სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიულ დახმარების საკითხთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ და სამედიცინო დეპარტამენტის სამედიცინო რეგულირების სამმართველომ, 2014 წლის 2 იანვარს, 12:30 წუთზე, სასჯელაღსრულების #19 ტუბერკულოზის სამკურნალო-სარეაბილიტაციო ცენტრში მსჯავრდებულ დათა გოგოხიას გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით სამსახურებრივი შემოწმება და შემთხვევის შესწავლა დაასრულა.
შედეგად დადგინდა, რომ მსჯავრდებულ დათა გოგოხიას, რომელიც მუცლის არეში ძლიერ ტკივილებს უჩიოდა, არ გაეწია ადეკვატური სამედიცინო დახმარება და სამედიცინო პერსონალის მხრიდან დაშვებული შეცდომის გამო, არ მოხდა მისი დროული გადაყვანა შესაბამისი პროფილის საავადმყოფოში, რასაც შედეგად მისი გარდაცვალება მოჰყვა.
მიუხედავად იმისა, რომ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა ჯერ ცნობილი არ არის, სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ და სამედიცინო დეპარტამენტის რეგულირების სამმართველომ მიიჩნიეს, რომ ექიმებმა დაუშვეს უხეში შეცდომა და ვერ უზრუნველყვეს ადგილზე პაციენტისთვის ადეკვატური სამედიცინო მომსახურების გაწევა, მიუხედავად სამედიცინო ჩვენებისა, ასევე ვერ უზრუნველყვეს პაციენტის დროული გადაყვანა და მისთვის სპეციალიზებული დახმარების გაწევა. შესაბამისად, #19 ტუბერკულოზის სამკურნალო-სარეაბილიტაციო ცენტრის 5 ექიმი – თ. დ., დ. კ., ლ. ჯ., თ. დ. და ვ. ჯ. დათხოვნილ იქნენ სამსახურიდან. თანამდებობას დატოვებს და დაქვეითდება ცენტრის მთავარი ექიმი ლ. ც., რომელმაც ვერ უზრუნველყო კოორდინაცია, საჭირო გადაწყვეტილებების მიღება და განხორციელება პაციენტის ინტერესის შესაბამისად. შემდგომი რეაგირებისა და სისხლის სამართლის საქმეზე დართვის მიზნით, მასალები გენერალური ინსპექციის მიერ საგამოძიებო დეპარტამენტში გადაიგზავნა. აღნიშნულ ფაქტზე სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის მიერ დაწყებულია გამოძიება.
08.01.14