საკვების ეტიკეტირების წესის დარღვევაზე ფულადი სანქციები წესდება. შესაბამისი საკანონმდებლო პროექტი პარლამენტმა გუშინ დაამტკიცა . ცვლილებები “სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსში” აისახა, რომელიც პარლამენტს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ შესთავაზა.
მიღებული კანონპროექტის მიხედვით, სურსათის/ცხოველის საკვების ეტიკეტირების წესის დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას – 400 ლარის ოდენობით. თუმცა, თუ იგივე ქმედება წლის განმავლობაში განმეორდება, ჯარიმა სამმაგდება და ის 1200 ლარს შეადგენს.
ამავე პროექტის ფარგლებში გათვალისწინებული იყო კიდევ ერთი ფულადი სანქცია, ვადაგასული სურსათის თუ ცხოველის საკვების რეალიზაციაზე, თუმცა განხილვებისას გადაწყდა, რომ შესაბამისი ნორმა კანონში მოგვიანებით ჩაიდება, მანამდე კი საკითხზე მუშაობა გაგრძელდება.
ფულადი სანქციის დაწესების პარალელურად, 2014 წლის 1-ელი ივლისისთვის გადავადდა იმ ნორმის ამოქმედება, რომლის მიხედვითაც, ცხოველის დაკვლის პროცესს ზედამხედველობა ვეტერინარმა უნდა გაუწიოს. მოქმედი კოდექსით, აღნიშნული მუხლი ძალაში 1-ელი იანვრიდან შედიოდა.
28.12.13