ძველით ახალი წელი თბილისის მერმა კახა კალაძემ მშობლიურ სამტრედიას საზეიმო კონცერტით მიულოცა და სამტრედიაში მცხოვრებ ადეიშვილების ოჯახს საჩუქრად საცხოვრებელი სახლი გადასცა.
მარტოხელა მამას, გოჩა ადეიშვილს, რომელიც სამ შვილს ზრდის, ამ დრომდე საკუთარი საცხოვრებელი არ გააჩნდა.
სახლის გასაღები ოჯახს საზეიმო კონცერტზე გადაეცა, რომელიც ტრადიციულად, ძველით ახალ წელს, კახა კალაძის ინიციატივით ტარდება. კონცერტს, რომელიც სამტრედიის ცენტრალურ მოედანზე გაიმართა, კახა კალაძე პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად დაესწრო.
„ეს ტრადიცია 2012 წლიდან დავამკვიდრეთ. ყოველ წელს ვიკრიბებით სამტრედიაში, ტარდება საახალწლო კონცერტი და პარალელურად, საქველმოქმედო ღონისძიება, რომელზეც ოჯახებს ვაბედნიერებთ. რა თქმა უნდა, ეს ტრადიცია წელსაც არ დაირღვა. მინდა, ყველა იმ კომპანიას, ადამიანს გადავუხადო მადლობა, ვინც ჩემთან ერთადაა ჩართული ამ საქველმოქმედო ღონისძიებაში და გასულ წლებშიც იყო ჩართული. მოქალაქეების მხარდაჭერასა და თანადგომას ყოველთვის გავაგრძელებთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.
აღსანიშნავია, რომ დღევანდელ ღონისძიებაზე კომპანია „არქისგან“ და ერთ-ერთი ბიზნესმენისგან საცხოვრებელი სახლები საჩუქრად კიდევ ორმა ოჯახმა მიიღო.
„რვა წელია მარტო ვზრდი სამ შვილს. ამას ემატებოდა უსახლკარობა, რაც, რა თქმა უნდა, ძალიან რთულია. დღეს ბედნიერი დღე გვაქვს მე და ჩემს შვილებს, ბატონმა კახა კალაძემ საჩუქრად გადმოგვცა საცხოვრებელი სახლი. მადლობა მას ჩემი ოჯახის სახელით“, – განაცხადა გოჩა ადეიშვილმა.
საზეიმო კონცერტზე საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წევრები, ასევე, ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტი, მეუფე საბა იმყოფებოდნენ.