ძვირფასი მომენტებისთვის მარადიულობის მინიჭება ძალიან საინტერესო, ყველასთვის სასურველი პროცესია. საუკეთესო ეტაპებისთვის თვალის გადავლება ყოველთვის არის სტიმულისმომცემი. ამ ყველაფრისთვის კი საჭიროა ის, ვისაც ვანდობთ დეტალების სრულყოფას.
ეკო ხელნაკეთი . eco handmade – გახლავთ სივრცე, რომელიც ერთდროულად აერთიანებს ხარისხს, ესთეტიკას და არაერთ ჯადოსნურ დეტალს. ის იძლევა საშუალებას, ჩვენი ცხოვრების ღიმილისმომგვრელი წუთები არასდროს გაქრეს. „თბილისი თაიმსს“ ეკატერინე ჯოლოგუა ესაუბრა.
გამორჩეულ ნამუშევრებს ქმნით – კონკრეტულად, რას ამზადებთ?
სახელოსნო ,,ეკო ხელნაკეთი“ უკვე 12 წელია, სხვადასხვა მიმართულების ხელსაქმეზე მუშაობს. წლების მანძილზე ჩვენი ინტერესები იცვლებოდა. ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო, დამენერგა სიახლეები და საქმე, რომელსაც ხელს ვკიდებდი, ყოფილიყო განსხვავებული, უცხო და ინოვაციური. ხელოვანი ადამიანის ცხოვრება ძიებაა და მეც ბევრი ვეძიე, სანამ სული საქმეს მივაგენი. პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც აღმოვაჩინე, თურმე ძალიან მომწონს სწავლება, როცა მეკითხებიან, რას ვსაქმიანობ, ჯერ ამას ვპასუხობ, ბავშებს ვასწავლი ხელსაქმეს. ვეხმარები მათ, რომ აღმოვაჩენინო საკუთარ თავში დამალული შესაძლებლობები. უნიჭიერესი ახალი თაობაა. თითოეული ,,ეკოელით“ ვამაყობ, რადგან საოცრებებს ქმნიან. ხოლო შემდეგ მოდის სხვა დანარჩენი საქმე. ალბომები ჩემი დიდი სიყვარულია.
საქმე, რომელსაც უკვე 5 წელია, ვემსახურები. თითოეულ ნივთს, იქნება ეს საქორწინო, საბავშვო, მეგობრობის, დედაშვილობაზე თუ სხვა, თავისი ისტორია აქვს. ამ ნიმუშების უკან იმალებიან კონკრეტული პიროვნებები მათი საინტერესო ცხოვრებით. ჩემთვის უზომოდ დიდი პასუხისმგებლობა და პატივია, მოვისმინო ეს ისტორიები და მათზე დაყრდნობით შევქმნა უნიკალური, ექსკლუზიური პროდუქტი. ამიტომაც, არასოდეს ვიცი წინასწარ, როგორი გამოვა ნიმუში, დამკვეთებსაც ზოგად პასუხს ვაძლევ ამ კითხვაზე, თუმცა, მათ უკვე გამიცნეს, იცნობენ ჩემს ხელწერას და მენდობიან.
იდეის შესახებ გვიამბეთ – საიდან გაჩნდა ის?
