ტელეკომპანია “იმედთან” დაკავშირებით ბადრი პატარკაციშვილის ოჯახსა და წინა მთავრობას შორის გაფორმებული მემორანდუმის ავთენტური ვერსია საჯარო ხვალ გახდება , – ამის შესახებ ჟურნალისტებს მთავრიობის სხდომიდან გამოსულმა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განუცხადა.
მისი თქმით, დღეს მთავრობა გამოეხმაურა იმ მზაობას, რომელიც აქვს ინა გუდავაძეს და პატარკაციშვილის ოჯახის სხვა წევრებს, რომ წინა ხელისუფლების პირობებში მათთან გაფორმებული მორიგების ხელშეკრულება გახდეს საზოგადოებისთვის ცნობილი.
“ოჯახს აქვს ეს მზაობა და დღეს მთავრობის სხდომაზე ჩვენ ეს განვიხილეთ. რა თქმა უნდა, მთავრობის ყველა წევრს, პრემიერ-მინისტრის დასტურით, ასევე აქვს მზაობა, რომ ეს მორიგების ხელშეკრულება გახდეს საჯარო. ეს აქამდე ვერ მოხდებოდა, რადგან არ არსებობდა უფლებამოსილი პირი, რომელიც მთავრობის სახელით ამას გააკეთებდა. დღეს გადაწყდა, რომ ეს უფლებამოსილება მიენიჭება იუსტიციის მინისტრს”, – აღნიშნა წულუკიანმა.
მისივე თქმით, სწორედ ის დაასრულებს მოლაპარაკებებს, უკვე ოფიციალურად, ოჯახის წევრებთან ერთად და ხვალ დილით იუსტიციის სამინისტროში პატარკაციშვილის ოჯახის წევრებთან ერთად გაიმართება ბრიფინგი, სადაც ავთენტური ვერსია ამ ხელშეკრულების ორი ნაწილის და დოკუმენტების გახდება საზოგადოებისთვის ცნობილი.
ამასთან, წულუკიანმა აღნიშნა, რომ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე შინაგან საქმეთა სამინისტროსგან მოითხოვა დახმარება იმასთან დაკავშირებით, რომ თუკი ვინმე მთავრობისა და პატარკაციშვილის ოჯახისგან დამოუკიდებლად განიზრახავს, რომ რაღაც გაურკვეველი ასლები და დოკუმენტები გავრცელდეს, “ეს დოკუმენტები ვერ იქნება ჩათვლილი ავთენტურ დოკუმენტად და ეს ადამიანები დააზიანებენ ქვეყნის ინტერესს, რადგან მთავრობა არის ვალდებული, სანამ პროცედურები არ იქნება დაცული, ეს ხელშეკრულება, სავარაუდოდ, კიდევ რამდენიმე საათის განმავლობაში შენახული იყოს კონფიდენციალურად. “ამ პრინციპს იცავს პატარკაციშვილის ოჯახიც”, – განაცხადა წულუკიანმა.
მისივე თქმით, ვინც შეეცდება მსგავსი დოკუმენტების გავრცელებას, ამით დაინტერესდებიან შინაგან საქმეთა სამინისტროს საგამოძიებო ორგანოები. ისინი ასევე დაინტერესდებიან იმით, თუ ვინ არის წყარო ამგვარი დოკუმენტების გავრცელების.
16.01.14