საქართველოს პრეზიდენტი რუსეთის ფედერაციის ქალაქ ვოლგოგრადში ტერორისტულ აქტებთან დაკავშირებით ღრმა მწუხარებას გამოთქვამს.
როგორც გიორგი მარგველაშვილის განცხადებაშია ნათქვამი, საქართველოს ხელისუფლება და ხალხი ტერორიზმს გმობს.
“ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ვოლგოგრადში მომხდარ ტერორისტულ აქტებთან დაკავშირებით, რომელთაც მრავალი უდანაშაულო ადამიანის მხვერპლი მოჰყვა. საქართველოს ხელისუფლება და ხალხი ერთმნიშვნელოვნად გმობს ტერორიზმს. ჩვენ მთელ პროგრესულ სამყაროსთან ერთად გავაგრძელებთ ბრძოლას თანამედროვეობის ყველაზე ანტიჰუმანური მოვლენის დასამარცხებლად. ქართველი ხალხისა და პირადად ჩემი სახელით გულწრფელ სამძიმარს და თანადგომას ვუცხადებ გარდაცვლილთა ოჯახებს და რუს ხალხს”, – ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში.
ვოლგოგრადში 24-საათის განმავლობაში ორი ტერაქტი მოხდა. აფეთქება გუშინ რკინიგზის სადგურში, დღეს კი ტროლეიბუსში მოხდა. დაღუპულია 27 და დაშავებულია ათობით ადამიანი. დაღუპულთა შორის არიან ბავშვებიც.
30.12.13