იდეა, როგორც სხვა ბევრი ჩემი რეალიზებული ჩანაფიქრი, პინტერესტის სქროლვით დაიწყო, სადაც გადავაწყდი პერსონალურ ჩანაწერების წიგნს. ბავშობაში წერა მიყვარდა და ყოველთვის მსურდა ასეთი ნივთის ქონა. შევყევი თვალიერებას და აღმოვაჩინე სკრაპბუკინგის თვალუწვდენელი სამყარო. ხელსაქმის ეს მიმართულება უსაზღვროდ დიდია, დავიწყე მასალების მოძიება. 2015 წელს ჩვენს ქვეყანაში ამ ხელსაქმისთვის მასალებს ვერ მოიძიებდით, პრინციპში, ახლაც მწირადაა, ამიტომაც, შევეჩვიე იმას რომ ყველაფერს ვიწერ, როგორც ტექსტილს, ასევე დიზაინერულ მუყაოს. ადგილობრივი წარმოების მყარი კარკასები გვაქვს მხოლოდ, ალბომებისთვის და, რაღა თქმა უნდა, შესაძლებლობების ფარგლებში, სხვადასხვა მიმართულებით რეწვის ოსტატებთან ვთნამშრომლობ (მკერავები, მქარგველები, ხის ოსტატები). ვინაიდან ძალიან შემიყვარდა ეს საქმე, სწორედ მას მივუძღვენი მთელი ჩემი თავისუფალი დრო, შევქმენი ონლაინმაღაზიები თითქმის ყველა სოციალურ პლატფორმაზე და სწორედ ასე მიკავშირდებიან მომხმარებლები.
რა მასალას იყენებთ?
მასალა, როგორც ზემოთ მოგახსენეთ, პრემიუმ კლასისაა, მინიმუმამდე გვაქვს წებოს გამოყენება დაყვანილი, უმეტესწილად, ყველაფერი იკერება, რადგან სახელოსნოს სახელი ,,ეკო ხელნაკეთია“ – ჩვენი ძირითადი გზავნილი კი ეკო მეგობრული პროდუქციის წარმოებაა. განსაკუთრებით, მას მერე მივხვდი ამ საჭიროებას, რაც პატარა ბავშებისათვის მიწევს ალბომების დამზადება. ამ ნივთებს ისინი ეხებიან პაწაწინა თითებით, ამიტომაც, ყველაფერი მოწოდების სიმაღლეზე უნდა იყოს. ვცდილობ, ყოველდღიურად გავიზარდო და არ ვაკლებ შრომას, არ ვჩერდები.
უმთავრესად, რა თემატიკით იღებთ შეკვეთებს?
ძირითადად, ახალშობილებისთვის ვამზადებთ პროდუქციას, ამ ეტაპზე განსაკუთრებულად პოპულარულია ნათლობის ალბომები, რომლის დიზაინიც ექსკლუზიურად ,,ეკო ხელნაკეთს“ ეკუთვნის. ანუ სამყაროში არ არსებობს მისი ანალოგი, ალბომი/პადი მე გამოვიგონე. სრულიად შემთხვევით, სხვათა შორის. გარდა ამისა, ქორწილის სტუმრების წიგნი, დედიკოს ჩანაწერების წიგნი, სადაც დედა ფეხმძიმობიდან იწყებს ემოციების გაზიარებას შვილისთვის და შემდეგ უკვე მთელი ბავშვობა შეუძლია, ამ წიგნში მოუქციოს. წარმოიდგინეთ, რაოდენ ძვირფასი იქნება ეს წიგნი წლების მერე უკვე ზრდასრული შვილისთვის.
თუ გეგმავთ, რომ სხვა ტიპის ნამუშევრებიც დაამზადოთ?
ჩემი დიდი ხნის ოცნებაა, სახელოსნოს ახალი მიმართულება მივცე და ვაწარმოო საბავშვო განმავითარებელი წიგნები. ეს პროდუქცია განსაკუთრებულად აქტუალურია და კარგად მუშაობს ისეთი პატარებისთვის, რომელთაც სჭირდებათ მიხმარება მცირე მოტორიკის განვითარებაში. ეს ნიმუშები შეიქმნება ტექსტილისგან და მოემსახურება კონკრეტულ მისიას, განუვითაროს პატარას მცირე მოტორიკა, სენსორიკა წარმოსახვითი აზროვნება და ბევრი სხვა უნარი. უფლის წყალობით, მჯერა, ამ მნიშვნელოვან საქმეს განვახორციელებ.