„იმედის“ მფლობელმა, ბიზნესმენმა ირაკლი რუხაძემ “tv იმედის” ეთერში საქართველოში “რუსული კანონის” ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა.
ბიზნესმენი მიიჩნევს, რომ ეს კანონი აუცილებლად უნდა გაიტანონ.
„ამ პროცესებს ვუყურებ ისე, როგორც მართულს ოპოზიციის მხრიდან. ვინც შეიძლება აქედან მოიგოს, არის ოპოზიცია. ძალიან აწყობთ, რომ ეს კანონი გაიტანონ. ან თუ დაინახეს, რომ [ხელისუფლებამ] დაიხია უკან, მერე ზუსტად ეცოდინებათ ოქტომბერში რა უნდა გააკეთონ. ოპოზიციას რა აქვს თავში, მე არ ვიცი, „ქართულმა ოცნებამ“ რა იცის ამის შესახებ, არც ეს ვიცი”, – განაცხადა ირაკლი რუხაძემ.
კითხვას – შენთვის რა იქნებოდა საუკეთესო გამოსავალი – მან უპასუხა, რომ კანონი უნდა გაიტანონ.
“კანონის არგატანა ნიშნავს, რომ ოქტომბრისთვის ვანახვებთ ტრაფარეტს, როგორ უნდა ჩამოაგდონ მთავრობა. შეიძლება, ეს კანონი სულაც არ მომწონს, მაგრამ ახლა ეს კანონი აუცილებლად უნდა გაიტანონ.
მე თუ ავირჩიე მთავრობა, სანამ არ გადავირჩევ, უნდა მივცე უფლება, ეს ქვეყანა მართოს. ამ მთავრობას ბევრად უფრო მნიშვნელოვანი პრობლემა აქვს დღეს, ვიდრე ევროკავშირში შესვლა. ეს არის ომში არ ჩაგვითრიონ. ეს არის როგორ დამთავრდება უკრაინის ომი, რაზე მოილაპარაკებენ ბოლოს-და ბოლოს, თუ მოილაპარაკეს ამერიკა-უკრაინა-რუსეთმა. მოლაპარაკება რომ შედგება, ჩვენ მისი ნაწილი ვიქნებით. ღმერთმა დაიფაროს, მაგრამ თუ მოილაპარაკეს, რომ უკრაინა არასდროს შევა ევროკავშირში და ეს იქნება ომის დასასრული, ჩვენც ვერ შევალთ. ასეთი კატაკლიზმური რაღაცები ხდება შენს გარშემო და ეს მთავრობა მაგას აგვარებს”, – განაცხადა მან.