არსებობს არაერთი მასალა, რომელთაგანაც ბევრი რაღაცის შექმნა შეიძლება, თუმცა, არსებობს ნამუშევრები, რომლებიც მრავალთაგან გამოირჩევა. ხელნაკეთ თოჯინებს დღეს საკმაოდ ბევრი ხელოვანი ამზადებს, მაგრამ ისეთ რეალისტურს, დახვეწილსა და გემოვნებიანს, როგორსაც ბაჩო ცანავა ქმნის, არცთუ ისე ბევრი გვთავაზობს.
მისთვის თოჯინის მზადების პროცესი ბავშვობის ასაკიდან არის განუყოფელი. აქვს საკუთარი ხელწერა, რომლის მეშვეობითაც ნამუშევრები ემოციებით, გრძნობებითაა სავსე. უფრო დეტალურად, ბაჩო “თბილისი თაიმსს” ესაუბრა.
რა ასაკიდან ქმნით თოჯინებს?
რამდენადაც გასაკვირი უნდა იყოს, 12 წლიდან ვაკეთებ თოჯინებს. თუმცა, თავდაპირველად ეს არ იყო თოჯინები. ვიტყოდი, უფრო კიჩი იყო, ანტიკვარული ოთახის ქანდაკებების მსგავსი – რა თქმა უნდა, ჩემებურ სტილში. თავდაპირველად პლასტელინით ვძერწავდი ფაიფურის ფიგურების მსგავს ფიგურებს – ცხადია, ჩემეული ინტერპრეტაციით, თუმცა, მსგავსება ძალიან დიდი იყო. თითქმის ყოველ დღე ვშლიდი და ისევ ვძერწავდი, რაც მოტორიკას მიუმჯობესებდა.
რა მასალას იყენებთ მათ შესაქმნელად?
როდესაც მე დავიწყე თოჯინების დამზადება, მაშინ ასეთი მრავალფეროვანი მასალების არჩევანი არ იყო. ძირითადად პლასტელინს, ცვილს და თაბაშირს ვიყენებდი. სამოსს უმეტესად იმავე მასალისაგან ვაკეთებდი, რისგანაც თავად თოჯინას. მოგვიანებით შემოვიდა ჩემს შემოქმედებაში კერვის პროცესი.
ნამუშევრების დასამზადებლად, დეტალები როგორ შეისწავლეთ?
თვითნასწავლი ვარ, არავის არაფერი უსწავლებია ჩემთვის. როდესაც თოჯინების კეთება დავიწყე – არც ვიცოდი, თუ არსებობდა საქართველოში მეთოჯინე და საერთოთ მეთოჯინეს პროფესია. დღეს ბევრი მეთოჯინეა მაშინ არ იყო შესაბამისად ინფორმაციაც ნაკლები იყო, ამიტომ, თავად ვცდილობდი, ეტაპობრივად შემესწავლა სხვადასხვა რამ, რაც თოჯინის გასაკეთებლად იყო საჭირო. თოჯინური ხელოვნება ხომ ხელოვნების ის დარგია, რომელიც ხელოვნების და გამოყენებითი ხელოვნების სხვადასხვა დარგს აერთიანებს – აი, მაგალითად, ერთი თოჯინის გასაკეთებლად მოქანდაკე უნდა იყო, რომ სხეული შექმნა, მხატვარი – სახე რომ მოხატო, მეწაღე, დალაქი, მკერავი და სხვა.
უმეტესად, ვინ ხდება ხოლმე თქვენი თოჯინებია მფლობელი?
ჩემი ნამუშევრების მომხმარებელი ყველა ასაკის და ინტერესის ადამიანია. როგორც ქართველები, ასევე უცხოელები. ყველაზე მეტად ის მომწონს, რომ ადამიანების უმეტესობისაგან ბევრ სითბოსა და სიყვარულს ვიღებ ჩემი ნამუშევრებიდან გამომდინარე – როგორც სოციალურ ქსელში, ასევე, ქუჩაში უცნობი თუ ნაცნობი ადამიანებისაგან.
ქვეყნის ფარგლებს გარეთ თუ გადის ისინი?
ჩემი ნამუშევრები საქართველოს სამ მუზეუმსა და კერძო კოლექციებში ინახება – როგორც საქართველოში, ასევე, საქართველოს ფარგლებს გარეთ.