არ შეიძლება არ დავგმო ის ძალადობა, რომელიც სხვადასხვა მხრიდან მომდინარეობს – მართლაც საშინელი, ძალიან მძიმე სანახავია, როდესაც ძირს დაცემულ და წაქცეულ ადამიანს ურტყამენ, ვინც არ უნდა იყოს და რასაც არ უნდა აკეთებდეს ამ ამბამდე და ამ ინციდენტამდე 5, 10 წუთით თუ ერთი საათით ადრე, – განაცხადა “ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ.
მისივე თქმით, მძიმე სანახავია სახეში წიხლის ჩარტყმა წაქცეული ადამიანისათვის, ამას გამართლება ვერაფრით და ვერანაირ სიტუაციაში ვერ ექნება. მანვე აღნიშნა, რომ ამავე დროს ძალადობის ინიციატორი არის არა ერთი, ორი, ხუთი ან ათი, არამედ რამდენიმე ასეული დემონსტრანტი.
“პოლიციელებს სახეში ესროდნენ პიროტექნიკას, ფეიერვერკებს, ქვებს, კენჭებით სავსე ბოთლებს, სხვადასხვა სამშენებლო მასალებს და ა.შ – ეს იყო წარმოუდგენელი ძალადობა, რომელიც იყო სისტემური ხასიათის”, – განაცხადა მდინარაძემ.
მანვე აღნიშნა, რომ “ქართული ოცნება” ემიჯნება და გმობს ყველანაირ ძალადობას, ვის მიმართაც არ უნდა იყოს განხორციელებული.
“ჩვენ ვემიჯნებით და ვგმობთ ყველანაირ ძალადობას, ვის მიმართაც არ უნდა იყოს განხორციელებული ის და დავამატებთ, რა თქმა უნდა, ასევე განსაკუთრებით ამორალურია ხოლმე, როდესაც ეს არის პოლიციელის, ჟურნალისტის, ოპერატორების თუ სხვა ადამიანების მიმართ”, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.