თბილისის საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარის მოადგილე ჯაბა სამუშია საკრებულოს უმცირესობის წევრების განცხადებას პასუხობს და თბილისის მერიას საკრებულოში ჩაშლილი ბიუჯეტის პროექტის წარმოდგენას სთხოვს.
,,თბილისის მერიას გასულ წელს 100 მილიონი ლარი დარჩა დაუახარჯავი. ეს ის თანხაა, რომელიც უნდა მოხმარებოდა თბილისელთა ინტერესებს. ძალიან ბევრი პროგრამა, რომელზეც მერის მოვალეობის შემსრულებელი ქალბატონი სევდია გვესაუბრება, უნდა განხორციელებულიყო 2013 წელს. მინდა მივმართო ჩემსკოლეგებს, ბატონებო, ნაციონალურ მოძრაობას დაგიძველდათ მეთოდები და ასე გაგრძელება აღარ შეიძლება. უკვე ჩვენ ვითხოვთ გამჭირვალობას და ჩაშლილ ბიუჯეტს. რადგან მოსახლეობას სჭირდება კონკრეტიკა და არა ისეთი ბიუჯეტი, რომელსაც თბილისის მერია წლების მანძილზე გვაწვდიდა”, – განაცხადა ჯაბა სამუშიამ.
მანვე ჟურნალისტებს კიდევ ერთხელ გააცნო საკრებულოს მიერ მომზადებული წერილი, რომელიც მერიის მოვალეობის შემსრულებელს, სევდია უგრეხელიძეს გუშინ გადაეგზავნა.
,,მივმართეთ ქალბატონ სევდიას, 2014 წლის ბიუჯეტისათვის გაწერილი პროექტები ჩაშლილი სახით წარმოადგინონ საკრებულოში. ვიმსჯელოთ სად რა თანხა იხარჯება და რა პრიორიტეტები დევს აღნიშნულ დოკუმენტში.
აუცილებლად უნდა ვიცოდეთ სად მიდის თითოეული თეთრი. ჩვენ აღარ დავუშვებთ, რომ თბილისელების ბიუჯეტი მერიამ ნაციონალური მოძრაობის პარტიული ინტერესებისთვის გახარჯოს”,- აღნიშნა ჯაბა სამუშიამ.
15.01.14