაცური კვალი უნდა დატოვოსო. კიდევ ბევრი რამის თქმა უყვარდა და ახლა მისი ქალიშვილისა და შვილიშვილის მოგონებებს რომ ვკითხულობ, მართლაც შეგონებებად მესმის მისი ნათქვამი და ჩემს წარმოსახვაში არსებული კეთილი, ღიმილიანი და უნიჭიერესი კაცი კიდევ უფრო ზეკაცად წარმომიდგება: მთელი ცხოვრება გახსოვდეს – არავის დასცინოო… სიხარულის ჩუქება უნდა შეგეძლოსო… სიყვარულის არ შეგრცხვეს, ხანდახან ხმამაღლაც შეიძლება იყვირო, ხომ ვიცით ჩვენ, რომ სიყვარულის დამალვა შეუძლებელიაო… ფულის სიყვარული სიმახინჯეა, ის უნდა მოიხმარო, სხვაგვარად მან დამონება იცისო… უფროს-უმცროსობის ქართულ ურთიერთობებს ანალოგი არა აქვს, გენაცვალე, აი, მანდ თუ შეეშალა კაცს, მერე ცუდადაა საქმეო… როცა რამე საქმეს აკეთებ, თუ ის მეტ-ნაკლებად მნიშვნელოვანია ვინმესთვის ან თუ ის საქმე შენს სამშობლოს წაადგება, უნდა გაისარჯოო… იარე, შვილო, შემოიარე დუნია, ნახე, რაც სანახავია. გაიხარე, შეაფასე, მოსაწონი მოიწონე. თვალი არაფერზე დაგრჩეს. სამშობლოზე უკეთესს ვერსად ვერაფერს ნახავ და არც არისო… ცრემლის არ შეგრცხვეს, მონატრების ცრემლის. სირცხვილი ქურდობაა! სიძულვილია სირცხვილი, ვინმეს აბუჩად აგდებაა სირცხვილი! სამშობლოს მონატრება და ამის გამო ატირება სიხარულია! სამშობლოს ღალატი კატასტროფაა, ტრაგედიააო…
როდესაც მის შვილიშვილს – ავთო ხვიჩიას პირველი ვაჟი შესძენია, იპოლიტე ხვიჩია უკვე დადამბლავებული ყოფილა, თუმცა მისი ქალიშვილი – ნუნუ ყველაფერს აკეთებდა, რომ მისთვის ეს მდგომარობა შეემსუბუქებინა და სამყაროს არ მოსწყვეტოდა. ამიტომ მისი მძღოლობა ქალიშვილს დიდ პატივად მიაჩნდა. იპოლიტეს მეტისმეტად გახარებია ოჯახში პირველი შვილიშვილის შვილი ვაჟის დაბადება. სამშობიაროში რომ მისულან და რძლისთვის მიულოციათ, რძალს – თამარ მაისურაძეს (ჩემს დიდი ხნის ნაცნობ და პატივსაცემ ადამიანს – ი.ხ.) ოჯახისთვის მოუწერია: დედა, ბატონო ბაბუ (იპოლიტეს, თურმე, ოჯახში ყველა ბაბუს ეძახდა – ი.ხ.), გაჩნდა ხვიჩიების პირველი შვილიშვილი და ქვეყანას პატარა იპოლიტე მოევლინაო! დიდ იპოლიტეს ცრემლი მორევია და, – არაო, – უთქვამს. – ვინ არქმევს ახლა ბავშვს იპოლიტესო? ამ სახელით ბიჭს გაუჭირდებაო. ბიჭს მაინც იპოლიტე დაარქვეს, თუმცა ბაბუ მას ბაკუნას ეძახდა. იპოლიტე ხვიჩიას შვილთაშვილებს შორის უფროსი, ბაკო ხვიჩია წლების წინ გავიცანი რადიოს პირველ არხზე, ეროსი მანჯგალაძის სტუდიაში, ყოველთვის კარგი ურთიერთობა გვქონდა, ვიცოდი, იპოლიტეს შვილიშვილი რომ იყო, ოღონდ – წარმოდგენაც არ მქონდა, რომ იგი უმცროსი იპოლიტე ხვიჩია იყო. სწორედ ბაკო-იპოლიტეს დახმარებით მივიღე მათ ოჯახზე ბევრი ინფორმაცია და ღირსეულ კაცსა და დიდ მსახიობზე სტატიაც სწორედ მისი ღირსეული და ნიჭიერი შვილთაშვილის დახმარებით დავწერე.
ავტორი: ირმა ხარშილაძე
წყარო : ambebi.ge