ახალ, 2024-2025 სასწავლო წელს პირველ კლასში შესვლის ასაკი კიდევ ერთი თვით გადაიწევს და სკოლაში დარეგისტრირებას ის ბავშვებიც შეძლებენ, ვინც 1-ელ დეკემბრამდეა დაბადებული. ამის შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა 17 სექტემბერს, პირდაპირ ეთერში საუბრისას განაცხადა და განმარტა, რომ მშობლებისთვის შვილის სკოლაში შეყვანა ნებაყოფლობითი იქნება.
“წელს უკვე ყველა შევიდა, ვინც პირველ ნოემბრამდე იყო დაბადებული და სწორედ სკოლის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება- მატებასთან ერთად, ჩვენ გვინდა, რომ ყოველ წელიწადში ერთი თვით გადავწიოთ [სწავლის დაწყების ასაკი]. ანუ, შემდეგ წელს ეს უკვე იქნება პირველ დეკემბრამდე დაბადებული ბავშვებისთვის და კიდევ შემდეგ წელს 31 დეკემბრამდე. ვფიქრობთ, ეს [31 დეკემბერი] არის ყველაზე სამართლიანი და სწორი წყალგამყოფი, სადაც უნდა გავჩერდეთ და შემდგომ უკვე მშობელმა თავად გადაწყვიტოს – უნდა შეიყვანოს ბავშვი, თუ არა. ამიტომ, ეს სიახლე წელს ნამდვილად გვაქვს და კიდევ გაგრძელდება”, – განაცხადა გიორგი ამილახვარმა.